ახალი ამბები

[ბლინკენის] განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები — კობახიძე

5 აპრილი, 2023 • 1508
[ბლინკენის] განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადების უკან „კორუფციული პროცესები“ დგას.

კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ინფორმაცია მიაქვს, „სახელმწიფო მდივანიც გასვარეს“.

„მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში ფული არ იგულისხმება მარტო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდად მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომელთაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე. ჩვენ ყველა გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს. მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვს ასეთი მძიმე დოკუმენტები, ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე“, — განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კორუფციულ ინტერესებზე მიანიშნებს რამდენიმე ფაქტი. მან მაგალითად დაასახელა „რუსთავი 2“-ის საქმე.

„მაშინ იყო მთელი შტურმი სასამართლო სისტემაზე. ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ამ შტურმში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, „ნაცმოძრაობის“ თუ მასთან დაკავშირებული ყველა პარტიის ლიდერი და ა.შ. მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სასამართლოს მიერ გამოყენებულმა დროებითმა ზომამ მისცა ნიკა გვარამიას რ2-ის 7 მილიონით გაძარცვის საშუალება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ კამპანიაში, კობახიძის თქმით, ჩართული იყო აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი.

„მიზეზი იყო ერთადერთი — პოლიტიკური ინტერესი იყო უცხოელი აგენტების და მათი პატრონების მხარეს, რომ „რუსთავი 2“ არ დაჰბრუნებოდა კანონიერ მფლობელს და დარჩენილიყო „ნაცმოძრაობის“ ხელში. თუმცა საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ყველა ეს ადამიანი იყო მტყუანი — სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, — განაცხადა კობახიძემ.

მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის კიდევ ერთ მცდელობად კობახიძემ დაასახელა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმე, რომელიც აშშ-ის პროგრამიდან მოხსნეს.

„პირდაპირ დაიბარეს, მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და შეუზღუდეს კონკრეტულ ვიზიტში წასვლა, რაც არის უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც არავის უკადრია 2012 წლის შემდეგ. მაშინ ჩვენ პირი მოვწმინდეთ ვიღაცებს და ვთქვით, ამას არ იკადრებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტის კადრებაც შესაძლებელი ყოფილა“, — განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, სასამართლოს სტიგმატიზირება ხდება ძირითადად უცხოელი აგენტების ხელით, მაგრამ არამარტო.

ირაკლი კობახიძის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინტერესი, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო განცხადება, აჩვენებს, რომ „სახელმწიფოდ არ გვიყურებენ“.

„არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები — ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დროებითია“, — თქვა მან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი