საზოგადოება

რატომ არ აცვია ქართველ გულშემატკივარს ნაკრების მაისური

22 ივნისი, 2022 • 6447
რატომ არ აცვია ქართველ გულშემატკივარს ნაკრების მაისური

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების განახლებული კონცეფცია წარადგინა. რებრენდინგის ფარგლებში შეიქმნა მაისურის ახალი დიზაინიც, ხელშეკრულება მათ შეკერვაზე კი იტალიურ კომპანია Macron-თან გაფორმდა, რომელიც ნაკრების ტექნიკური სპონსორი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2022/23 წლის სეზონის ოფიციალური ფორმა ჯერ არ ჩაშვებულა ონლაინ გაყიდვაში, ფანშოპის მაღაზიაში მისი შეძენა 190 ლარადაა შესაძლებელი, რაც გულშემატკივრების ნაწილის შეფასებით ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის მაისურს  არახელმისაწვდომს ხდის.

პრობლემის აქტუალურობა ნაკრების ბოლო მატჩებზეც გამოჩნდა. კერძოდ, დინამო არენაზე, რომელიც 54 000-მდე გულშემატკივარს იტევს, სავსე ტრიბუნებში არათუ განახლებული, არამედ წინა სეზონების მაისურიც მხოლოდ ერთეულებს ეცვათ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოასპარეზე გუნდების მაისურების ფასებს გადავხედეთ. შედეგად ირკვევა, რომ როგორც ბულგარეთის, ასევე გიბრალტარის და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებების მაისურები ლარშიც საქართველოსაზე იაფი ღირს.

მაგალითისთვის, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ფანშოპის გვერდზე გუნდის ოფიციალური ფორმა, რომელსაც ესპანური ბრენდი Joma კერავს, 99 ბულგარული ლევი ღირს, რაც 155 ლარია. ჩრდილოეთ მაკედონიისთვის Jako-ს მიერ შეკერილი მაისური კი მათ ფანშოპში 2 900 მაკედონიურ დენარად – 144 ლარადაა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს, მათ ფორმებს Legea უკერავს და ფანშოპის საიტზე მაისურის შეძენა 39.99 ფუნტადაა შესაძლებელი, რაც 143 ლარს შეადგენს.

ფოტო: nakrebi.ge

სპორტული ჟურნალისტი ირაკლი მაღრაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ის, თუ რა ფირმის ფორმა ეცმევა ნაკრებს, ან როგორი ჰიმნი ექნება, ეს პირველი ხარისხის ამოცანა არაა და მთავარი მაინც ის შედეგია, რომელსაც გუნდმა უნდა მიაღწიოს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო ისეთი ბრენდის გამონახვაც, რომელიც მაისურებს გულშემატკივრისთვის უფრო ხელმისაწვდომ ფასად დაამზადებდა:

„ჩასაფრებულის პოზიციიდან არც მიყვარს და არც მინდა საუბარი, მაგრამ მე ვერ ვხედავ ფედერაციისგან მცდელობებს, რომ ხალხის ინტერესები იყოს გათვალისწინებული ამ საკითხში. ხალხის ინტერესი კი ის არის, რომ მათი საყვარელი ნაკრების მაისური იყოს ხელმისაწვდომი. სტადიონზე მისულ 54 000 კაცში მხოლოდ 100-200 ადამიანს რომ აცვია ფორმა, ეს ძალიან ცუდია.

ცხადია, ეს განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობით, ხალხი ვერ იხდის 190 ლარს. ნუთუ, არ შეიძლებოდა სხვა ბრენდის მონახვა, ან სხვა კონტრაქტის გაფორმება ისე, რომ გულშემატკივრებისთვის ნაკრების მაისური უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო?!“ ,- ამბობს ირაკლი მაღრაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მაღრაძის თქმით, ფეხბურთს გულშემატკივრის გარეშე აზრი არ აქვს, განახლებული ფორმის ფასი კი კითხვის ნიშნებს აჩენს იმის შესახებ, თუ რამდენად იყო ფედერაციის მხრიდან გათვალისწინებული გულშემატკივრის ინტერესი, როდესაც ნაკრების განახლებულ ფორმებზე ხელშეკრულებას აფორმებდნენ.

მაღრაძე აღნიშნავს, რომ კომპრომისი ხარისხზე ნამდვილად არ უნდა გაკეთებულიყო, რამდენადაც, ფორმის ხარისხმა ფეხბურთელებს თავიანთი მოვალეობის შესრულებაში ხელი არ უნდა შეუშალოს. თუმცა მიიჩნევს, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა კონტრაქტის სხვა ბრენდთან გაფორმება, იმისათვის, რომ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრების ფორმა თუნდაც 100 ლარად ეყიდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძენის მსურველიც მეტი იქნებოდა:

„12 ივნისს სტადიონზე ვიყავი და მე პირადად ერთი ადამიანი დავინახე, ვისაც ფორმა ეცვა. ნორმალურ ვითარებაში სასურველია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიდიოდეს სტადიონზე ფორმით. ნორმალურ ვითარებაში გულშემატკივრის მინიმუმ 20%-ს მაინც უნდა ეცვას ნაკრების მაისური. თუმცა ეს ფასი ამას ვერ პასუხობს. გავა დრო, პირობითად რომ ავიღოთ, ერთი წელი და არ იქნება ის სურათი. ხომ გამორიცხულია, 190 ლარად იმ რაოდენობის ადამიანმა შეიძინოს მაისური, რომ ეს ხილული იყოს?!“ ,- აცხადებს ირაკლი მაღრაძე.

სტადიონზე მისული ადამიანისთვის ადვილად შესამჩნევია, რომ გაცილებით მეტ ადამიანს საგულშემატკივრო მაისური აცვია, რომელიც ახალი დიზაინით 50 ლარი ღირს. თუმცა საგულშემატკივრო მაისურების დიზაინი ნაკრების ოფიციალურ ფორმას მიმსგავსებული არაა, რაც ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია საგულშემატკივრო ატრიბუტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ირაკლი მაღრაძე საგულშემატკივრო მაისურებთან აკავშირებით გამოყოფს, კვლავ ფასს უკავშირდება, ვინაიდან, განსხვავებით ოფიციალური ფორმისა, საგულშემატკივრო მაისურებს თავად ფეხბურთის ფედერაცია ბეჭდავს ისევე, როგორც თავად ქმნის მის დიზაინს. შესაბამისად, მისი ფასწარმოებაც ფედერაციის პრეროგატივაა.

იმას, რომ ფორმის გაყიდვისას გულშემატკივრის ინტერესი უპირატესია, ეთანხმება სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძეც, რომელიც წლების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერადაც მუშაობდა. ცნობილაძის თქმით, მსგავსი ხელშეკრულებების დადების ნიუანსები მისთვისაც ცნობილია, რადგანაც ფედერაციაში მუშაობისას თავადაც იყო ჩართული Diadora-სთან მოლაპარაკებებში, რომელიც იმ პერიოდში ნაკრების ტექნიკური სპონსორი იყო.

ცნობილაძე აღნიშნავს, რომ ფასი გამყიდველის პრეროგატივაა, თუმცა საგულშემატკივრო ატრიბუტიკა განსხვავებული ტიპის ნაწარმია და თუ, მაგალითად, ფეხსაცმლის ყიდვისას Nike-სა და Reeboks შორის მომხმარებელს შეუძლია ფასის მიხედვით გააკეთოს არჩევანი, გულშემატკივარი იმავე არჩევანის წინაშე არ დგას.

„ნაკრების მაისური ასეთი ნივთი არაა, საგულშემატკივრო ატრიბუტია, რომელიც, მე მგონია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ფასის ადეკვატურობაც აქედან გამომდინარეობს. შენ თუ ამას აკეთებ იმიტომ, რომ შენმა გულშემატკივარმა ეს ჩაიცვას, რაც ძალიან კარგია, მას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. მესმის, რომ ტექნიკური სპონსორია, ინდივიდუალური დიზაინია…

მეც მქონია ასეთ ვითარებაში საქმე, Diadora იყო ჩემს დროს ტექნიკური სპონსორი და ისიც ინდივიდუალური დიზაინის ფორმებს კერავდა. როგორც ტექნიკური სპონსორი, ბრენდი დამატებით სხვა საკითხებსაც იღებდა თავის თავზე. მათ შორის, შეკრებების დაფინანსებას და ამხანაგური მატჩების დაფინანსებას, მაგრამ პირველ რიგში გასათვალისწინებელი არის ფასის ადეკვატურობა, რომელიც მოდის ორი კომპონენტიდან:

პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა, თუ გინდა, რომ ადამიანებმა ჩაიცვან და მოვიდნენ სტადიონზე, და მეორე – რაღაცა ამოსავალი წერტილი უნდა არსებობდეს, მანამდე რა ფორმაც გვქონდა, ის იყო Adidas, ეს კი – Macron-ია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ფასს ადგენს გამყიდველი“, – ამბობს სანდრო ცნობილაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

აღნიშნულ საკითხზე „ნეტგაზეთი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ ხდებოდა გუნდის ოფიციალური ფორმებზე ფასწარმოება. ფედერაციაში კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა აღნიშნეს, რომ Adidas-ის მიერ შეკერილი მაისურებიც, რომელიც Macron-სგან განსხვავებით, ინდივიდუალური დიზაინით არ მზადდებოდა, ანალოგიურად 190 ლარი ღირდა. Macron-ის ოფიციალურ საიტზე კი საქართველოს ნაკრების ფორმა ფანშოპის ფასზე გაცილებით ძვირი, 79.90 აშშ დოლარი ღირს.

რაც შეეხება ბრენდთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს და ტექნიკური სპონსორობის პირობებს, ფედერაციაში არც ამ საკითხზე ისურვეს საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი