ახალი ამბებისამართალი

მორალური უფლება არ გვქონდა, აშშ-ში წავსულიყავით – მოსამართლეები

15 ივლისი, 2022 •
მორალური უფლება არ გვქონდა, აშშ-ში წავსულიყავით – მოსამართლეები

მოსამართლეები გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი აცხადებენ, რომ მათი კოლეგის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნის შემდეგ აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან, აშშ-ში წასვლის მორალური უფლება არც მათ ჰქონდათ.

საუბარია აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნაზე, რის შემდეგაც შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 28 მაისს გავრცელდა, მარგამ მაშინ აღნიშნულ მოსამართლეებს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც დღეს, 15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ორთვიანი დუმილი დაარღვია და ამ საკითზე განცხადება გაავრცელა, მის კვალდაკვალ „იმედთან“ კომენტარები გააკეთეს გიზო უბილავამ და რომეო ტყეშელაშვილმა. მოსამართლეებმა მათი კოლეგის მიმართ აშშ-ის საელჩოს დამოკიდებულება “არაჯანსაღად და ზეწოლად” შეაფასეს.

„ჩვენ, [მისმა] კოლეგებმა, ვინც მივემგზავრებოდით, ჩავთვალეთ, რომ ჩხიკვაძეს, ფაქტობრივად, ანგარიში მოსთხოვეს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე ასე აღვიქვი და, შესაბამისად, უარი ვთქვით გამგზავრებაზე. მორალური უფლება არ გვქონდა, რომ წავსულვიყავით ამ ვიზიტით. ფაქტობრივად, ზეწოლა განხორციელდა“, – განაცხადა „იმედთან“ გიზო უბილავამ.

რომეო ტყეშელაშვილის თქმით, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან უსამართლოდ მოხსნეს და ამის შემდეგ რომ აშშ-ში წასულიყო, საკუთარ თავთან მართალი არ იქნებოდა. მისივე თქმით, საელჩოს მხრიდან ადგილი ჰქონდა “გარკვეულ არაჯანსაღ დამოკიდებულებას”, რომელიც ყოვლად მიუღებელია.

“აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება… არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ იმ ვიზიტში  მიმეღო მონაწილეობა.

მორალურად არ ვიქნებოდი მართალი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რომ აღნიშნულ ვიზიტში მიმემღო მონაწილეობა და ამერიკაში წავსულიყავი მაშინ, როდესაც სრულიად უსამართლოდ და არაჯანსაღად გაკეთდა ის ქმედებები და განცხადებები ჩვენი კოლეგის მიმართ“, – განაცხადა „იმედთან“ რომეო ტყეშელაშვილმა.


ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა „ნეტგაზეთისთვისაც“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.

აშშ-ის საელჩოში კი აცხადებენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოითხოვა განმარტების გაკეთება, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ.  მან ასევე თქვა, რომ „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ“.

ამის შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.

დღეს, 15 ივლისს კი, რუსთავი 2-მა გაავრცელა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება, რომელშიც აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან) შეხვედრა ჰქონდა, რომელიც მისი შეფასებით, იყო „ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი