ახალი ამბები

„ოპოზიცია ცდილობს, სპორტი პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს“ — კობახიძე

10 აპრილი, 2024 • 780
„ოპოზიცია ცდილობს, სპორტი პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს“ — კობახიძე

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ“, — აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

კობახიძე ოპონენტებს ადანაშაულებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივე ხელწერა აქვთ ახლა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კობახიძე წერს, რომ ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გააერთიანა და ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია — პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

„როდესაც 30 წლისთავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა. კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ.

სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც“, — აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ „სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას“.

კობახიძის პოსტს წინ უძღოდა ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 9 აპრილს „ინსტაგრამზე“ გააზიარა ევროკავშირის დროშიანი ბავშვის (სავარაუდოდ, დისშვილის) ფოტო რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული მარშიდან. მალევე მისი ანგარიში ამ სოცქსელში წაიშალა, იგივე ფოტო კი „ფეისბუქში“ ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა გადააზიარა.

„ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია”, – დაწერა როინ ქოჩორაშვილმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“ — გახარიას პარტიის წარმომადგენელი და მის აქტივობაში გასაკვირი არაფერია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ როინ ქოჩორაშვილი გახარიას პარტიის წევრია, ე.ი. „ნაცმოძრაობაა“.

„გიორგი ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა და კიდევ ისეთებს გაიტანს, რომ აწი პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“, ყველა ქართველს მაინც გვეყვარება. ისეთი ისტორია შექმნა, რომ პოლიტიკაში არასწორი მესიჯი რომ გაახმოვანოს – ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს – პირადად მე მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. ვიღაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება და ვიღაც – არა, ეს არ მაინტერესებს“, — განაცხადა მდინარაძემ.

ამ თემაზე:

ქოჩორაშვილის მამა: ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია და სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ის შეუცვლელია

მასალების გადაბეჭდვის წესი