ახალი ამბები

“ჯანდაცვის სექტორი ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს” – ტიკარაძის ანგარიში

26 დეკემბერი, 2021 • 1470
“ჯანდაცვის სექტორი ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს” – ტიკარაძის ანგარიში

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანაა, 2030 წლისთვის “თანაბარ ხელმისაწვდომობასა და დაფარვას მიაღწიოს”. აღნიშნულის შესახებ მან წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

ტიკარაძემ, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიმდინარე თვეში ამცნო საზოგადოებას, 26 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა როგორც ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებსა და პრობლემებზე, ისე მისი მინისტრობისას განხორციელებულ პროექტებზე.

“ჩვენ ვთვლით, რომ კოვიდის კომპონენტში სახელმწიფოს გააჩნია სისტემური პასუხი. მრავალფუნქციური, მრავალდონიანი და სისტემური პასუხი”, – თქვა მან პანდემიის კრიზისის დროს სახელმწიფოს პოლიტიკის შეფასებისას და დაამატა:

“აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები… თუმცა, ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ”.

ტიკარაძის სიტყვებით, ლეტალობის არსებული მაჩვენებელი “დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის”.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სექტორის პრობლემებს შორის ექიმების ანაზღაურება და რიგ დარგებში მათი არათანაბარი განაწილება, ასევე, “კრიტიკულ ასაკში” – 60 და 70 წელს ზემოთ – მყოფი ექიმების დიდი რაოდენობა დაასახელა.

“დეფიციტურია ქვეყანაში რეანიმატოლოგ-ანესთეზოლოგთა რაოდენობა.

თითქოს გვაქვს ქვეყანაში ექიმების რაოდენობის სიჭარბე და ექთნების რაოდენობის სიმცირე, მაგრამ ექიმები დარგობრივად იმდენად არათანაბრად არიან გადანაწილებულნი, რომ ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, რომლებიც უფრო მეტად კრიტიკულია, არ გვყავს ექიმები.

ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენი ექიმები არათუ 2 ადგილას ან 3 ადგილას, 4 ადგილასაც მუშაობენ”, – დასძინა მან და აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებად დაბალი ანაზღაურება, ასევე, პროფესიის მოთხოვნადობა და სერვისის მიწოდების წყვეტა დაასახელა.

ტიკარაძის თქმით, ერთდროულად 4 ადგილას ექიმების 12% მუშაობს, 2 ადგილას კი – 42%. მისი სიტყვებით, ამ ფონზე “ჩვენ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზე ვერ ვისაუბრებთ”.

მისივე თქმით, თბილისისა და რეგიონების სასწრაფო დახმარების ბრიგადების ანაზღაურების მაჩვენებელი არათანაბარია. ტიკარაძის თანახმად, პრობლემის აღმოსაფხვრელადეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს გაუთანაბრდება.

“…ასევე სასწრაფოს არ გააჩნია საკუთარი ადმინისტრაციის შენობა, არც რეაგირების ცენტრი, ისინი არიან ქირით.

სახელმწიფო სტრუქტურა როდესაც ქირით არის, ეს არ არის ადეკვატური და რაციონალური დანახარჯი სახელმწიფოს მხრიდან… ასევე ის აღჭურვილობა, რომელიც სწრაფი რეაგირებისთვის არის საჭირო, არ აქვს შესაბამისი

ასე რომ, რეაგირების ცენტრის მოსაწყობად ბევრი ნაბიჯი არის გადადგმული და ესეც მალე ექნებათ უკვე ჩვენს ექიმებს”, – დასძინა მან.

თავისი მინისტრობის დროს განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას, ტიკარაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და სოციალური კოდექსზე მუშაობის დაწყება, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურის გადახალისება ახსენა.

“…ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი სტრუქტურა აუცილებლად უნდა შეცვლილიყო, ვინაიდან ეფექტურ პოლიტიკას ესაჭიროება ეფექტური მენეჯმენტი და ეფექტურ მენეჯმენტს ესაჭიროება სწორად დალაგებული პროცესები.

ამ მიმართულებით ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები. ამ ცვლილებას ჩვენ მოგვცა ის, რომ თითოეული სიპი გახდა უფრო ავტონომიური, იქ იყო ნაკლები პოლიტიკა და მეტი განხორციელების და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება, რაც მნიშვნელოვნად აისახა ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე…” – დასძინა მან.

ტიკარაძის სიტყვებით, გასულ წლებში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ასევე, დაიწყო მუშაობა წამლის ეროვნული ლაბორატორიის შესაქმნელად, სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებისთვის კი ჩამოყალიბდა  “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი”, რომლის “მართვაში არსებული სახელმწიფო საწოლფონდი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1022 საწოლიდან გაიზარდა 2000-მდე”.

მისივე სიტყვებით, ევროკავშირისა და ჯანმოს მხარდამჭერით რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ნაწილი აღიჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით.

“[აპარატები] სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებში ისარგებლონ ციფრული ჯანდაცვის შესაძლებლობებით”, – თქვა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა, თუმცა თქვა, რომ თვის ბოლომდე რჩება მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გადაინაცვლებს.

ამ დრომდე უცნობია, ვინ შეცვლის ტიკარაძეს მინისტრის პოზიციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი