ახალი ამბები

ექთანი, რომელიც ლევან რატიანმა გაათავისუფლა, სასამართლომ აღადგინა — სოლიდარობის ქსელი

25 ოქტომბერი, 2022 • 877
ექთანი, რომელიც ლევან რატიანმა გაათავისუფლა, სასამართლომ აღადგინა — სოლიდარობის ქსელი

სამსახურიდან გათავისუფლებულმა ექთანმა სასამართლოში დავა მოუგო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას. ინფორმაციას ამის შესახებ „სოლიდარობის ქსელი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისის თვეში იგი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენ. დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (ხელფასი თვეში, დაახლოებით, 400 ლარი).

„სოლიდარობის ქსელის“ თქმით, ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია:

„ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნისა და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ექთანი ნინო კვაჭაძე არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა. ამის გამო რატიანმა ის დასაჯა – 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა, ყოველგვარი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცესის დაცვის გარეშე“, — აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ სასამართლომ კლინიკიდან ექთნის გათავისუფლების ცნობა ბათილად ცნო.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორ ლევან რატიანს დაუკავშირდა. რატიანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ  ექთანზე ზეწოლა არ მოუხდენია. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ასეთი შედეგი დადგება, გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი