საზოგადოება

ღარიბაშვილს ბრატისლავაში ფორუმზე ლექსო ლაშქარავას საქმეზე ჰკითხეს

3 ივნისი, 2022 • 2129
ღარიბაშვილს ბრატისლავაში ფორუმზე ლექსო ლაშქარავას საქმეზე ჰკითხეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (Globsec2022), ლექსო ლაშქარავას დაღუპვის შესახებ ჰკითხეს. ფორუმზე ღარიბაშვილი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მონაწილეობს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მათ უპასუხეს დისკუსიის მოდერატორისა და აუდიტორიის შეკითხვებს.

„თქვენ იკითხეთ, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ეს [EU წევრობის კანდიდატის] სტატუსი? ჩემი კითხვა შეეხება წინა წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი [ლექსო ლაშქარავა] თბილისის ცენტრში „თბილისი პრაიდის“ დროს მოკლეს, მაშინ, როდესაც მას თავს დაესხნენ ულტრამემარჯვენე პირები. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. ხელისუფლება იგივე შეცდომა დაუშვებს წელსაც თუ დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?“, – ჰკითხა პრემიერს აუდიტორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ღარიბაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი იმით დაიწყო, რომ 2014 წელს საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მისი თქმით, ამ საკითხთან [ლგბტქი ადამიანებს უფლებები] დაკავშირებული პრობლემები EU წევრ ქვეყნებშიც არსებობს.

„და გულწრფელად გითხრათ, ეს არ არის პრობლემა…. და რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში – არის პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით…”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას საქმეს. ღარიბაშვილმა განაცხადა:

“მაგრამ ეს ინფორმაცია არასწორია – ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს, არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ – პოლიციამ პასუხისგებაში მისცა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი დააკავეს. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დაიცვას ყველა მოქალაქე. მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სხვა. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი, რომელიც არსებობს საქართველოში, იცავს ყველა მოქალაქეს“, – ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოს ჯერჯერობით არ დაუკავებია 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. სხვა ჟურნალისტებთან ერთად 5 ივლისს იძალადეს „ტვ პირველის“ ოპერატორზე – ლექსო ლაშქარავაზე. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე დაზიანებებს მკურნალობდა. 11 ივლისს ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა. შსს-მ გარდაცვალების მიზეზად ზედოზირება დაასახელა.


5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, სასულიერო პირებიც – რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას” და „თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ. აქციის შემდეგ მათ პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და იცეკვეს.

ისინი თავს დაესხნენ 40-ზე მეტ ჟურნალისტს, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით. მდუმარე აქციის შემდეგ პარლამენტის წინ მაინც გაშალეს ცისარტყელას ფერების დროშა – რაც ქვიარ უფლებების სიმბოლოა.

საბოლოოდ, ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე 5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

რაც შეეხება თავად ლაშქარავას, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფომ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირებაა. 30 დეკემბერს დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება ამ დასკვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი