საზოგადოება

აშშ-ის არჩევნები და გავლენა უკრაინის დახმარებაზე

8 ნოემბერი, 2022 • 934
აშშ-ის არჩევნები და გავლენა უკრაინის დახმარებაზე

8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები იმართება.

შუალედური არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ, ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის შუაში ტარდება და წარმოადგენს ერთგვარ რეფერენდუმს პრეზიდენტის და მისი საქმიანობის თაობაზე. პარტია, რომელსაც პრეზიდენტი წარმოადგენს, როგორც წესი, შუალედურ არჩევნებში მანდატების გარკვეულ რაოდენობას კარგავს.

დღეის მდგომარეობით, კონგრესის ორივე პალატაში ხმათა უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას სასურველი კანონების მიღებას უადვილებს. დემოკრატები წარმომადგენელთა პალატის 220-ს მანდატს აკონტროლებენ, რესპუბლიკელები — 212-ს. მართალია, სენატში მანდატები 50/50-ზეა გაყოფილი, გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ეკუთვნის.

36 დემოკრატ და 29 რესპუბლიკელ სენატორს გადარჩევა არ ემუქრება. დემოკრატებს სჭირდებათ მინიმუმ 50 ადგილი აშშ-ის სენატზე კონტროლის შესანარჩუნებლად, ხოლო რესპუბლიკელებს — 51 მანდატი კონტროლის მოსაპოვებლად.

2022 წლის შუალედური არჩევნებისას წარმომადგენელთა პალატას – სრულად (435 მანდატი) და სენატის მესამედს (100/35) გადაირჩევენ. 8 ნოემბერს, ასევე, ტარდება 39 საგუბერნატორო და შტატისა და მუნიციპალური დონის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევნები.

როგორია პროგნოზი?

გამოკითხვების თანახმად, რესპუბლიკელები მოიპოვებენ უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატაში და შესაძლოა, სენატშიც, თუმცა ზედა პალატის შედეგები უფრო რთულად პროგნოზირებადია.

მოსალოდნელია, რომ შუალედური არჩევნების შედეგს გავლენა ექნება მთელ რიგ საკითხებზე: აბორტის უფლებაზე, იარაღის კონტროლზე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაზე და დონალდ ტრამპის ხელახალი კენჭისყრის შანსებზე. როგორც Axios იტყობინება, 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ ტრამპი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ გამოაცხადებს. თუ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები კარგ შედეგებს აჩვენებენ, ეს გაზრდის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის შანსებს რესპუბლიკური პარტიის შიგნით. ფლორიდისა და ტეხასის რესპუბლიკელი გუბერნატორები, რონ დესანტისი და გრეგ ებოტი, თავის მხრივ, იმედოვნებენ, რომ ხელახალი არჩევა მათ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში წაახალისებს.

US President Joe Biden participates in a Democratic Party rally on eve of election day. Photo: EPA

„ბაიდენისთვის გართულდება ახალი დანიშვნები, მათ შორის აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. რესპუბლიკელთა დომინირება, ასევე, შეაფერხებს მის საგარეო პოლიტიკას — განსაკუთრებით, უკრაინის დახმარებას. პრეზიდენტ ბაიდენს შეუძლია გამოიყენოს ვეტოს უფლება და დაბლოკოს კონსერვატიული კანონები აბორტის, იმიგრაციისა და გადასახადების შესახებ. შედეგი? — ჩიხი მომავალ საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებამდე“, —წერს BBC.

გავლენა უკრაინის დახმარებაზე

ვაშინგტონს წამყვანი როლი აქვს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და კოორდინაციაში. კონგრესმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის დასახმარებლად 65 მილიარდი დოლარი გაანაწილა. საერთო ჯამში, უკრაინისთვის დახმარების გაწევას კონგრესში აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, თუმცა კენჭისყრებზე დაფიქსირებული წინააღმდეგ ხმები რესპუბლიკელების ანგარიშზეა — მაისში პალატის 57-მა რესპუბლიკელმა წევრმა მხარი არ დაუჭირა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 40 მილიარდი დოლარის დანამატს.

საყურადღებოა, რომ უკრაინის დახმარების ზოგიერთი ღონისძიების წინააღმდეგ ლობირებდა კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის დობილი კომპანია და გარე ლობისტების ჯგუფი Heritage Actions. თავად Heritage Foundation წლების განმავლობაში ემხრობოდა ე.წ. ქორულ საგარეო პოლიტიკას, მხარს უჭერდა ერაყსა და ავღანეთში ინტერვენციებს და აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას იმის გამო, რომ ის „ყოველთვის ცდილობდა, ეპოვა სამხედრო ძალაუფლების აბსოლუტური მინიმალური დონე“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც Heritage Foundation-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს არაერთი სტატია უკრაინის სამხედრო და სხვა სახის დახმარების აუცილებლობაზე.

„მაგრამ სულ ახლახან,Heritage Foundation-ის ლობისტური ფრთაც შეარხია ანტიინტერვენციონისტულმა ენთუზიაზმმა, რომელმაც განსაზღვრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და მოიცვა რესპუბლიკური პარტია“, — წერს NYT.

ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 73% ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს უკრაინის მხარდაჭერა.  გამოკითხულთა 66%, — უფრო მეტი ვიდრე აგვისტოში (51%), — მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

საზოგადობრივი და პოლიტიკური განწყობების მნიშვნელოვნად შეცვლა მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა იმ ფონზე, როცა უკრაინას გრძელვადიანი და საიმედო დახმარება ესაჭიროება, ორივე პარტიის რიგი წარმომადგენლების მხრიდან გახმიანდა კიევისთვის საგანგაშო გზავნილები.

წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერმა და მომავალი სპიკერობის კანდიდატმა კევინ მაკარტიმ თქვა, რომ თუ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, კონგრესი „აღარ გამოუწერს უკრაინას ცარიელ ჩეკს“ (ხელმოწერილი შეუვსებელი ჩეკი, რომლის მიმღებსაც თანხის სასურველი რაოდენობის ჩაწერა შეუძლია) და უკრაინისთვის გამოყოფილ ხარჯებზე მეტი ზედამხედველობა დაწესდება.

„ვფიქრობ,  ხალხი აღმოჩნდება რეცესიაში. ისინი არ აპირებენ უკრაინისთვის ცარიელი ჩეკის გამოწერას. ამას უბრალოდ არ გააკეთებენ. ეს არ არის უფასო, ცარიელი ჩეკი“, — განუცხადა მაკარტიმ Punchbowl News-ს.

ამ განცხადებას მოჰყვა რესპუბლიკელი კონგრესმენების, მეორე დღეს კი, თავად მაკარტის განმარტება:

„ვფიქრობ, უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ წინ მივიწევთ ამ პროგრამაში რუსეთის დასამარცხებლად. მაგრამ ცარიელი ჩეკი არაფერზე უნდა გავცეთ. 31 ტრილიონი დოლარის ვალი გვაქვს… ჩემთვის გასაოცარია, რომ ამან რაღაცნაირად შექმნა ახალი ამბავი. არ გინდათ კონგრესში კონტროლი და ბალანსი? არ გინდათ შრომისმოყვარე გადასახადის გადამხდელების ფულზე ზედამხედველობა? ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ უსარგებლო ხარჯები ვაშინგტონში”, — თქვა მაკარტიმ CNBC-ზე.

უფრო მეტიც, მაკარტის თქმით, 2015 წელს, უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ, თავად მხარს უჭერდა ჯაველინების მიყიდვას უკრაინისთვის, მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა კი უთხრა, რომ გერმანიას ეს არ მოეწონებოდა. მაკარტის შეფასებით, ჯო ბაიდენის ქმედებები უკრაინასთან დაკავშირებით ყოველთვის დაგვიანებული იყო.

დეპუტატმა მარჯორი ტეილორ გრინმა რესპუბლიკური პარტიიდან ტრამპის მიტინგზე აიოვას შტატში თქვა, რომ თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ შუალედურ არჩევნებში, „არცერთი დამატებითი პენი არ წავა უკრაინაში“.

დონალდ ტრამპი და მარჯორი ტეილორ გრინი

„ერთადერთი საზღვარი, რომელიც მათ აინტერესებთ, არის უკრაინა და არა ამერიკის სამხრეთი საზღვარი“, — განაცხადა გრინმა დემოკრატების შესახებ.

გრინის საპასუხოდ მისივე თანაპარტიელმა, სენატორმა რიკ სკოტმა თქვა, რომ კონგრესი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან კონფლიქტში.

იმავდროულად, დემოკრატების დეპუტატების 30-კაციანმა ჯგუფმა პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ მისწერა, კრიტიკის შემდეგ კი უკან გაიწვია წერილი, რომელშიც მოუწოდებდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ.

თავად ბაიდენის თქმით, მას „აწუხებს“, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი შეიძლება შეირყეს, თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ. რესპუბლიკელთა უმეტესობა, სენატში რესპუბლიკელების ლიდერ მიჩ მაკკონელის ჩათვლით, ამბობს, რომ მომავალში  მხარს დაუჭერს უკრაინის დახმარებას.

ანალიტიკოსების მოლოდინები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე (2005-2009 წლები) დენიელ ფრიდი ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ამბობს, რომ თუ რესპუბლიკელები აიღებენ კონტროლს კონგრესზე (ან თუნდაც ერთ პალატაზე), შიდაპოლიტიკური დინამიკა ვაშინგტონში გადაინაცვლებს რესპუბლიკელებთან დაპირისპირებაზე, რომლებიც დროს დახარჯავენ გამომძიებებზე და ბრალდებებზე. თუ კონგრესში ახლა მუშაობს 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტი, რესპუბლიკელები არ გამორიცხავენ, რომ დაიწყოს მოსმენები ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ჩინეთთან საქმიან კავშირებზე.

„საგარეო საქმეებში რესპუბლიკელები გაიყოფიან ნეორეგანისტ და ტრამპისტ ფრთებად. ორივე თავს დაესხმება ბაიდენის ადმინისტრაციას და უბიძგებს მას, უფრო მკაცრი იყოს ჩინეთისა და ირანის მიმართ. ორივე ფრთა მოითხოვს აშშ-ის მოკავშირეების მიერ [თავდაცვითი ხარჯების] ტვირთის უფრო მეტად გაზიარებას. ნეორეგანელები მოითხოვენ პუტინისთვის მეტი წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო ტრამპისტები შეეცდებიან უკრაინის მხარდაჭერისგან თავის დაღწევას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, დაიწყებენ მტკიცებას, რომ რუსეთთან შეთანხმება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია. მათი პოზიცია დაემსგავსება 1930-იანი წლების ბოლოს ჰიტლერის აღზევებისადმი გულგრილობის „იზოლაციონისტურ“ პოზიციას.

ზოგადად ,დემოკრატები და ნეორეგანისტი რესპუბლიკელები უკრაინას მხარს დაუჭერენ. დემოკრატიული პარტია შეიძლება გაიყოს — რამდენიმე უკიდურესად მემარცხენე დემოკრატმა დაიკავოს რესპუბლიკელების მსგავსი პოზიციები, რომელთაც სურთ აშშ-ის დისტანცირება უკრაინისგან. მაგრამ ისინი ცოტანი იქნებიან. რესპუბლიკელები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარების გაგრძელებას, მეტნი იქნებიან რაოდენობრივად, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონგრესი მათ ნებას დაჰყვება. გაიზრდება პუტინის მიერ წაყენებულ პირობებზე მოლაპარაკებებისკენ მოწოდებები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა უბიძგოს უკრაინას, დაუთმოს რუსეთს თავისი ხალხი და მიწები, მაგრამ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება, სანამ გრძელდება რუსეთის სისასტიკე და უკრაინელების ეფექტური წინააღმდეგობა“, — ამბობს დენ ფრიდი.

ვოლოდიმირ დუბოვიკი, მეჩნიკოვის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი წერს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნები ნორმალურ პირობებში უკრაინაში დიდ ყურადღებას ვერ მიიქცევდა, მაგრამ დღევანდელი გარემოებები განსხვავებულია.

„აქამდე ვაკვირდებოდით კონგრესში ძლიერი კონსენსუსის შენარჩუნებას უკრაინისთვის სისტემური დახმარების გაწევის აუცილებლობაზე. რაც მთავარია, ახლაც ვერ ვხედავთ ამ კონსენსუსის შეცვლაზე საუბრის მიზეზს. მაგრამ ამავე დროს ჩანს ახალი გამოწვევები. ერთი მხრივ, კონგრესში ძალთა ბალანსის დინამიკა მართლაც, დიდი ალბათობით, ჩვენთვის უარესობისკენ შეიცვლება. ტრამპმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის (ან მისი ფრთის) ძლიერმა იდეოლოგიურმა ლიდერმა, რომელმაც შეძლო კენჭისყრაზე მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობის გაყვანა. ომის გახანგრძლივება, შეერთებულ შტატებში ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის გაძლიერება, ტრამპის მომხრეების გაძლიერება, ჩვენთვის ნეგატიური მომენტებია. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ პანიკის ან სასოწარკვეთის დროა. ამჟამად არ არსებობს აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების რადიკალურად შემცირების საფრთხე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საფრთხე არ არის გადაუდებელი, არამედ საფრთხე არის პერსპექტივაში“, — მიიჩნევს დუბოვნიკი.

ის ხაზს უსვამს თეთრი სახლის შესაძლებლობას, გაიტანოს გარკვეული თანხები ან იარაღი კონგრესის თანხმობის გარეშე. ასევე იმას, რომ ბაიდენს აქვს უკრაინის მხარდაჭერის ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი, როგორიცაა Lend-Lease.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი