ახალი ამბები

ზოგს შეიძლება უნდოდეს, საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც – სამხარაძე

11 ივნისი, 2022 • 1055
ზოგს შეიძლება უნდოდეს, საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც – სამხარაძე

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც ამბობს, რომ ევროპაშიც არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოს ომში ჩართვა სურს.

ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუციის მიღების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

სამხარაძის თქმით, დახურული შეხვედრებისას ევროპელი პოლიტიკოსებისგან კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს მორალური უფლება არ აქვს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის, რადგან „საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი“.

“რა თქმა უნდა, არიან ადამიანები და ეს არავისთვის დასამალი არაა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ, ასევე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც და, შესაბამისად, ეს რეზოლუციაც ცალსახად შეგვიძლია მოვნათლოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

სხვადასხვა ძალას შეიძლება სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდეს, ზოგს შეიძლება საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ უნდოდეს, ზოგს შეიძლება საქართველოში სტაბილურობა და სიმშვიდე არ უნდოდეს, ზოგს შეიძლება უნდოდეს, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც.

ყოფილა ასეთ საუბრებიც, რომ საქართველოს თურმე, მორალური უფლება არ ჰქონდა, შეეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, იმიტომ რომ საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი და ა.შ, ზოგიერთი ევროპელის მხრიდანაც კი. ეს მართალია საჯარო განცხადებები არაა და აიმტომ ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ასეთი მინიშნებაც კი კეთდება, აქ ბევრი რაღაც ეჭვებს აჩენს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას მსგავსი განცხადება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც. მისი თქმით, 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმაშია ჩართული.

ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს კახა კალაძეა.

„თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში“, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი