საზოგადოება

ცნობს თუ არა საქართველო რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად?

22 ნოემბერი, 2022 •
ცნობს თუ არა საქართველო რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად?

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაერთი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის პარლამენტმა პუტინის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა. „ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, შეუერთდება თუ არა საერთაშორისო ტენდენციას საქართველო, რომელიც რუსეთის ტერორის ერთ-ერთი პირველი ობიექტი გახდა?

რა ხდება?

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის წევრებს მოუწოდებს, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.

23 ნოემბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ყველა ოფიციალური ორგანო, განსაკუთრებით პრეზიდენტი, თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის არმია, უნდა განიხილებოდეს როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, ყველა შემდგომი შედეგით. შესაბამისად, მოუწოდებს საბჭოს, აღიაროს რუსეთის არმია და მისი მარიონეტები, როგორიცაა ვაგნერის ჯგუფი, ტერორისტულ აქტებში მონაწილე ორგანიზაციად და განიხილოს სამართლებრივი ზომები და დამატებითი სანქციები რუსეთის იზოლაციისთვის.

ევროპის საბჭო იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის საპარლამენტო ასამბლეამაც (PACE) რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად ცნო. საერთაშორისო ორგანიზაციების პარლამენტების გარდა, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოცხადებული აქვს 6 ქვეყნის — უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი — საკანონმდებლო ორგანოს. კიევისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებების ფონზე მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აღიარებენ, სულ უფრო გაიზრდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას

„სწორი იქნება, თუ თქვენი პარლამენტები რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადებენ, როგორც ეს გააკეთეს ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტებმა. სწორი იქნება, თუ თქვენი ქვეყნები მუდმივად გააძლიერებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ანტიევროპული ძალა გახდა. სწორედ სანქციების მუდმივი გამკაცრება არ მისცემს ტერორისტულ სახელმწიფოს ადაპტაციის და ტერორის უზრუნველსაყოფად ახალი გზების პოვნის საშუალებას“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლისას.

რას აპირებს საქართველო?

„ნეტგაზეთმა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ჰკითხა, საქართველოს პარლამენტიც განიხილავს თუ არა რუსეთის რეჟიმის ტერორისტულად გამოცხადებას. დეპუტატების ნაწილი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ აქვთ.

რატი იონათამიშვილი: „რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც არაერთი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობაში უხეშად და უსამართლოდ ერევა, არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო ის, რომ თუნდაც სტრასბურგის სასამართლოში რუსეთს დარქმეოდა ოკუპანტი და მთელი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე დაკისრებოდა. ასევე, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ ჰააგის სასამართლოში. ცხადია, განვაგრძობთ ამ მიმართულებით მუშაობას. რაც შეეხება უშუალოდ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენთვის საინტერესო იქნება ის გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიიღებენ“.

დავით მათიკაშვილი: რუსეთთან მიმართებით დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველომ ძალიან ბევრი ქარტეხილი გადაიარა და ვისთვის და ვისთვის, ჩემი ქვეყნისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი. ასე რომ, ასეთად [ტერორისტულად] მიიჩნევს თუ არ მიიჩნევს, ქვეყანაში რამდენიმე ომი, 20%-ის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაგრძელება არის ის მოცემულობა და სურათი, რომელიც არის რეალობა. მიჩნევა და აღქმების დონეზე საკითხების გადაწყვეტა ამ რეალობას არანაირად არ ცვლის.

ნეტგაზეთის კითხვას პროვოკაციულად მიიჩნევს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, რომელმაც განგვიცხადა:

„ეს არის პროვოკაციული კითხვა. ამაზე ჩვენი პოზიცია იცით. საქართველოს პარლამენტი განიხილავს თუ არა, თქვენ თვითონ ნახავთ. ჩვენთვის დღეს დიახ, რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ანალოგიურ აგრესიას ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს. სხვა დანარჩენი არის სპეკულაციები და პროვოკაციული კითხვები“, — გვეუბნება გიორგი ამილახვარი, თუმცა არ გვიხსნის, რაში მდგომარეობს კითხვის პროვოკაციულობა.

რას ცვლის რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება?

უკრაინა არის გამონაკლისი, რომელსაც რუსეთი კანონის დონეზე ჰყავს ტერორისტულ (2022 წელს) სახელმწიფოდ გამოცხადებული. აღნიშნული კანონი უზრუნველყოფს უკრაინის დაცვას საინფორმაციო სივრცეში, კრძალავს რუსული ნეონაცისტური სიმბოლოების (მათ შორის, V და Z) გამოყენებას და რუსეთს აღიარებს ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომლის პოლიტიკური რეჟიმის მიზანია უკრაინელი ხალხის გენოციდი.

სხვა შემთხვევებში ადგილი აქვს პარლამენტის რეზოლუციის მიღებას, რომელსაც გააჩნია არა სავალდებულო სამართლებრივი, არამედ სარეკომენდაციო ხასიათი და პოლიტიკური დატვირთვა. საპარლამენტო რეზოლუცია არ არის იმავე მნიშვნელობის, რაც მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება, რასაც უკრაინა ითხოვს, თუმცა ვაშინგტონი ამ დრომდე თავს იკავებს. შეერთებულ შტატებში ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს კონცეფცია საკანონმდებლო დონეზე არის განსაზღვრული და ასეთი სახელმწიფოების მიმართ მთელ რიგ კონკრეტულ ზომებს ითვალისწინებს, მათ შორის, აშშ-ის საგარეო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვის პროდუქციის ექსპორტისა და რეალიზაციის აკრძალვას, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის კონტროლსა და ფინანსური და სხვა შეზღუდვების დაწესებას. ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებთან ვაჭრობის მქონე ქვეყნებს და პირებს, შესაძლოა, ასევე დაუწესდეს სანქციები. აშშ-ის მიერ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად გამოცხადებულია კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.

უკრაინა ითხოვს რუსეთისა და ბელარუსის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად გამოცხადებას, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალების ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას. ზელენსკის თქმით, საჭიროა რუსეთის ტერორისტულ სახელმიწიფოდ ცნობა „ყველა დონეზე“. შეიარაღებული ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად განსაზღვრა თითოეულ სახელმწიფოების მიერ ხდება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით და ასეთი ორგანიზაციების მიმართ პოლიტიკას ეროვნული კანონმდებლობა განსაზღვრავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი