საზოგადოება

მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავდადება ევროკავშირში გასაწევრებლად – აშშ

25 ოქტომბერი, 2022 • 968
მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავდადება ევროკავშირში გასაწევრებლად – აშშ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია.  მისი თქმითვე, აშშ აგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას და მოუწოდებს, გამოავლინოს თავდადება საქართველოს ევროკავშირში გასაწევრებლად.

25 ოქტომბერს ბრიფინგზე ნედ პრაისმა ასე უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა უკრაინის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებას – ჰქონდა თუ არა აშშ-ს უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები ამ საკითხზე:

„ჩვენ მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. მე მათ გადავაბარებდი საუბარს ნებისმიერ სანქციაზე, რაც შეიძლება გამოსცეს. რაც შეეხება საქართველოს – არაერთხელ გსმენიათ ჩვენგან, რომ ერთგულად ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას იმ ფონზე, რომ ის ახორციელებს რეფორმებს, რომლების განხორციელებისკენაც მოუწოდა ევროკავშირმა- ამ შემთხვევაში, ევროკომისიამ. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე, უფრო ფართო ევროპული მისწრაფებებისათვის“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენად შეშფოთებულია ვაშინგტონი საქართველოს რუსული ორბიტისკენ გადახრით, – იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონს მოუწია საკუთარი ელჩის „დაცვა“ ქართველი პარლამენტარებისაგან, ნედ პრაისმა განაცხადა:

„ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რაც საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან მოვისმინეთ. ჩვენ ასევე გამოვხატეთ შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით. მთავრობების ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ თუ უკანდახევამ, [დემოკრატიული] უკუსვლა გამოიწვია“.

ნედ პრაისის სიტყვებით, ამ ნაბიჯებმა „შეაფერხა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ ქართველი ხალხის აშკარა და ძლიერი სვლა“.

„ამ ქმედებებით შეშფოთებული ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

მისი შეფასებითვე, საქართველოში „პოლარიზაციის ისეთი ხარისხი, რაც ფიქსირდება, არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო“ და არც „საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებისთვისაა“ გამოსადეგი.

„ყოველივე ამის [მიუხედავად], ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა განხორციელდეს რეფორმები, რომლებიც საჭიროა მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავდადება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი,  ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ადმინისტრაცია, რომ ომის ფონზე, საქართველოში არსებული ვითარება პოლიტიკურად ძირს უთხრის შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში, – პრაისმა უპასუხა:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, რიტორიკის ნაწილი, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის არჩეულ გზას… ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. მზად ვართ, ვიყოთ ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების, საქართველოს მთავრობის პარტნიორი, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“.


უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და, მის კვალდაკვალ, პარტიის საპარლამენტო ლიდერებმა, – აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა.

პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის არა უბრალოდ ელჩის, როგორც პიროვნების, კრიტიკა, არამედ შეერთებული შტატების შანტაჟის მცდელობა, რასაც, დიდი ალბათობით, დამანგრევლად უარყოფითი შედეგები ექნება საქართველოსთვის.

ამავე პერიოდში, „ქართულ ოცნებას“ გამოეყო რამდენიმე პარლამენტარი, – ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი დიმიტრი ხუნდაძე, ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი და სხვები, – რომლებმაც ასევე ღიად და აქტიურად დაიწყეს შეერთებული შტატების კრიტიკა და შეთქმულების თეორიების გავრცელება უკრაინის ომთან დაკავშირებით.

გირჩევთ წაიკითხოთ ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი