საზოგადოება

10-ზე მეტი ევროპარლამენტარი II ფრონტის გახსნის გეგმაშია ჩართული – მდინარაძე

9 ივნისი, 2022 • 1173
10-ზე მეტი ევროპარლამენტარი II ფრონტის გახსნის გეგმაშია ჩართული – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმაშია ჩართული.

ამის შესახებ მან განაცხადა ევროპარლამენტში 8 ივნისს საქართველოზე გამართული კრიტიკულ დებატებზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მშვიდობიან პოლიტიკას არ შეცვლის.

მდინარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში გამართული დებატების ახლა გამართვა ემსახურება საქართველოსთვის დაბრკოლების შექმნას, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

“ამ დაბრკოლებებს ქმნიან ქვეყნის გარედან “ნაცმოძრაობის” მეგობრები და დავალების მიმცემები. შემთხვევით არ ვამბობ. იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რომლებიც მუშაობენ გეგმაზე, რომელიც მეორე ფრონტის გახსნაზე მიდის. ეს არის მათი გენერალური ინტერესი და, სამწუხაროდ, ამის განხორციელებაში 10-ზე მეტი ევროპელი კოლეგაა ჩართული[…]

არცერთ შემთხვევაში საქართველო არ შეცვლის პოლიტიკას, რომელსაც ჰქვია მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჰქვია ომის არდაშვება ამ ქვეყანაში და მიზანი რადგან ეს არის, კოორდინირებული მოქმედებების საფუძველიც ეს შეიძლება იყოს. სხვა ახსნა ამას არ აქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე “ქართული ოცნების” პოზიციები არავინ დაიცვა და მათ საკუთარი პარტნიორებიც კი აკრიტიკებდნენ, მდინარაძე ამას იმით ხსნის, რომ “დღეს რთულია ევროპაში იმ ნარატივის გატარება, რომ საქართველომ არ უნდა იომოს და დაიჭიროს ამ საკითხზე ის პოზიცია, რაც აქვს”.

“იმიტომ, რომ ობიექტურადაც ამ საკითხზე ბევრს კამათობენ მათი[ენმ-ს] ლობისტები და დავალებების მიმცემები და რადგან ეს ასეა, ნარატივის გატარება ცოტათი გაუმარტივდათ და ნარატივი არის “ფეიკი”, – განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ, 8 ივნისს, საქართველოში მედიისა და მართლმსაჯულების მდგომარეობასთან დაკავშირებით კრიტიკული დებატები გაიმართა. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას; ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის, რაც ამგვარი დანაშაულების დაუსჯელობის აღქმას გამოასწორებდა. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან.

ევროპარლამენტი გმობს მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოტანას, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას. იზიარებს ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ. კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის გზით სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმის აუცილებლობას.

ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარშის დროს განვითარებული მოვლენებზე გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობას და ამბობს, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული. ევროპარლამენტი მოუწოდებს ეფექტური გამოძიებისკენ 2021 წლის 5 ივლისის ინციდენტებზე, რომლის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებიც ამ დრომდე არ გამოვლენილან. ასევე, გმობს ლგბტქი+ პირთა დისკრიმინაციას.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობისთვის.

ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაწეული ქმედებისთვის, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმებისა.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას მიეცეს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი