საზოგადოება

კანონიერია თუ არა დეპუტატის მიერ ტელევიზიის წილის ფლობა

4 ოქტომბერი, 2022 • 981
კანონიერია თუ არა დეპუტატის მიერ ტელევიზიის წილის ფლობა

მედიასამართლის სპეციალისტების თანახმად, პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს არ აქვს უფლება, ტელევიზია „პოსტივიში“ წილს ფლობდეს. ჯაფარიძე აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ჯაფარიძე არ არის საჯარო მოხელე ან პარტიის თანამდებობის პირი, ამიტომ მის მიერ მაუწყებლის წილის შეძენა არ ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

სპეციალისტები კი მიუთითებენ, რომ კომისიამ საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს და საკითხი შეისწავლოს.

რა ხდება?

იმის პარალელურად, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს, „ხალხის ძალას“ შეუერთდა, უმრავლესობის წევრმა პარლამენტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელევიზია „პოსტივის“ საკონტროლო პაკეტი, 52% შეისყიდა [520 000 ლარად].

საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო განცხადება 3 ოქტომბერს მიიღო და წარმოება 4 ოქტომბერს დაასრულა, რის შედეგადაც ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაში შევიდა.

მამუკა ანდღულაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ ტელევიზიის ფლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სტანდარტი და პრაქტიკა, რითაც ჯაფარიძეს ეკრძალება ტელევიზიის წილის საკუთრებაში ფლობა.

რას ამბობს ჯაფარიძე?

კოალიცია მიუთითებს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს არც პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, არც ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი და არც „სხვა საჯარო მოხელე“.

„პოსტივის“ სამაუწყებლო ლიცენზიის/ავტორიზაციის ნომერია BR-5071. ჯაფარიძე ტელეკომპანიის წილების 52%-ს ფლობს.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის საჯარო მოხელე არ არის და კანონის ეს ჩანაწერი მასზე არ ვრცელდება:

„მე კანონი არ დამირღვევია, კანონიერად გავაკეთე ყველაფერი. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ, შეიტანონ სარჩელი სასამართლოში“, – განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

„არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს“ – ComCom

კომუნიკაციების კომისიიდან „ნეტგაზეთს“ მისწერეს, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, მართალია, მაუწყებლის ბენეფიციარი მესაკუთრე (წილის მფლობელი) არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ასევე ადმინისტრციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ხოლო საჯარო სამსახურის კანონის თანახმად დეპუტატი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს.

„შესაბამისად, ვინაიდან ვიქტორ ჯაფარიძე არ წარმოადგენს არც საჯარო მოხელეს და არც ადმინისტრაციული ორგანოს ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს, მის მიერ მაუწყებლის წილის შეძენა არ ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

მსგავსი შემთხვევა და განსხვავებული მიდგომა

მედიასამართლის სპეციალისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიაპროგრამის ხელმძღვანელი, მამუკა ანდღულაძე იხსენებს, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2016 წელს, როდესაც ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელი კომპანია „ბენმონტის“ 30%-ს ნატო ჩხეიძე ფლობდა, – რომელიც პარლამენტარი გახდა, – ხოლო 70%-ს ფლობდა მისი მეუღლე ზაზა ოქუაშვილი, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

ამის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლების ცვლილების მოთხოვნით წერილი გაუგზავნა.

კომისიის მაშინდელ განმარტებაში წერია, რომ ოქუაშვილი, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრი, ჩხეიძე კი, რომელიც პარლამენტარი იყო, ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან და ეს წინააღმდეგობაში მოდის კანონის ზემოხსენებულ ნორმასთან.

მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ „მოქმედი დეპუტატი, კომისიის განმარტებითვე, არ უნდა იყოს ავტორიზებული პირის მფლობელი“ და „კომუნიკაციების კომისიამ უნდა გაითვალისწინოს თავისივე პრაქტიკა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედია იყოს დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და იყოს დაშორებული პოლიტიკური ზეგავლენისგან“, – ამბობს იგი.

„მედიის ადვოკატირების კოალიციაც“ მიიჩნევს, რომ კომისიამ „პოსტივის“ წილების გასხვისების საკითხი უნდა შეისწავლოს.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ჯაფარიძემ თქვა, რომ “იბერიას” შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვს და გაიმეორა, რომ კანონი არ დაურღვევია.

„ნეტგაზეთმა“ კომუნიკაციების კომისიას ჰკითხა, რით განიმარტება ამ ორ, „იბერიის“ და „პოსტივის“, შემთხვევაში კომისიის მიდგომებში განსხვავება? კომისიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

[აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შემთხვევის შემდეგ, საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ წილები შვილებს აჩუქეს, რითაც კანონის ფორმალური მოთხოვნა აღსრულდა].


ახალი წევრების წარდგენისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯაფარიძის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შესყიდვა ხელს შეუწყობთ „სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ“ მიტანაში.

ჟურნალისტების კითხვაზე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აინტერესებს ეს ბიზნესი, მოსწონს არხის სარედაქციო პოლიტიკა და ამიტომ შეისყიდა საკონტროლო პაკეტი.

„პოსტივის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, შავლა რამიშვილმა მოგვიანებით ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება ტელევიზიის სახელით, სადაც წერია, რომ ტელევიზიამ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი ღიად დაუჭიროს „ხალხის ძალას“:

„არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლათფორმა“, – აცხადებს იგი.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი