ახალი ამბები

ექთნები სისტემური ცვლილებების მიზნით პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

6 ოქტომბერი, 2022 • 806
ექთნები სისტემური ცვლილებების მიზნით პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

„სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის ექთნები სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად სისტემურ ცვლილებებს მოითოხვენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ.

„სოლიდარობის ქსელის“ ცნობით, ქვეყანაში ექთნების კადრების საგანგაშო ნაკლებობაა, რაც განპირობებულია საშუალოდ 300- ლარიანი ხელფასებითა და კაბალური სამუშაო პირობებით.

სწორედ ამიტომ, 7 ოქტომბერს, „ღირსეული შრომის საერთაშორისო დღეს“, 12:00 საათზე, „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის ექთნები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰოსპიტალური სექტორში ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

„სოლიდარობის ქსელის“  განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების მჩაგვრელი შრომითი პირობების აღმოსაფხვრელად და არსებული სერიოზული კრიზისის თავიდან ასაცილებლად ექთნებს სჭირდებათ:

  1. სახელმწიფოს დონეზე გადაიხედოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკა და სამედიცინო სექტორისთვის განისაზღვროს მინიმალური/საცხოვრებელი ხელფასის ოდენობა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულისთვის უზრუნველყოფს ღირსეული საცხოვრებელ პირობებისთვის საჭირო შრომის ანაზღაურებას.
  2. სახელმწიფომ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მოპარული ხელფასის პრაქტიკასთან დაკავშირებით: აღიკვეთოს ხელფასის დაგვიანებები, შემოწმდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დანამატების გაცემა საავადმყოფოში.
  3. დარეგულირდეს სამედიცინო პერსონალის სამუშაო საათები, მკაცრად აღირიცხოს სამუშაო დრო, ღამით მუშაობა, ზეგანაკვეთური შრომა და სამედიცინო პერსონალისთვის მოხდეს მათი კუთვნილი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით. მედმუშაკებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული ცვლაში დასვენებისა და შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
  4. სახელმწიფომ განისაზღვროს პაციენტებისა და ექთნების თანაფარდობის სტანდარტი და უზრუნველყოს ამ სტანდარტის პრაქტიკაში აღსრულების ზედამხედველობა.
  5. შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენი პროფესიული კავშირის ჩართულობით იმუშავებს ამ განცხადებაში მითითებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

წაიკითხეთ მეტი:

მასალების გადაბეჭდვის წესი