საზოგადოება

„დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე, გთხოვ… აღარაფერს მოგთხოვ“ – ექთნის უწყვეტი შრომა მიზერული ანაზღაურებით

7 ივნისი, 2022 • 2204
„დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე, გთხოვ… აღარაფერს მოგთხოვ“ – ექთნის უწყვეტი შრომა მიზერული ანაზღაურებით

„დე, აღარ წახვიდე 24-საათიანზე გთხოვ. ძალიან გთხოვ, აღარაფერს მოგთხოვ, რასაც მიყიდი, მარტო იმას შევჭამ ან არ შევჭამ. სულ ჩემ გვერდით იყავი, გთხოვ“.

ეს შეტყობინება ია ხელაძემ თავისი შვილისგან მიიღო. ექთანი, რომელიც 3 სამსახურში განუწყვეტლივ მუშაობს, ამბობს, რომ თვეში ანაზღაურება 1000 ლარიც არ გამოსდის.

ია ხელაძის მიმოწერა შვილთან.

იამ ეს შეტყობინება თავდაპირველად ფეისბუკზე გამოაქვეყნა. სწორედ აქ გავიგეთ მისი ამბის შესახებ და ინტერვიუ ვთხოვეთ. ექთანმა გვითხრა, რომ 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ, მეორე დღეს, ლაბორატორიაში სამუშაოდ უნდა წასულიყო, ამიტომ თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ ჰქონდა.  თავისი ამბავი გვიან ღამით ხელით დაწერა, შემდეგ კი წერილის ფოტო გამოგვიგზავნა.

ია 9 წელია ექთნად მუშაობს, ამბობს, რომ ძალიან უყვარს თავისი პროფესია, თუმცა ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია.

„აქამდეც დაუფასებელი იყო ჩვენი შრომა, მაგრამ ახლა ამ პანდემიამ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაგვანგრია. ერთ მხარეს იყვნენ ოჯახები, რომლებიც გვევედრებოდნენ, არ წავუსლიყავით კოვიდ განყოფილებებში, მეორე მხარეს იყო საკუთარი სინდისი.

მახსოვს, როგორ მევედრებოდა დედა, არ წავსულიყავი და მე როგორ ვარწმუნებდი, რომ ეს აუცილებელი იყო. იმ ღამეს არ მძინებია, არავის გაუგია, ისე ჩავალაგე ჩანთა, რადგან არ ვიცოდი, რამდენი ხანი მომიწევდა კლინიკაში ყოფნა ან საერთოდ, თავბრუნდებოდი თუ არა. დილით ცრემლიანმა ჩუმად ჩავრჩურჩულე შვილებს და წამოვედი. წამოვედი და მოვედი აქ – დედამიწაზე არსებულ ჯოჯოხეთში“, – წერს ია ხელაძე ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.

წერილში ექთანი იხსენებს პირველ გარდაცვლილ პაციენტს, ამბობს, რომ ეს მისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული გამოცდილება იყო – „ამის შემდეგ იყო შავი პარკები, დღეში რამდენჯერმე ჩვენი პოსტის წინ უნდა გაევლო. ეს იყო ჯოჯოხეთი, ყოველ გადაყვანილ პაციენტს ცრემლით ვაცილებდი. პირბადე და ფარი მეკეთა, მეხმარებოდა, რომ არაფერი შემჩნეოდა…“

ია ხელაძე და მისი კოლეგები. ფოტო: პირადი ფეისბუკი

„როდესაც დედას დაუდასტურდა, ყველა სიმძიმემ თვალწინ გამიარა და უსაზღვრო შიში ვიგრძენი. გაუსაძლისი, ვერ გადმოცემული… დედა კოვიდმა წამართვა. არ ვისაუბრებ ამ ჩემს პირად ტრაგედიაზე, არ მყოფა დღეები ამაზე სასაუბროდ.

დავრჩი მარტო ჩემს ორ შვილთან ერთად. ვმუშაობ სამ სამსახურში და 1000 ლარი არ გამომდის და ეს ადეკვატური ხელფასია?! მე არ ვედავები პიროვნულად ვინმეს და, მით უმეტეს, კლინიკას. მე ვთხოვ დახმარებას ვისაც ევალება — ჩაგვაგდონ ადამიანებად. 21-ე საუკუნის მონებად რომ უნდა გვაქციონ. დავიღალეთ, უბრალოდ, აღარ გვაქვს რესურსი“.

წერილში, რომელიც მოგვწერა, ია ხელაძე საუბრობს იმის შესახებაცმ, რომ როდესაც ჩვეულებრივ რეჟიმში ადამიანს 24 საათის გათენება ურთულდება, ექთნებს ამის გაკეთება გადაბმულად უწევთ – „ჩვენ ხომ იმისთვის არ დავბადებულვართ, რომ რაკი ექთნობა ავირჩიეთ, მონებად აღგვიქვათ“.

„ხომ დაგიდექით გვერდით საკუთარი ოჯახების მიტოვების ხარჯზე მთელი პანდემია და ახლაც აქ ვარ, თქვენთან. არ წავედი, არ მიგატოვეთ. ახლა მაინც დაგვაბრუნეთ ჩვენს შვილებთან. მომეცით საშუალება, არ წავიდე არც აქედან და არც ქვეყნიდან. დაგვეხმარეთ, რომ ჩვენც ადამიანურად შეგვეძლოს ცხოვრება“.

ია ხელაძის წერილი.

მუშაობა საათში 2.73 ლარად

ექთნებს კლინიკებთან კოლექტიური დავის პროცესში „სოლიდარობის ქსელი“ ეხმარება. ამ დროისთვის, ორი სამედიცინო დაწესებულებიდან  — პირველი საუნივერსიტეტო და ციციშვილის კლინიკიდან — 40-მდე ექიმია პროფკავშირში გაწევრიანებული.

პროფკავშირის წევრია ია ხელაძეც, რომელიც, მათ შორის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანია.

ნეტგაზეთთან საუბარში ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირის სოლიდარობის ქსელის გენმდივანი, რეზი კარანაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექთნებმა პროფკავშირებს მიმართეს და მათი ბრძოლა საჯარო გახდა, დაიწყო ზეწოლა ადმინისტრაციის მხრიდან.

„იყო შემთხვევა საუნივერსიტეტო კლინიკაში, როცა ექთნებს ექუბნებოდნენ, რომ აი, რაკი შენ „სოლიდარობის ქსელი“ [ფეისბუკ პოსტი] გადააზიარე და მათ ეთანხმები, წადი სამსახურიდან. როდესაც ექთნებმა უპასუხეს, ასე არ ხდება, ჩვენ პროფკავშირები ვართ და მოლაპარაკება გვინდა, უკან დაიხიეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

შემდეგ იყო კულუარულ დონეზე ინფორმაცია, კულუარულ დონეზე ცდილობდნენ… თითქოს აპირებდნენ გამოცდის დანიშვნას და ჩვენ ამას საჯარო პოსტით გამოვეხმაურეთ… იყო ტკბილი სიტყვები, ყალბი დაპირება. ის თავიდან დაჰპირდა, რომ ხელფასი გაიზრდებოდა ამ წლის დასაწყისში 3 ლარამდე, მაგრამ გაიზარდა 2.78-მდე. აქედან გამომდინარე, ასეთი სიტუაციაა“, — ამბობს რეზი კარანაძე და დასძენს, რომ ექიმებს არ ერიცხებოდათ არც ე.წ. კოვიდ დანამატი, რაზეც ინფორმირებულია შრომის ინსპექციაც.

პრობლემებზე საუბრობენ ექთნები ციციშვილის კლინიკიდანაც. პროფკავშირების თქმით, ისინი ჰყვებიან არანორმატიულ გრაფიკზე – „შეუძლიათ, 11 საათზე დაურეკონ, სამსახურში მოდითო“ და პროტესტის შემდეგ, შეურაცხყოფაზეც გადადიან.

საპასუხო კომენტარისთვის ნეტგაზეთი დაუკავშირდა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს. მასთან ინტერვიუს ველოდებით.

განახლება: სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ლევან რატიანთან საუბარი შევძელით. მან გვითხრა, რომ ამ ეტაპისთვის მას 3 განცხადება აქვს შესული ექთნებიდან პროფკავშირში გაერთიანების შესახებ.

რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, ნეტგაზეთთან საუბარში ლევან რატიანი აცხადებს, რომ როგორც პროფესიულად, ასევე მორალურად მართალია, რადგან ხელფასები ექთნებს გაცილებით მეტი აქვთ – „2.73 ლარი საათში არის ძალიან დიდი ტყუილი,“.

ლევან რატიანი ეხმიანება ერთ-ერთ ექთანს, დავით კაპანაძეს. ის ერთ-ერთია, ვინც პროფკავშირული ბრძოლის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

რატიანი ამბობს, რომ როგორც თერაპიის ექთანს, 2020 წლის აგვისტოდან დღემდე ანაზღაურების სახით აღებული აქვს 30 327 ლარი, რაც თვიურად, დაახლოებით, 1428 ლარია.

„არ მინდა სხვა სახელები დავასახელო, მაგრამ, რომ ავიღოთ რეანიმაციის ერთი ექთანი, მას ამავე პერიოდში აღებული აქვს 55 350 ლარი. ეს არ არის დაბალი ხელფასი,“ — ამბობს რატიანი და ამატებს, რომ მას არ ესმის, „ვინ დაავალა ექთნებს ასე საუბარი“.

ამასთანავე, ინტერვიუში რატიანი დასძენს, რომ შრომის ინსპექციამ შეამოწმა კლინიკა და ადმინისტრაციული დარღვევვა არ დაუდგენია.

„ღირსეული ანაზღაურება ტაშის ნაცვლად“ 

ექთნების შრომა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია და ამას წლიდან წლამდე ადასტურებენ თავად ექთნები და კვლევებიც.

მაგალითად, 2019 წლის „სოლიდარობის ქსელის“ კვლევის თანახმად, საშუალოდ ერთ ექთანზე 11 პაციენტი მოდიოდა მაშინ, როდესაც ექთნებს გადაბმულად, შესვენების გარეშე უწევდათ შრომა. ამის ფონზე გამოკითხულ ექთანთა 79% ამბობს, რომ მას ზეგანაკვეთურ შრომას არ უხდიან, ხოლო ხელფასი 79%-ს ჰქონდა 300-დან 500 ლარამდე, 30.5% კი ვერ სარგებლობდა ანაზღაურებული შვებულებით.

სიტუაცია გაუარესდა პანდემიის დაწყების შემდეგ, რა დროსაც ექთნები დღეების განმავლობაში ვერ ბრუნდებოდნენ სახლში. „სოლიდარობის ქსელის“ 2021 წლის კვლევის თანახმად, პანდემიისას შრომის მატებასთან ერთად ექთნების 60%-სთვის შრომის პირობები გაუარესდა. აქედან 23.6%-ზე მეტი ამბობს, რომ საავადმყოფოებში სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა; საქართველოში ექთნების სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა კვირაში 54-68 საათიდან 76-92 საათამდე გაიზარდა. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ პანდემიის დროს ექთნებს ხელფასი გაეზარდათ, თუმცა, მცირედით – კერძოდ, საშუალოდ 250-508 ლარიდან 283-582 ლარამდე.

ექთნების ანაზღაურების სისტემური პრობლემის შესახებ იცის თავად ჯანდაცვის სამინისტრომაც. მაგალითად, ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 2021 წელის დეკემებრში ჯანდაცვის სექტორის პრობლემებს შორის ექიმების ანაზღაურება და რიგ დარგებში მათი არათანაბარი განაწილება, ასევე, „კრიტიკულ ასაკში” – 60 და 70 წელს ზემოთ – მყოფი ექიმების დიდი რაოდენობა დაასახელა.

„ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენი ექიმები არათუ 2 ადგილას ან 3 ადგილას, 4 ადგილასაც მუშაობენ”, – დასძინა მან და აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებად დაბალი ანაზღაურება, ასევე, პროფესიის მოთხოვნადობა და სერვისის მიწოდების წყვეტა დაასახელა.

ტიკარაძის თქმით, ერთდროულად 4 ადგილას ექიმების 12% მუშაობს, 2 ადგილას კი – 42%. მისი სიტყვებით, ამ ფონზე “ჩვენ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზე ვერ ვისაუბრებთ”,- ამბობდა ტიკარაძე.

ნეტგაზეთმა ამ სტატიის მომზადების ფარგლებშიც მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსაც. უწყებას ვკითხეთ, რა იგეგმებოდა ექთნების ანაზღაურებასთან დაკავშრებით. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ თუ საქმე ეხება  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, ის უწყების დაქვემდებარებაში არაა, შესაბამისად, არ ეხება არც პერსონალის ხელფასის განსაზღვრა. დამატებით კითხვებზე ნეტგაზეთი პასუხს ელოდება.


ექთნების დაუფასებელ შრომაზე ნეტგაზეთი გირჩევთ ასევე ნახოთ:

ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი