საზოგადოება

სამხარაძე უარყოფს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებდნენ

21 ივლისი, 2022 •
სამხარაძე უარყოფს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებდნენ

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ და მსგავსი განცხადება მმართველი გუნდიდან არასდროს არავის გაუკეთებია.

სამხარაძე, რომელიც ამავე დროს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ საქართველოში ომის დაწყება ევროკავშირის ინტერესებში არ შედის.

მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვის საკითხი შეხვედრაზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა თავისი ინიციატივით წამოჭრა, რომელმაც თქვა, რომ ეს მათ ინტერესში არაა.

„ბატონი დევიდ მაკალისტერის მხრიდან იყო განცხადება გაკეთებული, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ომი საქართველოზე არ გადმოვიდეს. იმიტომ, რომ ევროკავშირის ინტერესებში არ არის, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია“, – განაცხადა სამხარაძემ, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა ომში ჩართვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე მიუთითეს.

თუმცა სამხარაძის თქმით, არ არსებობს ისეთი განცხადება, სადაც “ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

„ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროკომისიას, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს. თქვენ სად მოგისმენიათ რომელი განცხადება ჩემი ან გინდაც ჩემი თანაგუნდელების ასეთი ფორმულირებით, რომ დასავლეთი [ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას].  გარკვეული ძალები[ცდილობენ] სხვა რამეა.

სად მოგისმენიათ, ამომიღეთ ერთი ციტატა “ქართული ოცნების” დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. ეს ციტატა ამომიღეთ და მომიტანეთ ეს ციტატა, ვერ ნახავთ ვერც ერთ ასეთ განცხადებას. ვერ ნახავთ ვერცერთ ასეთ განცხადებას, სადაც „ქართული ოცნების“ რომელიმე პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. ასეთი რამ არ არსებობს.

ვის, რა, როგორ ესმის და ვის, რა, როგორ უნდა გაიგოს, ეს არის თითოეული ადამიანის პირადი აღქმა. მე როგორც მინდა, ისე გავიგებ ვიღაცის ნათქვამს, მაგრამ ეგეთ ციტატას ვერ მოიყვანთ. იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ღიად და მკაფიოდ – ჩვენ არ ვადანაშაულებთ და არასდროს დაგვიდანაშაულებია ევროკავშირი იმაში, რომ მას საქართველოს ომში ჩართვა სურს.

პირიქით, ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის კონფლიქტების მოგვარების სფეროში და ეს არის სწორედ მშვიდობიანად კონფლიქტების მოგვარების საკითხი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძეს  ვკითხეთ, მაშინ რატომ დასჭირდათ ევროპარლამენტარებს ამ საკითხის თავად წამოჭრა და შევახსენეთ, რომ მაკალისტერის გარდა, საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ისე, რომ მისთვის ამ თემაზე კითხვა არავის დაუსვამს.

სამხარაძის თქმით, ის, რომ ევროპარლამენტარებს ამის ხაზგასმა უწევთ, მათთვის მიწოდებული დეზინფორმაციის ბრალია, რაშიც მათ შორის მედიასაც ადანაშაულებს.

„იმიტომ, რომ მე არ ვიცი, ვინ თარგმნის თუ ვინ აწვდის ამ განცხადებებს, მაგრამ მათაც გვითხრეს, რომ ჩვენ მოგვდის ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენი მხრიდან ასეთი განცხადებები კეთდებაო. მე ზუსტად იგივე ვუთხარი, რასაც თქვენ გეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, თუ შეგიძლიათ მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს.

არ არსებობს ასეთი ციტატა, ნუ აბუქებთ თქვენ და თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან, როგორც კეთდება. პერიფრაზი რა იყო, ვინ რა იგულისხმა და ვის რა აზრი აქვს, ეს უკვე ცალკე თემაა, განსაჯონ თავად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ვკითხეთ, რომ თუ ევროკავშირში დეზინფორმაცია მიეწოდებათ, რას აკეთებს ამ დროს საქართველოს საელჩო ბრიუსელში. რაზეც გვიპასუხა:

„ჩვენი საელჩოც მუშაობს, რა თქმა უნდა. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, იმიტომ, რომ სწორედ მათ უწევთ დეზინფორმაციის ამ ძალიან დიდი ტალღის წინააღმდეგ მუშაობა, რაც დამერწმუნეთ, რომ ადვილი საქმე არ არის“, – განაცხადა სამხარაძემ.

რა ხდება?

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ არ ჩაერთო ომში და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

კონსპირაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული წინასწარ დაწერილი სცენარი საქართველოს ხელისუფლების „აყირავებას“ და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ომში ჩართვას ისახავდა მიზნად (და ამ სცენარის ნაწილია შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებაც), თავდაპირველად პროსამთავრობო ექსპერტმა ზაზა შათირიშვილმა გაახმოვანა. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა — ირაკლი კობახიძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ — ასევე, კანდიდატის სტატუსი ვერ მიღება დაუკავშირეს ომში ჩართვაზე უარს, თუმცა არცერთი სპიკერი არ ასახელებს, თუ ვის ჰქონდა ასეთი მოთხოვნა ან სურვილი კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიმღები აქტორებიდან.

დასავლდეთის მიერ ომში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებები ჯერ კიდევ ევროპარლამენტის მიერ კრიტიკულ რეზოლუციაზიის შემდეგ გააქტიურდა. ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას მსგავსი განცხადება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც. მისი თქმით, 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმაშია ჩართული.

ნიკოლოზ სამხარაძეც ერთ-ერთია, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ  ევროპაშიც არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოს ომში ჩართვა სურს.

სამხარაძე აცხადებდა, რომ დახურული შეხვედრებისას ევროპელი პოლიტიკოსებისგან კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს მორალური უფლება არ აქვს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის, რადგან „საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი“.

“რა თქმა უნდა, არიან ადამიანები და ეს არავისთვის დასამალი არაა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ, ასევე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც და, შესაბამისად, ეს რეზოლუციაც ცალსახად შეგვიძლია მოვნათლოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

სხვადასხვა ძალას შეიძლება სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდეს, ზოგს შეიძლება საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ უნდოდეს, ზოგს შეიძლება საქართველოში სტაბილურობა და სიმშვიდე არ უნდოდეს, ზოგს შეიძლება უნდოდეს, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც.

ყოფილა ასეთ საუბრებიც, რომ საქართველოს თურმე მორალური უფლება არ ჰქონდა, შეეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, იმიტომ, რომ საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი და ა.შ. ზოგიერთი ევროპელის მხრიდანაც კი. ეს, მართალია, საჯარო განცხადებები არაა და აიმტომ ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ასეთი მინიშნებაც კი კეთდება, აქ ბევრი რაღაც ეჭვებს აჩენს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განაცხადა 11 ივნისს ნიკოლოზ სამხარაძემ.

“ომში გვითრევენ…” – „ოცნების“ პროპაგანდის „2 მიზანი“

კიდევ ვინ ამბობს ევროპაში, რომ „ომში ითრევენ“

მასალების გადაბეჭდვის წესი