ახალი ამბები

კენიამ გააუქმა ლიცენზია, რომლითაც ბაობაბები საქართველოში უნდა წამოეღოთ

22 ნოემბერი, 2022 • 2375
კენიამ გააუქმა ლიცენზია, რომლითაც ბაობაბები საქართველოში უნდა წამოეღოთ

კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ გააუქმა ლიცენზია, რომლის ძალითაც უცხოურ კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და საქართველოში წაეღო.

გადაწყვეტილება მოჰყვა ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნას სამინისტროსადმი, შეემოწმებინა კილიფის ოლქში ბაობაბის ხეების ამოთხრის პროცესი.

სამინისტროს ცნობით, სწორედ ხსენებული ოლქის მოსახლეებსა და კერძო კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და ექსპორტზე გაეტანა საქართველოში.

დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის ხსენებული კომპანიის სახელი, ისევე, როგორც არაა ნახსენები ხეების ქართველი მესაკუთრის ვინაობა. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ იშვიათი, გიგანტური ხეების შეძენითა და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ტრანსპორტირებით დაინტერესებული ერთადერთი ადამიანი საქართველოში ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში შეიძინა გიგანტური ხეები, ამოთხარა და სხვადასხვა საშუალებით დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა.

კენიის გარემოს დაცვის მინისტრის თანახმად, უცხოურმა კომპანიამ ისე დაიწყო ხეების ამოთხრა, რომ შესაბამისი ნებართვა არ ჰქონია. განცხადების მიხედვით, შემდეგ კომპანიამ მოიპოვა ლიცენზია, თუმცა “არალეგალურად” იყო გაცემული.

აქედან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებით, უქმდება როგორც ხეების მიწიდან ამოღების, ისე მათი ტრანსპორტირების ლიცენზიები.

მიწიდან ამოთხრილი ბაობაბი კილიფში. The Guardian-ის თანახმად, ამოთხრილ ხეებს, ექსპორტის მოლოდინში, უსაფრთხოების სამსახური იცავდა. ფოტო: Edwin Ndeke/The Guardian

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმდა, რომ ბაობაბის ხეები არ უნდა გავიდეს ექსპორტზე, სანამ მხარეებს შორის შეთანხმებები სათანადოდ არ დარეგულირდება და ჰარმონიაში არ მოვა საერთაშორისო დოკუმენტებთან ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, მინიმუმ 8 ხე ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი კერძო მიწებიდან გაყიდეს ფასებში, რომლებიც $800-დან $2400-მდე მერყეობს.

უცნობია, უკვე ამოთხრილია თუ არა ყველა ზემოხსენებული ხე.

კილიფის მოსახლეობა The Guardian-ს ეუბნებოდა, რომ იქ ჩასული უცხოელი კონტრაქტორების ჯგუფს საქართველოს მოქალაქე გიორგი გვასალია ხელმძღვანელობდა. ბაობაბების მოძიება ჯგუფმა 2019 წელს დაიწყო და იყენებდა დრონებსაც, რათა “საუკეთესო” ხეები ამოერჩია.

როგორც გამოცემა წერს, გვასალია გეგმავს, საქართველოს ბოტანიკურ ბაღებში დარგოს ბაობაბები.

გარემოს დამცველები ბაობაბების საქართველოში ექსპორტს “ბიომეკობრეობას” უწოდებენ და ეწინააღმდეგებიან კენიის ტერიტორიიდან გატანას ხეებისა, რომლებიც ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის მრავალი მწერისთვის, რეპტილიისა თუ ფრინველისთვის.

თავად გვასალიას თქმით, მას შემდეგ დაიწყო ხეების ძიება, რაც გაიგო, რომ ადგილობრივები ბაობაბებს სამეურნეო მიზნებისთვის ჭრიდნენ.

“ისინი კლავდნენ [ხეებს] ჩემ გარეშეც, რადგან მათ სიმინდის დათესვა სურთ… ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, თუ გადავარჩენთ ხეს, რომელსაც ვერ გამოიყენებენ შეშისა თუ ნახშირისთვის”, — აღნიშნავდა ის.

ბაობაბის ხე ასეულობით წელს ცოცხლობს და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უძლებს. ევროპაში ბაობაბის ნაყოფის ექსპორტის დაწყების შემდეგ, ეს უკანასკნელი “სუპერსაკვებად” აღიარეს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო.

იმისათვის, რომ ნაყოფი გამოისხას, ბაობაბს ორი ათწლეული სჭირდება. ამის გამო ზოგიერთი ფერმერი სწრაფ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს, ხის გაყიდვისა და იქ სიმინდისა თუ სხვა მარცვლეულის დათესვის გზით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ბაობაბები შემოაქვთ. ერთ-ერთი ხე დადგეს სასტუმრო “პარაგრაფში”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტია.

ამასთან, 2018 წლის სექტემბერში ბრიტანული გამოცემა EveningStandard იუწყებოდა, რომ ივანიშვილს კენიიდან კიდევ ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ხე მოჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი