საზოგადოება

როგორ (არ) სრულდება “ყველაზე უწყინარი” რეფორმა EU-ს 12-პუნქტიანი გეგმიდან

10 ოქტომბერი, 2022 • 1717
როგორ (არ) სრულდება “ყველაზე უწყინარი” რეფორმა EU-ს 12-პუნქტიანი გეგმიდან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და გენდერულმა საბჭომ ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო პაკეტი შექმნეს. თუმცა ამ პაკეტში არაფერია ნათქვამი გაუპატიურების ხარვეზიან მუხლზე.

საქმე ის არის, რომ არაერთი საერთაშორისო ნორმა ამ მუხლის ცვლილებას ავალდებულებს ქვეყანას, მათ შორის – ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ევროპის საბჭოს – იგივე სტამბულის კონვენცია.

გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ რომ მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს, მე-9 პუნქტად წერია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12-პუნქტიან გეგმაში.

დღესდღეობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გაუპატიურება შემდეგნაირად განისაზღვრება:

„გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

ამგვარი განმარტება პრობლემურია, რადგან დღევანდელი რედაქციით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი სქესობრივი დანაშაული, რომელსაც თან ძალადობაც ახლავს, და არა ის შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მოძალადეს წინააღმდეგობას არ და ვერ უწევს, თუმცა აქტზე თანახმა არაა.

უფლებადამცველები უკვე თვეებია ითხოვენ ამ ხარვეზის გამოსწორებას და თანხმობის ნაწილის სისხლის სამართლის კოდექსში ასახვას. ისინი შიშობენ, რომ თუ მუხლის ცვლილების დანაპირები ხელისუფლებამ არ შეასრულა – ევროკავშირის რეკომენდაციის მე-9 პუნქტი შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

ამასთანავე, სპეციალისტები ამბობენ, რომ გაუპატიურების მუხლის ცვლილება პოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე „უწყინარია“ მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, ამ ცვლილებაზე უარი იმასაც შესაძლოა აჩვენებდეს, რომ სხვა რიგ პოლიტიკურად უფრო მწვავე საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო რეფორმა, ხელისუფლება უარს იტყვის.

რა ხდება

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ამ ვადამ გადაიწია და 2023-ის ბოლოს გადაწყდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი.

პარლამენტში მმართველმა ჯგუფმა შექმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ზემოხსენებული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად მუშაობენ. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცვლილებები მმართველმა გუნდმა სწორედ ამ პროცესის ფარგლებში მოამზადა.

რა ცვლილებები წარადგინა „ოცნებამ“?

ცვლილებები შეეხება როგორც სისხლის სამართლის, ასევე, ადმინისტრაციულ კოდექსსა და ნორმატიული აქტის შესახებ კანონს.

ცვლილებების შესახებ საზოგადოებას ბრიფინგით აუწყეს კომიტეტის თავმჯდომარემ – მიხეილ სარჯველაძემ და გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა – ნინო წილოსანმა.

  • პირველი ცვლილების თანახმად, ყველა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას მათ წარმდგენებს გაუჩნდებათ კანონშემოქმედებითი ინიციატივების წინასწარ შეფასების ვალდებულება გენდერულ თანასწორობაზე მოსალოდნელი გავლენის მოხდენის კუთხით;
  • მეორე ცვლილება რამდენიმე საკანონმდებლო აქტს ითვალისწინებს, რომლითაც საბოლოოდ საკანონმდებლო დონეზე დადგინდება გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ როგორც თანაბარი სამართლებრივი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, არამედ მიზნად და ამოცანად განისაზღვრება ფაქტობრივი თანასწორობის მიღწევის სტიმულირება;
  • მესამე ცვლილება კი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელ რამდენიმე აქტში უნდა აისახოს. ეს ცვლილებები ითვალისწინებს და დამატებით დაარეგულირებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა აბორტის იძულება, პროსტიტუციით დაკავებული არასრულწლოვნის მომსახურებით სარგებლობა და სხვა.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ მუშავდება კიდევ არაერთი კანონპროექტი, რომელიც ძალაში ეტაპობრივად შევა.

დღეს, 10 ოქტომბერს, ინიციატივათა პაკეტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა უნდა განიხილოს.

„პრაქტიკულად გარანტია გვქონდა კომიტეტისა და გენდერული საბჭოსგან, რომ მუხლი შეიცვლებოდა“

ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF) საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი  იდა ბახტურიძე ერთ-ერთია იმ ფემინისტებს შორის, ვინც გაუპატიურების მუხლის ცვლილებას ითხოვს.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ბახტურიძე ამბობს, რომ გაუპატიურების მუხლის შეცვლა და ამ კუთხით მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა „ოცნებისთვის“ პოლიტიკურად ყველაზე „უმტკივნეულო“ უნდა ყოფილიყო.

„განსაკუთრებით გაგვაოგნა იმან, რომ მე-9 რეკომენდაცია, რომელიც არანაირ კავშირში არ არის არც მწვავე პოლიტიკურ საკითხთან, არც ძალაუფლებასთან და მათ [მმართველი გუნდის] სამომავლო თუ საარჩევნო რისკებს არ ზრდის და არც განსაკუთრებულ ფინანსურ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული… ესეც კი გახდა მმართველი პარტიის მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის საბაბი და [ამის შემდეგ] საარჩევნო რეფორმა, იგივე სასამართლო რეფორმა [რომლებსაც ასევე ითვალისწინებს 12-პუნქტიანი გეგმა] როგორ შეიძლება გატარდეს ამ პირობებში, ჩემთვის წარმოუდგენელია“.

უფლებადამცველი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტისგან, ფაქტობრივად, გარანტია ჰქონდათ, რომ ეს მუხლი შეიცვლებოდა.

„ეს ცვლილება გულისხმობს იმას, რომ ძველი მუხლი, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა პერიოდიდანაა დარჩენილი, შესაბამისობაში მოსულიყო საერთაშორისო სტანდარტთან, რომლის ძირითადი კონცეფცია არის, რომ სექსი თანხმობის გარეშე არის გაუპატიურება. ეს უნდა ასახულიყო ქართულ კანონმდებლობაში.

ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა ამ ცვლილებისთვის, ვგულისხმობ იმას, რომ ტერმინოლოგია და კონცეფციაც შეთავაზებულია ქართულ ენაზე. ასევე, ამ საკითხზე გადამზადებულია სხვადასხვა უწყება, რომელმაც მისი იმპლემენტაცია უნდა განახორციელოს: შსს, სასამართლო, პროკურორები და სხვა. მომზადებულია სახელმძღვანელოები, მომზადებულია მოკვლევა და ა.შ.“.

იდა ბახტურიძე დასძენს, რომ გარანტიებისა და არაერთი საუბრის შემდეგ,  სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ გაუპატიურების მუხლს ამჯერად პარლამენტი არ შეცვლიდა.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი სრულიად სხვა შეხვედრაზე, სადაც ასევე იმყოფებოდა ნინო წილოსანი. შემთხვევით დავსვი ამ მუხლთან დაკავშირებით კითხვა, მაშინ აღმოჩნდა, რომ მუხლს თითქოს აქვს პრობლემა, აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს კითხვები და მოუბრუნა [გენდერულ] საბჭოსა და კომიტეტს ეს დოკუმენტი. თუმცა ბოლომდე არ ითქვა, რა კითხვები და პრეტენზიები აქვთ“, – განმარტავს იგი.

ბახტურიძეს აქვს განცდა, რომ თითქოს ეს არის ერთგვარი დროის მოგების მცდელობა.

„ამიტომ ეს არის საგანგაშო და სერიოზული სიგნალი ჩვენთვის, რომ შეიძლება არ შეიცვალოს ეს მუხლი, არ მოხდეს რეალური ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. რაღაც კოსმეტიკური და ფორმალური ცვლილებები იქნება პრობლემური და ამას არავინ არ ჩათვლის ცვლილებებად და რეფორმებად… ისევე როგორც სხვა რეკომენდაციებთან დაკავშირებით“, – ამატებს იგი.

„მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება“

7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ცვლილებები განსახილველად შესთავაზა დეპუტატებს, ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მას დოკუმენტის გასაცნობად დრო არ მიეცა და შესაბამისად, მხარი არ დაუჭირა ინიცირებას.

ნეტგაზეთთან საუბარში ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს „ნაჩქარეობა ეტყობოდა“ და არ იცის, რატომ არ შეიტანა ცვლილებებში „ოცნებამ“ გაუპატიურების მუხლის ნაწილი.

„ჩემთვის გულდასაწყვეტია იმიტომ, რომ პროცესი მიმდინარეობდა საკმაოდ კარგად. მე საჯაროდაც არაერთხელ ვთქვი, რომ სხვა რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფებისგან განსხვავებით, მე-9 რეკომენდაციაზე გენდერული საბჭოსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის ჩართულობით მუშაობა ღია და საჯარო იყო. ამ გაერთიანებულ შეხვედრებში ვმონაწილეობდი სწორედ ამ მიზეზის გამო – აქ იყო გახსნილობა, ანგარიშვალდებულება.

ამიტომ გულდასაწყვეტია, რომ ამ პროცესის შედეგად დაინიცირდა ისეთი ვერსია, რომელიც არ ასახავს ყველაზე მწვავე საკითხებს, რაც ამ თემებზე მომუშავე პროფესიონალებსა და მსხვერპლებს ყველაზე მეტად აწუხებთ“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„მე მინდა ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით მივუდგე ამ საკითხს, რადგან არ მინდა, ჩავთვალო, რომ პროცესი დასრულებულია და კარი დახურულია. ახლა მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, როდესაც კიდევ ერთხელ – ყველა იმ ადამიანმა, ვისაც კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალურ ხასიათის დანაშაულებზე გვქონდეს სწორი კანონმდებლობა – უნდა მოვახდინოთ მობილიზება და ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადაყვანა”.

„ყველაფერი რომ მზად ყოფილიყო, დაინიცირდებოდა“ – წილოსანი

ნეტგაზეთი წერილობით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმდჯომარეს – ნინო წილოსანს.

ჩვენ ვკითხეთ მას, რატომ არ არის ინიციატივათა ახალ პაკეტში გაუპატიურების მუხლი ნახსენები და თუ იგეგმება სამომავლოდ ამ მუხლის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა:

„მე-9 რეკომენდაციის ფარგლებში ინიციატივების რამდენიმე ეტაპი იქნება. ამ ეტაპზე შევიდა პარლამენტში ის პროექტები, რომელიც მზად იყო და კონსულტაციები გავლილი გვქონდა. სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, კვოტირების სისტემაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ინიციატივები ეტაპობრივად მომზადდება და შესაბამისად დაინიცირდება. თუმცა დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით ასევე არსებობს დამატებითი კონსულტაციების საჭიროება , რასაც ასევე გავაკეთებთ პარალელურ რეჟიმში“, – აცხადებს წილოსანი.

ჩვენ ასევე ვუთხარით წილოსანს, რომ პროცესში ჩართული არაერთი ექსპერტის თქმით, ყველაფერი მზად იყო ცვლილების ინიციირებისთვის – მათ შორის, ტრენინგები ამა თუ იმ საჯარო უწყებაში. რაზეც წილოსანმა გვიპასუხა – „ყველაფერი მზად რომ ყოფილიყო, დაინიცირდებოდა“.

კითხვაზე, კონკრეტულად, რა ნაწილია დარჩენილი [მოსამზადებლად], გვითხრა, რომ ეს კითხვა არაკომპეტენტურია.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა მიხეილ სარჯველაძესაც. მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

გაიგეთ მეტი

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი