ახალი ამბები

კობახიძემ ეკონომიკის მინისტრს ევრო 2024-სთვის დამატებით იაფი რეისების დანიშვნა დაავალა

8 აპრილი, 2024 • 488
კობახიძემ ეკონომიკის მინისტრს ევრო 2024-სთვის დამატებით იაფი რეისების დანიშვნა დაავალა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით გერმანიაში დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე დაბალი ტარიფი.

კობახიძის თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის:

„18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია – მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე, რამდენჯერმე გაიზარდა რიგ შემთხვევაში ფასები.

მე მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ დაბალი ფასებით“— თქვა ირაკლი კობახიძემ.


ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში იმართება. ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე წელს საქართველოც იასპარეზებს. პირველ მატჩს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი