საზოგადოება

“ერთი სხეულის ორი ხელი” – რა გეგმების აქვს „ხალხის ძალას“

4 ოქტომბერი, 2022 • 740
“ერთი სხეულის ორი ხელი” –  რა გეგმების აქვს „ხალხის ძალას“

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა. მას მმართველი პარტიის დეპუტატები, Postv-ის წამყვანები და ექსპერტები დაემატნენ. „ქართული ოცნებიდან“ წასულები ახალი მოძრაობის შემდგომ გაფართოებას მომდევნო ორ კვირაში აანონსებენ.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებიდან“ წასულები ჯერჯერობით პარტიად გარდაქმნასა და არჩევნებში მონაწილეობაზე არ საუბრობენ, სამომავლოდ არც ამას გამორიცხავენ.

რა ხდება?

თავდაპირველად „ქართული ოცნება“ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის“ გატანის მიზეზით დატოვეს პარლამენტის დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ. მათ გაააქტიურეს „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა , რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება და ამიტომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ვერ მიიღო.

პარლამენტის დეპუტატების კვალდაკვალ მმართველი პარტიის დატოვება დაიწყეს საკრებულოებში წარმოდგენილმა „ქართული ოცნების“ წევრებმაც. მოგვიანებით მათ შეუერთდა პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, რომლის მიზნადაც დაასახელეს „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“.

დღეს, 4 ოქტომბერს, გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ „ხალხის ძალაში“ გადაინაცვლა კიდევ 5-მა დეპუტატმა: დაჩი ბერაიამ, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა და ზაალ მიქელაძემ.

„ხალხის ძალას” შეუერთდნენ Postv-ის წამყვანები: ნუკრი შოშიაშვილი, იოანე შაიშმელაშვილი, ნიკა ქობულაძე (ნიკუშა მარქსი); ასევე, თამარ ჩიბურდანიძე, ოთარ ჭულუხაძე, ზურაბ ქადაგიძე, თამთა მეგრელიშვილი, დავით ქართველიშვილი, რომლებიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ექსპერტებად პოზიციონირებენ.

როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე გაირკვა, სწორედ Postv იქნება ამ პოლიტიკური ჯგუფის მედიაპლატფორმა, რომლის საკონტროლო პაკეტი, „ხალხის ძალის“ ახალმა წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ იყიდა.

დღესაც „ხალხის ძალის“ წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მმართველ პარტიასთან ღირებულებითი შეუთავსებლობა არ აქვთ. მათი თქმით, პარტიისგან გამოყოფის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ მმართველი პარტია „საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიმართლის მაღალ ხარისხში თქმას ვერ ახერხებდა“.

თავის მხრივ, ყოფილ წევრებს იდეოლოგიურად არც „ქართული ოცნება“ გამიჯვნია და მათთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაც შეინარჩუნა. ვინაიდან მათი გასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქცია უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ ინარჩუნებდა, რადგან ამისთვის არასაკმარისი – 75 დეპუტატი დარჩა.

„ჩვენი ამომრჩეველი იქნება ყველა სეგმენტიდან“

როგორც „ხალხის ძალის“ წევრები ამბობენ, მათ პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმით „ქვეყნის ომში ჩართვის რისკები შემცირდა“. თუმცა, მათი თქმით, „ქვეყნის ომში ჩართვის მსურველთა საკმაოდ დიდი წარმომადგენლობაა ქვეყნის შიგნით და გარეთ და ამიტომ ეს მოძრაობა გაგრძელდება“.

“იქნება შემდეგი ეტაპიც, როცა უკვე რეგიონებიდან შემოგვიერთდებიან. შესაძლოა, პარლამენტიდან კიდევ იყვნენ დეპუტატები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს ამ მოძრაობაში ჩართვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იგულისხმება თუ არა მოძრაობის გაგრძელებაში პარტიად გარდაქმნა და არჩევნებისთვის მზადება, ამაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ცალსახა პასუხს არ სცემენ. თუმცა არაფერს გამორიცხავენ.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მათი მოძრაობა “ერთჯერადი კრიზისის” ასაცილებლად არ შექმნილა და ახლა მნიშვნელოვანია „ხალხის ძალის“ შემდგომი გაფართოება, რომელსაც მომდევნო ორ კვირაში უნდა ველოდოთ.

გურამ მაჭარაშვილი

თუმცა ანტიდასავლური კონსპირაციების გავრცელების მიუხედავად, „ხალხის ძალის“ წევრები საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებულ კრიტიკას არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ მათ მოძრაობას პროდასავლური ვექტორი აქვს.

როგორც ეკა სეფაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, ევროინტეგრაცია და ევროატლანტიკური მიმართულება მათი გაცხადებული პრიორიტეტია და ამ გზას არ გადაუხვევენ.

ეკა სეფაშვილი

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, „ხალხის ძალა“ აბსოლუტურად ეფუძნება საქართველოს ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებულ იმ კულტურულ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ ევროპასთან ერთად. ეს არის ის საერთო ფასეულობები, რაც ჩვენ გვაერთიანებს და რის გამოც ჩვენს კონსტიტუციაში წერია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი. ასე რომ, საქართველო ამ გზაზე მოძრაობას აუცილებლად გააგრძელებს და ჩვენ შევეცდებით ხალხს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილის მსგავსად, დიმიტრი ხუნდაძეც ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესებთან ერთად მათთვის „ჭეშმარიტად დასავლური ღირებულებები მაღალი ინტერესის საგანია“.

დიმიტრი ხუნდაძე

„შესაძლოა, ეს მოძრაობა პარტიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს. თუმცა ეს არ არის დღეს მთავარი საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ძირითადი მიმართულებები სწორად ფორმულირებულია – დასავლური ღირებულებები, ეროვნული ინტერესები და მთავარია, რომ ქვეყანამ მშვიდობის და არა ომის ხარჯზე გააგრძელოს განვითარება.

ის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს მშვიდობიანად და არა იარაღის ჟღარუნით. ჩვენი მხარდამჭერები იქნებიან ისინი, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებენ – მშვიდობა, დასავლური ღირებულებები, ეროვნული ინტერესები და ქვეყნის განვითარება“, – ეუბნება ნეტგაზეთს ხუნდაძე.

კითხვაზე როგორი ტიპის ამომრჩეველს ხედავს „ხალხის ძალის“ მხარდამჭერად, ხუნდაძე გვპასუხობს, რომ მათი მომხრეები „ყველა სეგმენტიდან იქნებიან“.

„ხალხის ძალა“ – ალტერნატივა ანტიდასავლურად განწყობილი ამომრჩევლისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ „ხალხის ძალა“ ანტიდასავლელ, ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურად განწყობილ ამომრჩეველზეა გათვლილი.

როგორც სოციოლოგი ნეტგაზეთთან ამბობს, „ქართული ოცნებიდან“ წასულები პირველ რიგში სწორედ სხვა ულტრანაციონალისტური ძალების კონკურენტები არიან.

„ასეთი ძალები, პრაქტიკულად, დასუსტებული არიან. ბოლო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ შედეგიც გვახსოვს, ალტ-ინფომაც ვერ მოიპოვა ის გავლენა, რაც მეტნაკლებად ხელშესახები იქნება. ასე რომ, ამათი კონკურენტია ეს განაყოფი – „ხალხის ძალა“.

თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ულტრანაციონალისტური ფრთა საქართველოს ამომრჩევლების გავლენიანი ნაწილი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს არ აღემატება რამდენიმე პროცენტს“, – აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს თავდაპირველად ალიანსის შექმნის მცდელობები სხვა ანტიდასავლურ ძალებთან ჰქონდა, თუმცა მისი „ეჭვიანი“ ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ ასეთი ძალა თავისი პარტიის წიაღშივე შეექმნა.

„ის ძალიან რთულად ენდობა სხვებს. იყო თავიდან მცდელობები, რომ „პატრიოტთა ალიანსზე“ გაკეთებულიყო აქცენტი და მათთან შექმნილიყო ალიანსი, შემდეგ იყო ალტ-ინფო და ა.შ. ულტრანაციონალისტური, ანტიდასავლური ძალები სულ იყვნენ „ქართული ოცნების“ მოკავშირეები.

რამდენადაც ისინი არ იყვნენ „ოცნების“ შიდა ძალები, როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ რაღაც პრეტენზიები, რომლებიც არ მოეწონა ივანიშვილს ან ყელში ამოუვიდა, ყოველ შემთხვევაში მათ მიმართ ნდობის პრობლემა შეექმნა. ამიტომ გადაწყვიტა თავისსავე წიაღში დაბადოს ალტერნატივა“, – აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.

კაჭკაჭიშვილის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი ჰყავს და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მისთვის ყველა ამომრჩეველი ძვირფასია.

სოციოლოგის თქმით, მმართველ პარტიაში ხვდებიან, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ფარგლებში ყველა ტიპის ამომრჩევლის შენარჩუნება სარისკოა და იმის გამო, რომ მას ოფიციალურად პროდასავლური ვექტორი სჭირდება, ანტიდასავლურად განწყობილი ამომრჩევლისთვის „ხალხის ძალის“ სახით ალტერნატივის შეთავაზებას ცდილობს.

„ახლა ძლიერდებიან, 20 კაცი ხომ ვერ ჩამოაყალიბებს პარტიას, და უნდა, რომ შემატოს ამ განდგომილებს და ამიტომ გადაისროლა იქით მაშველი ძალა“, – აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილი

თუმცა კაჭკაჭიშვილის თქმით, დასავლეთში გულუბრყვილონი არ არიან და შესანიშნავად იციან, რომ „ხალხის ძალა“ „ოცნების“ გაგრძელებაა.

მისი თქმით, მმართველ პარტიასა და მისგან განდგომილებს შორის განსხვავებები „ თეთრი ძაფით ნაკერია“ და „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ფაქტობრივად ერთი სხეულის ორი ხელია.

სოციოლოგის შეფასებით, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ „ხალხის ძალის“ წევრები თავიანთ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ სწორედ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის გამოეყვნენ.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს ამბავია [მათი მტკიცება, რომ დასავლური ორიენტაციის არიან]. მედიასთან შეიძლება თქვან, რომ დასავლური ორიენტაცია აქვთ და ისწრაფვიან ევროკავშირისკენ, მაგრამ თუ ასეა, მაშინ რაღა განსხვავებაა „ქართული ოცნებისგან“ და რატომ გამოეყვნენ?! სწორედ იმიტომ გამოეყვნენ, რომ უნდა “აჩვენონ”, როგორი “დემონია” დასავლეთი, როგორ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, შიდა საქმეებში ჩარევას და აქ სიტუაციის არევას და ა.შ. ეს ადამიანები ხომ ამისთვის გამოეყვნენ, რომ აჩვენონ, რა ცუდია დასავლეთი.

ეს არის სწორედ ამ გამიჯვნის ფილოსოფია. ეს არის მარჯვენა და მარცხენა ხელი. მარჯვენა ხელი არის თვითონ „ქართული ოცნება“ და ესენი არიან მარცხენა ხელი. ეს ყველასთვის ცხადია“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი