ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასი წესდება.
მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, ექთნებისთვის მინიმალურ ხელფასად განისაზღვრა საათში 4.2 ლარი, ხოლო ექიმებისთვის – 7 ლარი. ცვლილება ძალაში შევა 2023 წლის პირველი იანვრიდან.
ახალი რეგულაციის თანახმად, თუკი დასაქმებულები 8-საათიან სამუშაო დღეს სრულად იმუშავებენ, ზეგანაკვეთური შრომის გარეშე თვიური ანაზღაურება (24 სამუშაო დღის მონაცემებით) გამოდის ექთნისთვის 806 ლარი, ხოლო ექიმისთვის – 1344 ლარი.
მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ სიახლე ეხება მხოლოდ იმ სამედიცინო პერსონალს, რომელთა დამსაქმებელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.
მისი თქმით, ახალი მექანიზმი „შექმნის მათთვის ღირსეული ანაზღაურების, ასევე სამუშაოს შესრულების მოტივაციის და გარკვეულწილად შრომითი დაცულობის გარანტიებს“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაცნოთ სექტორს ის წინადადებები, რომელიც მომზადდა, მივიღოთ მათი პოზიცია და საბოლოოდ უკვე ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ვადებში, რა ინტენსივობით ამოქმედდება მინიმალური ხელფასის პოლიტიკა იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მან.
ახალი სახელფასო სისტემა თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინერგა.
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საპილოტე სახელფასო სისტემის მიხედვით, მინიმალური ანაზღაურება შემდეგი იყო:
- ექიმი — საათში 9 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია.
- უმცროსი ექიმი — საათში 6 ლარია, თვეში კი — 1 080 ლარი
- ექთანი — საათში — 5,75 ლარი, თვიურად —1035 ლარი
- ექთნის დამხმარე — საათში 3 ლარია, თვეში — 540 ლარი.
- სანიტარი — საათში 2,80 ლარი, შესაბამისად, ყოველთვიურად — 504 ლარი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის – 5,6 ლარით განისაზღვრება.