ახალი ამბები

ექთნების ხელფასების ზრდისა და სხვა მოთხოვნებით “სოლიდარობის ქსელმა” სამინისტროს მიმართა

1 თებერვალი, 2023 • 858
ექთნების ხელფასების ზრდისა და სხვა მოთხოვნებით “სოლიდარობის ქსელმა” სამინისტროს მიმართა

ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლებმა დღეს, 1 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს წერილი, რომლითაც მოითხოვეს ექთნებისთვის ხელფასების მომატებას, ასევე, სანიტრებისა და ექიმების თანაშემწეებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესება.

“ორ სამსახურში მიწევდა მუშაობა დღეგამოშვებით, 24 საათი, და ძალიან დატვირთული ვიყავი. ანაზღაურება იყო მინიმალური, 400-500 ლარი. ექთნისთვის ეს არ არის საკმარისი, სამწუხაროდ”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ექთანმა ნათია მაღრაძემ.

მისი თქმით, ერთი სამსახური შეუსაბამო ანაზღაურების გამო უკვე დატოვა, თუმცა დღემდე აგრძელებს მუშაობას ერთ-ერთი კლინიკის კარდიოინტენსიურ განყოფილებაში.

“[ჩემს მოვალეობებში შედის] პაციენტის მონიტორინგი, დანიშნულების შესრულება, მეთვალყურეობა და სხვა ბევრი რაღაც… 24 საათი უნდა იყო მუდმივ კონტროლში, რომ პაციენტთან მონიტორი აკონტროლო”.

“მეც ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ პანდემიის შემდეგ ექთნის შრომა დაფასდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. იყო ძალიან ბევრი გადმორიცხვა, მაგრამ ექთნამდე არ მოდიოდა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ”, — გვითხრა მაღრაძემ.

2023 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფომ დააწესა ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2025 წლისთვის ექთნის მინიმალური ანაზღაურება საათში 5.6 ლარი გახდება.

“სოლიდარობის ქსელის” დირექტორი სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პროგრესი არის, თუმცა, არასაკმარისი. მეორე მხრივ, ის ხაზს უსვამს, რომ მინიმალური ხელფასი უნდა დაწესდეს სხვა მედმუშაკების, მათ შორის, სანიტრებისა და ექიმის თანაშემწეების შემთხვევაშიც.

“ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს, სანიტრები, თანაშემწეები, რომ “რატომ ჩვენ არა”. რეალურად, ეს ბიზნესები არაფერს აკეთებენ, თუ მთავრობა არ დააძალებს. 140-160 ლარი აქვთ სანიტრებს.

მხოლოდ ექთნებს მოუმატეს და ექიმებს, იმიტომ, რომ სახელმწიფომ დააძალა, მაგრამ სანიტრები, თანაშემწეები, დატოვეს იგივე ხელფასზე”, — დასძენს ის.

სამინისტროსთან ასევე ითქვა, რომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ეტაპობრივად საგაფიცვო მოქმედებებიც დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი