“კატარი მზად არის, ეს იქნება საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი”, — მიმართა Fifa-ს პრეზიდენტმა 19 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში მოწყობილ პრესკონფერენციაზე მყოფ 400-მდე ჟურნალისტსა და ოპერატორს.
უჩვეულო, 54-წუთიანი მონოლოგის დროს, ჯანი ინფანტინო შეეცადა, დაეცვა როგორც კატარი, ისე გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც წლევანდელი მსოფლიო თასი სპარსეთის ყურის პატარა, თუმცა ნავთობით უმდიდრეს ქვეყანაში ტარდება.
კატარმა მილიარდები არ დაიშურა იმისთვის, რომ ამ მასშტაბის სპორტული ღონისძიებისთვის შესაბამისად ემასპინძლა.
მიუხედავად ამისა, Fifa-ს ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, რომელმაც 2010 წელს საზოგადოებას ამცნო, რომ 2022 წლის მსოფლიო თასი კატარში ჩატარდებოდა, ახლა ამბობს, რომ ეს “შეცდომა” და “ცუდი არჩევანი” იყო.
თავისი მოსაზრების დასაბუთებისას ბლატერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან პატარა ქვეყანაა იმისათვის, რომ ჩემპიონატს უმასპინძლოს. თუმცა, ის, რის გამოც მსოფლიო თასის კატარში მრავალი აკრიტიკებს, ლოჯისტიკურ საკითხებზე მეტად, სხვა პრობლემებს მიემართება:
კერძოდ, მძიმე სურათს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია ფასთან, რომელიც კატარში სარჩოს საძიებლად ჩასულმა მრავალმა მუშამ გადაიხადა ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას.
შთამბეჭდავი მშენებლობების მიღმა
კატარმა, რომლის ფართობიც სულ 260 კვ.კმ-თი აღემატება კახეთს, უახლოეს 1 თვეში უნდა უმასპინძლოს მსოფლიოში უდიდეს სპორტულ მოვლენას, მაყურებელთა უზარმაზარი რაოდენობით და არატრადიციული თარიღით — ზაფხულის ნაცვლად ზამთარში, მისთვის დამახასიათებელი ძლიერი სიცხის გამო.
როცა მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს, კატარს 12 წელი მიეცა, რათა განეხორციელებინა, როგორც გამოცემა Business Insider უწოდებს, ყველაზე მსხვილი ინფრსატრუქტურული პროექტი მსოფლიო თასის ისტორიაში.
ამ ხნის განმავლობაში კატარმა ააშენა 7 სტადიონი, სასტუმროები, გაიყვანა ახალი გზები და სარკინიგზო ხაზები, ასევე, გააფართოვა აეროპორტი.
ყოველივე ამისათვის ქვეყანამ მოაბილიზა ასობით ათასი შრომითი მიგრანტი, რომლებიც კატარის სამუშაო ძალის 90%-ს შეადგენენ და ბევრად სჭარბობენ იმ მაცხოვრებელთა რიცხვს(300 000), რომელთაც კატარის მოქალაქეობა აქვთ.
ხარჯები, რომლებიც ქვეყანამ მსოფლიო თასისათვის მოსამზადებლად გასწია, $220 მილიარდად — ზოგ შემთხვევაში, მეტადაც — ფასდება. თუმცა, მედიისა და აქტივისტების ცნობები აშკარას ხდის ამ და სხვა პროექტების ადამიანურ ფასსაც, რომლის გადახდაც კატარში მყოფ შრომით მიგრანტებს უწევთ.
მუშები ლუსაილის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დროს დოჰაში. ფოტო: EPA
ბრიტანული The Guardian-ის 2021 წლის გამოძიების თანახმად, 2010 წლიდან კატარში დაიღუპა 6 500-ზე მეტი შრომითი მიგრანტი 5 ქვეყნიდან — სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტებით, ავტოავარიებით, სუიციდითა თუ სხვა მიზეზებით, მათ შორის, სიცხით.
“ზოგიერთ მათგანი არის მუშა, რომელიც სტადიონის სამშენებლო მოედანზე ჩამოვარდა და იქიდან გაყვანის შემდეგ დაიღუპა. სხვები დაიღუპნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, როცა კომპანიის ავტობუსით სამუშაო ადგილას მიდიოდნენ.
და ბევრი სხვა გარდაიცვალა მოულოდნელად, აუხსნელად, შრომით ბანაკებში” — უთხრა ბრიტანული გაზეთის გამოძიებაში მონაწილე ჟურნალისტმა პიტ პატისონმა ამერიკულ რადიო NPR-ს.
თუმცა, კატარის მთავრობა აცხადებს, რომ ხსენებული მონაცემი შეცდომაში შემყვანია, რადგან ყველა ეს ადამიანი მსოფლიო თასთან დაკავშირებულ მშენებლობებზე არ საქმიანობდა.
Amnesty International-ის მიხედვით, მუშების დაღუპვის შემთხვევათა 70%-ს კატარის ხელისუფლება ვერ ხსნის და ბუნებრივ სიკვდილად აცხადებს, გამოწვეულს გულის ან სუნთქვის უცაბედი და აუხსნელი უკმარისობით.
“პრობლემა ის არის, რომ მთავრობამ უარი თქვა ავტოფსიების ჩატარებაზე. მათ არ სურდათ, გაეგოთ სიკვდილის მიზეზი, რადგან გაცხადდებოდა, რომ მისი აცილება შესაძლებელი იყო”, — ეუბნება Business Insider-ს მინკი უორდენი, ორგანიზაცია Human Rights Watch(HRW)-ის გლობალური ინიციატივების დირექტორი.
ხელისუფლების თანახმად, 2014 წლიდან, როცა სამუშაოები დაიწყო, სტადიონების მშენებლობის ადგილას “სამუშაოსთან დაკავშირებული” გარდაცვალების მხოლოდ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული, 37 სხვა შემთხვევა კი სამშენებლო ობიექტების გარეთ დაფიქსირდა და არ არის “სამუშაოსთან კავშირში”.
The Guardian-ის ცნობით, ესაა ერთ-ერთი ოთახი, სადაც მსოფლიო თასის სტადიონების მშენებლობებზე დასაქმებულები ცხოვრობდნენ. ფოტო: Pete Pattisson/The Guardian
კატარში შრომით მიგრანტთა მძიმე მდგომარეობა სცდება მხოლოდ მსოფლიო თასის საკითხს და მეტად სისტემურია. ქვეყანაში ბოლო წლებამდე მოქმედებდა ე.წ. ქაფალას სისტემა, რომლის პირობებშიც დასაქმებული, დიდწილად, დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ ექცეოდა: არ შეეძლო სამუშაო ადგილის შეცვლა ან ქვეყნის დატოვება მისი ნებართვის გარეშე.
“თუ შენი დამსაქმებელი მოძალადეა, წასასვლელი არსად გაქვს”, — დასძენს მინკი უორდენი ქაფალას სისტემაზე საუბრისას, რომელსაც “თანამედროვე მონობას” უწოდებს.
უკანასკნელ წლებში ხელისუფლებამ შრომითი უფლებების კუთხით რეფორმები გაატარა, ქაფალას სისტემა აკრძალა და მინიმალური ხელფასიც დააწესა. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, ცვლილებები არასისტემატურია და მრავალ დარღვევას ჯერაც აქვს ადგილი.
“ბევრი მუშა, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო და უსაფრთხოების სექტორში, კვლავ ექვემდებარება პირობებს, რომლებიც იძულებით შრომას უტოლდება.
შინამოსამსახურეები კვლავ მუშაობენ 14-დან 18 საათამდე დღეში, ყოველკვირეული დასვენების გარეშე და იზოლირებულნი არიან კერძო სახლებში”, — წერს Amnesty International.
დისკრიმინაცია ქალებისა და ლგბტ ადამიანების მიმართ
“ჩვენ ყველას მივესალმებით, თუმცა ასევე ველით და გვინდა, ხალხმა პატივი სცეს ჩვენს კულტურას”, – ასე უპასუხა კატარის ამირმა, თამიმ ბინ ჰამად ალსანიმ კითხვას, ლგბტ ადამიანებსაც შეუძლიათ თუ არა მსოფლიო თასზე კატარში ჩასვლა.
ის, რასაც ამირი “კულტურას” უწოდებს, რეალურად წარმოადგენს ჩანაწერებს კატარის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა მიხედვითაც ჰომოსექსუალობა ქვეყანაში კრიმინალიზებულია.
HRW-ს 2022 წლის ოქტომბრის ანგარიშში აღრიცხულია უსაფრთხოების ძალების მიერ საზოგადოებრივ ადგილებში ლგბტ ადამიანების დაკავების ფაქტები, სასტიკად ცემის 6 და სექსუალურად შევიწროების 5 შემთხვევა საპატიმროებში 2019-2022 წლებში.
მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა კატარში, ხალიდ სალმანმა მედიას უთხრა, რომ ჰომოსექსუალობა “ტვინის დაზიანებაა”.
უფლებადამცველთა თანახმად, მიუხედავად კატარელ ქალთა მრავალი წარმატებისა აკადემიური თუ პროფესიული კუთხით, ისინი დისკრიმინაციას განიცდიან როგორც კანონმდებლობით, ისე — რეალურ ცხოვრებაში.
ორგანიზაციის მიერ რიგი კანონების გაანალიზების შემდეგ გაირკვა, რომ ქალებს სჭირდებათ კაცი “მეურვეების” — მამების, ძმების, ბიძებისა და ქმრების ნებართვა — მრავალი საბაზისო უფლებით სარგებლობისთვის.
შვეიცარული საფეხბურთო კლუბის “ციურიხი” გულშემატკივართა საპროტესტო ბანერი, კატარის ბოიკოტის მოწოდებით. ფოტო: EPA
ქალებმა კვლევის ავტორებს უამბეს, როგორ აუკრძალეს “მეურვეებმა” მანქანის მართვა, მოგზაურობა, სწავლა, მუშაობა თუ დაქორწინება მათთვის სასურველ პირებზე.
კატარის ხელისუფლებამ ანგარიშს “არაზუსტი” უწოდა და თქვა, რომ ის არ განასახიერებს ქვეყნის კონსტიტუციურ კანონებსა და პოლიტიკას. მანვე მედიას უთხრა, რომ ანგარიშში მოცემულ ყველა შემთხვევას შეისწავლიდა და დამნაშავეებს დასჯიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, გულშემატკივარმა და ცნობილმა სახემ თქვა, რომ კატარში პრინციპულად არ ჩავა, ევროპის ზოგ ქალაქში კი გადაწყვიტეს, პროტესტის ნიშნად მატჩები არ აჩვენონ საჯარო თავშეყრის ადგილებში.
არის მოსაზრებაც, რომ კატარის მსგავს კონსერვატიულ ქვეყნებში ჩემპიონატის ჩატარება კარგი იდეაა იქ არსებულ ვითარებაზე ნათელის მოსაფენად.
“მაგრამ ბევრი თვლის, რომ Fifa-ს თვალთმაქცობაა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება აიღოს თავის წესდებაში და ამავე დროს მსოფლიო თასის მასპინძლის სტატუსი მიანიჭოს ქვეყნებს, სადაც ზოგიერთი ადამიანი კანონთან წინააღმდეგიბაში მხოლოდ იმით მოდის, რომ არის ის, ვინც არის”, — წერს BBC.
როგორ შეარჩიეს კატარი და როგორ იცავენ მას
“ფიფას” წარმომადგენლებმა კატარი 5 ქვეყანას შორის გამოარჩიეს. თავად კატარის გარდა, განიხილებოდა აშშ-ის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ავსტრალიის კანდიდატურები.
წლების განმავლობაში ფიფას წარმომადგენლებს, ისევე როგორც მსოფლიო თასის სხვა ორგანიზატორებს, ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს კატარისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.
როგორც BBC წერს, ბრალდებები დღემდე დაუმტკიცებელია, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით ფაქტს, რომ “ფიფას” აღმასრულებელი კომიტეტის 22 წევრიდან, რომელმაც 12 წლის წინ მასპინძელი ქვეყნის შერჩევას ხმა მისცა, უმეტესობა ან ორგანიზაციიდან გარიცხეს, ან კორუფციაზე ბრალი წაუყენეს.
“ფიფას” გამოძიებამ კატარი ჯერ კიდევ 2014 წელს გაამართლა კორუფციის საქმეზე, რამაც საბოლოოდ განამტკიცა სპარსეთის ყურის პატარა ქვეყნის, როგორც მასპინძლის სტატუსი.
2020 წელს ამერიკელმა პროკურორებმა “ფიფას” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დაადანაშაულეს ქრთამის აღებაში როგორც კატარის, ისე რუსეთის წარმომადგენლებისგან. ბრალდება უარყო როგორც კატარმა, ისე რუსეთმა, სადაც 2018 წელს ჩატარდა ჩემპიონატი.
ჯანი ინფანტინო, რომელიც 2016 წელს დაინიშნა “ფიფას” პრეზიდენტად, ადამიანის უფლებების გამო დასავლეთის მიერ კატარის კრიტიკას “ფარისევლობას” უწოდებს და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
ჯანი ინფანტინო. ფოტო: EPA
შვეიცარიაში დაბადებული ინფანტინოს თქმით, ჯერ ევროპის ქვეყნებმა უნდა მოიბოდიშონ თავიანთ ისტორიაში ჩადენილი ქმედებების გამო, ვიდრე “მორალის გაკვეთილებს” წაიკითხავენ.
“თუ ევროპას ნამდვილად აინტერესებს ამ ხალხის ბედი, მათ შეუძლიათ შექმნან ლეგალური არხები – როგორც ეს კატარმა გააკეთა – რომლის პირობებშიც ამ მუშათა [გარკვეული] რაოდენობა შეიძლება მოვიდეს ევროპაში სამუშაოდ”.
“მიჭირს კრიტიკის გაგება. ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ამ ადამიანების დასახმარებლად, განათლებაში და მივცეთ უკეთესი მომავალი და მეტი იმედი… ბევრი რამ არ არის სრულყოფილი, მაგრამ რეფორმას და ცვლილებას დრო სჭირდება”, — თქვა მან.
მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 1 თვეს გაგრძელდება. სხვა საკითხებთან ერთად, კითხვები ისმის იმაზეც, სად იცხოვრებს კატარში მატჩებზე დასასწრებად ჩასული დიდძალი ოდენობის მაყურებელი, რომელთაგან ზოგიერთი საცხოვრებელი ფართების სიძვირეზე ჩივის.
ნაკადზე გასამკლავებლად, ბინებისა და სასტუმრო ოთახების გარდა, კატარმა ასევე მოამზადა საკრუიზო გემები და ვილები, ისევე როგორც უდაბნოში მოწყობილი კაბინები და კარვები. ჩანიშნულია ფრენებიც მეზობელ ქვეყნებში, რათა სტუმრებს მატჩიდან მატჩამდე იქ დარჩენის საშუალება მიეცეთ.
ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 2 დღე რჩებოდა, როცა Fifa-მ მოულოდნელად თქვა, რომ სტადიონებზე ალკოჰოლი არ გაიყიდება. მუსლიმურ ქვეყანაში ჩასულ გულშემატკივარს, სადაც მკაცრად კონტროლდება ალკოჰოლის რეალიზაცია, მისი ყიდვა ლიცენზირებულ სივრცეებსა და სტადიონების შიგნით მოწყობილ ძვირადღირებულ ლუქსებში შეეძლება.
არადა, გასულ წლებში კატარი თანხმდებოდა ლუდის გაყიდვის დაშვებას ჩემპიონატის დროს. უკანასკნელ პერიოდში ეს პირობა სულ უფრო ვიწროვდებოდა, საბოლოოდ კი ისეთი სახე მიიღო, როგორიც ახლა აქვს.