საზოგადოება

„მოსამართლეებიც ჩართეს „ოცნების“ ანტიდასავლურ კამპანიაში“ | შეფასებები

15 ივლისი, 2022 •
„მოსამართლეებიც ჩართეს „ოცნების“ ანტიდასავლურ კამპანიაში“ | შეფასებები

ომში ჩათრევაზე პოლიტიკოსების ბრალდებების შემდეგ, აშშ-სა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლაში უკვე მოსამართლეები ადანაშაულებენ.

საქმე ეხება აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან ჩახსნას. აღნიშული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ჩხიკვაძისა და სხვა მოსამართლეების ვიზიტი აშშ-ში.

პროგრამიდან ჩხიკვაძის ჩახსნის შემდეგ შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 28 მაისს გავრცელდა, მაგრამ მაშინ აღნიშნულ მოსამართლეებს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დღეს, 15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ორთვიანი დუმილის დაარღვია და განცხადება გაავრცელა. მის კვალდაკვალ დუმილი დაარღვიეს მოსამართლეებმა — გიზო უბილავამ და რომეო ტყეშელაშვილმაც და მათი კოლეგის მიმართ აშშ-ის საელჩოს დამოკიდებულება ტელეკომპანია „იმედთან“ არაჯანსაღად და ზეწოლად შეაფასეს.

თავად ჩხიკვაძე ამბობს, რომ განცხადების გაკეთება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მოისმინა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, რაც, მოსამართლის შეფასებით, სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლაა.

„ეს [ზეწოლა] აუცილებლად გაძლიერდება. ამის პირადი გამოცდილება, სამწუხაროდ, გამაჩნია. მას შემდეგ, რაც მე ნიკა გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში, სადაც სისხლის პროფილის 6 მოსამართლე მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი“, — ნათქვამია ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაში.

სიტყვათშეთანხმება „ანგარიშის მოთხოვნა“ გაიმეორეს გიზო უბილავამ და რომეო ტყეშელაშვილმაც.

„ანტიდასავლური კამპანიის ახალი ფლანგი“

იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობენ, რომ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრები და კომუნიკაცია მუდმივი სამუშაო პროცესის ნაწილია, თუმცა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ჩარევას და „ანგარიშის მოთხოვნას“ გამორიცხავენ.

„მე განვიხილავ ამ განცხადებებს როგორც ახალ ფლანგს ანტიდასავლური კამპანიის, რომელსაც აწარმოებს „ოცნება“. კონკრეტულად იმის გამო, რომ პირადად ვარ შემსწრე და ვიცი, რამდენად ხშირია შეხვედრები და კონსულტაციები დასავლურ საელჩოებსა და ჩვენს სასამართლო კორპუსს შორის.

კვირა არ გავიდოდა, რომ ვინმე ელჩს ან საელჩოს წარმომადგენელს არ ჰქონოდა შეხვედრა იუსტიციის საბჭოსთან და მათ შორის, მოსამართლეებთან. დასავლეთიდან ხორციელდება ძალიან დიდი სამართლებრივი დახმარების პროგრამები და ამის ფარგლებში შეხვედრები ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

ახლა რომ ასე „შეშფოთდნენ“ შეხვედრაზე, ეს უბრალოდ არის სუბარი/ ყაველაშვილი/ხუნდაძის შულავერის კომიტეტის მორიგი ფლანგიდან შეტევა. როგორც ჩანს, მანამდე საჭირო არ იყო ამბის ატეხვა და შეხვედრაზე ყურადღების გამახვილება და ახლა კელი დეგნანის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება. ეს არის „ქართული ოცნებიდან“ კოორდინირებული საოკუპაციო კამპანიის ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობს ხუნდაძის ჯგუფი.

ამ შემთხვევაში ინტრუმენტი არის მოსამართლეთა ჯგუფი და მათი ამოცანაა, რომ გააფუჭონ აშშ-თან ურთიერთობა და დისკომფორტი შეუქმნან ელჩს საქმიანობაში“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ ანა დოლიძე.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმის განაჩენზე გამოკითხვას საელჩოს თანამშრომლის მხრიდან, რუს შესახებაც მოსამართლე ჩხიკვაძე ჰყვება, ანა დოლიძის თქმით, საერთოდ არ ვიცით, ეგ სიმართლეა თუ ფანტაზიის ნაყოფი.

აშშ-ის საელჩოს მხრიდან ჩარევაზე ბრალდება დაუჯერებელია ნაზი ჯანეზაშვილისთვისაც. ის ამბობს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ძალიან ცუდად იყენებს თანამშრომლობის პრაქტიკას, რომელიც მოსამართლეებსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის არის.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამეტი წლებია სასამართლოსთან მიმართებაში პროგარმებს ახორციელებს. მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქვს მჭიდრო თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, შემხებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურ მოსამართლეებთან — ასწავლიდნენ, როგორ გამხდარიყვნენ უკეთესი მოსამართლეები.

მე ვვარაუდობ, რომ ამ კარგ თანამშრომლობას, რომელსაც კეთილი მიზანი ჰქონდა, მოსამართლე იყენებს ძალიან მძიმე და შეუსაბამო ფორმით“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნაზი ჯანეზაშვილმა.

ის ამბობს, რომ თუ მოსამართლეს აქვს წუხილი მის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით, საქმის განხილვამდე, საქმის განხილვის დროს და მის შემდგომ არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომელსაც უნდა მიმართოს.

უკვე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ზეწოლის შემთხვევაში, ჯანეზაშვილის განმარტებით, მოსამართლეს უნდა მიემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, ხოლო ბრიფინგი გაემართა სპიკერ მოსამართლეს — ეს ინსტიტუტი ფურცელზე არსებობს, თუმცა ეფექტიანად არ ფუნქციონირებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მსგავსი შინაარსის [ზეწოლაზე] განცხადებით მოსამართლე ჩხიკვაძეს საბჭოსთვის არ მიუმართავს.

„ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენების ნაცვლად, მოსამართლე ჩხიკვაძემ გამოფინა გაუგებარი განცხადება, სადაც იმეორებს იმ რიტორიკას, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის წინააღმდეგ.

ჩემი შთაბეჭდილებით, ეს განცხადება უკავშირდება პროპაგანდას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ და ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამაში მოსამართლე ჩაერთო. თუ ჰქონდა პრეტენზიები, ორი თვის წინაც დაურეკა მედიამ, მაგრამ არ უსაუბრია. ნუ გადააყოლებენ ქვეყანას მათ ტრენინგებში მონაწილეობას.

ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, ქვეყანა რთულ გზას გადის ევროინტეგრაციის მიმართულებით. წამოყენებული გვაქვს პირობები, სადაც სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ დროს მოსამართლე რომ ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზეც და მომავალზეც“, — ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი მოსაზრებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება კოორდინირებულია „ქართულ ოცნებასთან“ და უფრო მეტიც, საერთოდ არ არის მისი დაწერილი.

„განცდა მაქვს, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მიაწერეს და ეს იყო. პირდაპირ თანხვედრაშია იმ განცხადებებთან, რაც კეთდება ბოლო პერიოდში. მომავალში მეტსაც ვნახავთ“, — ამბობს ჯანეზაშვილი.


ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა „ნეტგაზეთისთვისაც“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.

აშშ-ის საელჩოში კი აცხადებენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოითხოვა განმარტების გაკეთება, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ.  მან ასევე თქვა, რომ „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ“.

ამის შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო. გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი