კენიის მთავრობამ ნებართვა გასცა, განხორციელდეს ბაობაბის ხეების საკამათო ექსპორტი საქართველოში, ურეკის დენდროლოგიურ პარკში — წერს ადგილობრივი გამოცემა Nation.
საქმე ეხება ბაობაბის 8 ხეს, რომელიც უცხოურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადაეტანა კენიის კილიფის ოლქიდან. გარემოს დამცველთა პროტესტის ფონზე, ადგილობრივმა მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში ექსპორტი შეაჩერა, დასძინა რა, რომ შესაბამისი ლიცენზია არალეგალურად იყო გაცემული.
ადგილობრივი მედიის თანახმად, მოცემულობა მიმდინარე წლის იანვრის მიწურულს შეიცვალა, როცა კენიის სატყეო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გვასალიას, ბაობაბების საქართველოში გატანის ნებართვა მისცა.
თავის დროზე კილიფის მცხოვრებნი მედიას ეუბნებოდნენ, რომ სწორედ გვასალია ხელმძღვანელობდა იქ ჩასული უცხოელი კონტრაქტორების ჯგუფს, რომელმაც ბაობაბების მოძიება 2019 წლიდან დაიწყო და იყენებდა დრონებსაც, რათა “საუკეთესო” ხეები ამოერჩია.
Nation-ის მიხედვით, წერილში, რომლითაც კენიის სატყეო სამსახურმა გვასალიას ლიცენზიის გაუქმების მოხსნის შესახებ აცნობა, წერია, რომ ბაობაბი არ არის გადაშენების პირას მყოფი სახეობა, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხის მიხედვით. გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ ბაობაბი არ არის დაცული ხის სახეობა კენიაში.
სატყეო სამსახურის თანახმად, კილიფის საოლქო მთავრობამ გასცა ხეების ამოღების ნებართვა, მყიდველმა და ფერმერებმა კი — რომელთა მიწებზეც ექცევა ხსენებული ბაობაბები — ვაჭრობის მზადყოფნაზე მიუთითეს.
8 ბაობაბის წონა 500 000 კგ-მდეა.
რა ხდებოდა მანამდე
გასულ წელს ბაობაბების საქართველოში გატანის ლიცენზიის გაუქმება მოჰყვა კენიის პრეზიდენტის მოთხოვნას მთავრობისადმი, შეემოწმებინა კილიფის ოლქში ხეების ამოთხრის პროცესი.
სამინისტროს ცნობით, სწორედ ხსენებული ოლქის მოსახლეებსა და კერძო კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და ექსპორტზე გაეტანა საქართველოში.
დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის ხსენებული კომპანიის სახელი, ისევე, როგორც არაა ნახსენები ხეების ქართველი მესაკუთრის ვინაობა. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ იშვიათი, გიგანტური ხეების შეძენითა და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ტრანსპორტირებით დაინტერესებული ერთადერთი ადამიანი საქართველოში ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში შეიძინა გიგანტური ხეები, ამოთხარა და სხვადასხვა საშუალებით დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა.
გარემოს დაცვის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ ბაობაბის ხეები არ უნდა გასულიყო ექსპორტზე, სანამ მხარეებს შორის შეთანხმებები სათანადოდ არ დარეგულირდებოდა და ჰარმონიაში არ მოვიდოდა საერთაშორისო დოკუმენტებთან ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.
გარემოს დამცველები ბაობაბების საქართველოში ექსპორტს “ბიომეკობრეობას” უწოდებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კენიის ტერიტორიიდან იმ ხეების გატანას, რომლებიც ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის მრავალი მწერისთვის, რეპტილიისა თუ ფრინველისთვის.
თავად გიორგი გვასალიას თანახმად, მას შემდეგ დაიწყო ხეების ძიება, რაც გაიგო, რომ ადგილობრივები ბაობაბებს სამეურნეო მიზნებისთვის ჭრიდნენ.
ბაობაბები საქართველოსკენ
ბაობაბის ხე ასეულობით წელს ცოცხლობს და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უძლებს. ევროპაში ბაობაბის ნაყოფის ექსპორტის დაწყების შემდეგ, ეს უკანასკნელი “სუპერსაკვებად” აღიარეს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო.
იმისათვის, რომ ნაყოფი გამოისხას, ბაობაბს ორი ათწლეული სჭირდება. ამის გამო ზოგიერთი ფერმერი სწრაფ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს, ხის გაყიდვისა და იქ სიმინდისა თუ სხვა მარცვლეულის დათესვის გზით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ბაობაბები შემოაქვთ. ერთ-ერთი ხე დადგეს სასტუმრო “პარაგრაფში”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტია.
ამასთან, 2018 წლის სექტემბერში ბრიტანული გამოცემა EveningStandard იუწყებოდა, რომ ივანიშვილს კენიიდან კიდევ ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ხე მოჰქონდა.
გარეკანის ფოტო: Edwin Ndeke/The Guardian