ახალი ამბებისამართალი

როგორ მოკლეს მეორედ ლაშქარავა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე

19 ივლისი, 2021 • 4482
როგორ მოკლეს მეორედ ლაშქარავა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენამდე

ტვ პირველის ოპერატორის, ალექსსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების უშუალო მიზეზი ჯერაც დაუზუსტებელია – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ დასრულებულა.

ამ ფონზე სახელმწიფოს მხრიდან მისი სიკვდილის „შესაძლო“ მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირების დასახელება კი, შესაძლოა, მის დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად – სახეზე იყოს „რეპუტაციული მკვლელობა“, რაც ცნობილი მეთოდია პოლიტიკური თუ სხვა სახის მიზნების მისაღწევად.

ლაშქარავას დისკრედიტაცია, თავის მხრივ, სავარაუდოდ, იმისთვის არის საჭირო, რომ მისი დაღუპვის შემდეგ აგორებული საპროტესტო ტალღა ნაკლებად ლეგიტიმური გამოჩნდეს. ეს კი, თავის მხრივ, საგამოძიებო უწყებების სავარაუდო პოლიტიზების პრობლემას უჩვენებს.

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა დამოუკიდებელ ექსპერტს ლაშქარავას საქმეში, ასევე, პრაქტიკოს ნარკოლოგს, სისხლის სამართლის იურისტსა და ყოფილ სახალხო დამცველს. ეს სტატია მათთან ინტერვიუებზე დაყრდნობით დაიწერა.

„ექსპერტიზის შუალედური დასკვნა“ – შსს

12 ივლისს ლაშქარავას გარდაცვალებიდან მე-2, დაშავებიდან კი მე-8 დღეს, 22:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგზე უჩვენა, უწყების თანახმად, ოპერატორის გადაადგილების კადრები ფონიჭალაში – სადაც წლებია, უკანონო ნარკოვაჭრობის პრობლემა ვერ გვარდება – და განაცხადა, რომ შესაძლოა, მისი დაღუპვის მიზეზი ზედოზირება ყოფილიყო.

ამის არგუმენტირებისათვის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დაასახელა, მისი თქმით, „შუალედური დასკვნის“ თანახმად, ლაშქარავას ორგანიზმში აღმოჩენილი 5 ნარკოტიკული ნივთიერება.

ტერმინი „შუალედური დასკვნა“, მართალია, ჭელიძემ ბრიფინგზე გამოიყენა, – შესაბამისად, ტელემაყურებელსაც ასეთი სახით მიეწოდა ინფორმაცია, – თუმცა შსს-ს პრესრელიზში, ანუ წერილობით განცხადებაში, მსგავსი ტერმინი ნახსენები არ არის; არც დასკვნა არის გამოქვეყნებული.

ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ცნება „შუალედურ დასკვნას“ სისხლის სამართალი, საპროცესო წარმოება, არ ცნობს. ის, რაზე დაყრნდობითაც შსს-მ სავარაუდო მიზეზი დაასახელა, ექსპერტიზის ერთ-ერთი პირველი, ქიმიური გამოკვლევა იყო.

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ოჯახის თანხმობით ჩაერთო საქმეში, „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც თავის ტრავმა გარდაცვალების უშუალო მიზეზად გამოირიცხა, შინაგანი ორგანოების გამოკვლევა უნდა ჩატარდეს:

„თავის პირველადი გამოკვლევით, აშკარა ტრავმა, რომელსაც შეიძლება გამოეწვია სიკვდილი, მას არ აღენიშნებოდა. თვალბუდის კედლების ფრაგმენტული მოტეხილობა და სისხლჩაქცევა იმ დიამეტრში სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებოდა. თავის ტვინში ისეთი ინტენსივობის ჰემორაგია, ჰემატომები – არც სუბდურული, არც სუბარაქნოიდალური, არც ეპიდურული, არც ვიტრაცერებრალური ჰემატომა – მას არ აღენიშნებოდა, რომ ცალსახად გვეთქვა მაშინვე, რომ სიკვდილის მიზეზია ტრავმა. ამიტომ ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა არაერთი ბიომასალა, მათ შორის შინაგანი ორგანოების მასალა და ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს“.

ექსპერტის თანახმად, მიკროსკოპული, უფრო ზუსტად კი, ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევისთვის „ავიღეთ ის გარკვეული უბნები, გარკვეული მიმართულებები და ველით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს“.

„არასწორი მიდგომაა, ვთქვათ, „პირველი ექსპერტიზა“, „მეორე ექსპერტიზა“… შსს-მ გაავრცელა ქიმიური გამოკვლევის შედეგები. ეს შედეგებიც, ჰისტოპათომორფოლოგიურიც და სხვა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც, ერთიანად იქნება გადატანილი ერთ პროდუქტში, რასაც ჰქვია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა“, – ამბობს გეჯაძე.

„მთავარი ამოცანა“

თუმცა, გეჯაძის თანახმად, ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევის შედეგების შემდეგაც რთული იქნება სიკვდილის მიზეზზე მსჯელობა და ლაშქარავას მიერ 5 ივლისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირება, რის გამოც სხვა პრაქტიკოსი ექიმების ჩართულობის საჭიროებაზე მიუთითებს:

„ამის შემდეგ, მაღალი ალბათობით, მაინც მიმაჩნია, სიკვდილის მიზეზზე, მის კავშირზე ტრავმასთან, მარტო ამ მონაცემებით დასკვნის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება. საჭიროდ მიმაჩნია, ჩაერთონ ამ ტრავმისა და ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებების შესაბამისი ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტები — ნარკოლოგი, ტოქსიკოლოგი, ნევროლოგი და, შესაძლოა, ინფექციონისტიც“, – ამბობს იგი.

ექსპერტის თანახმად, მან ჯერჯერობით არ იცის, რა დოზით აღმოჩნდა აღნიშნული 5 ნივთიერება ლაშქარავას ორგანიზმში, ასევე, აინტერესებს ნარკოლოგის აზრი, შეეძლო თუ არა მათ ზედოზირების გამოწვევა. ამასთან კი, საჭიროა, პასუხი გაეცეს ყველაზე რთულ კითხვას: გარდაიცვლებოდა თუ არა ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, რომ არ ეცემათ?

„დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ნივთიერებები ერთმანეთზე რა ზეგავლენას ახდენენ – აძლიერებენ კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარების რისკს? რა ხარისხით, რამდენ ხანში მოქმედებენ? როდის მიიღო მან ეს ნარკოტიკი? როდის დადგა სიკვდილი? ამ დროის პერიოდში ამ ნივთიერებების სინთეზი და, ასე ვთქვათ, ტრავმის შემდგომი მდგომარეობა ერთმანეთთან რა კავშირში იყო? ტრავმის შემდგომ მდგომარეობაში ვგულისხმობ იმას, რომ ამ პიროვნებას სისხლი ჰქონდა ჩაღვრილი, რომ გაეწერა საავადმყოფოდან, იქ ჰაიმორის წიაღში მოტეხილობების გამო სჭირდებოდა მკურნალობა ამ სისხლის გაწოვის თვალსაზრისით? ჩაღვრილი სისხლი არის უცხო სხეული, ტლანქად რომ ვთქვათ, ორგანიზმისთვის, თუ არ გაიწოვა. ეს გაუწოვარი სისხლი კი ინფექციის წყაროს წარმოადგენს, რაღაც სხვა გართულებების წყაროს წარმოადგენს. ამიტომაც, ერთი სიტყვით, ამ საკითხებზე მსჯელობისთვის მჭირდება ექიმი-კლინიცისტები“, – უთხრა გეჯაძემ „ნეტგაზეთს“.

„ზედოზირება“?

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც სამედიცინო ცენტრ „ურანტს“ ხელმძღვანელობს, „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობის მიხედვით ცოდნის გარეშე  ნაადრევია საუბარი გარდაცვალების მიზეზზე:

„რაოდენობის გარდა, აუცილებლად საჭიროა მთლიანი ექსპერტიზა – ორგანოების, ქსოვილების და ა.შ.. იმის მიხედვით, თუ რა ცვლილებები განვითარდა ორგანიზმში და რითი გარდაიცვალა, შესაძლებელი იქნება საუბარი, გამოიწვია ამა თუ იმ ნარკოტიკულმა საშუალებამ ეს [გარდაცვალება]“, – ამბობს სიხარულიძე.

„მხოლოდ გარეგნული დათვალიერება ამ კუთხით არაფრის მაჩვენებელი არ არის. ამ წუთას ის დეტალები, რაც შსს-მ გაასაჯაროვა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვინმემ ილაპარაკოს გარდაცვალების მიზეზზე ზუსტად. სანამ არ იქნება ოდენობები და სანამ არ იქნება ცხადი, თუ რა ცვლილებები მოხდა ორგანიზმში გარდაცვალების შემდეგ, ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის“, – ამბობს ნარკოლოგი.

მისი თქმით, შსს-ს ჩამოთვლილი ხუთიდან ნივთიერებიდან მხოლოდ ორია ისეთი, რომელსაც ზოგადად, შეუძლია გამოიწვიოს ზედოზირება, დანარჩენი ნივთიერებები კი თავისთავად არ იწვევს ზედოზირებას, თუმცა:

„ეს ორი ნივთიერებაც რა რაოდენობის არის, – და ამისდა მიხედვით, როდის იყო მიღებული, – მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავისი მახასიათებლები, როდის იშლება, რამდენ ხანს ჩერდება ორგანიზმში და ა.შ.“, – ამბობს იგი.

მისი თქმითვე, ასევე საინტერესოა, „იყო თუ არა ლაშქარავა მომხმარებელი, არის თუ არა გარკვეული ცვლილებები ორგანიზმში, თუ არ იყო მომხმარებელი და ეს ეპიზოდური მოხმარება იყო“.

ზედოზირება არის ნარკოტიკული ნივთიერების დიდი დოზით მიღება, რაც შესაძლოა გარდაცვალებით დასრულდეს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ზედოზირება ნარკოტიკების მიღებიდან რამდენიმე საათში დადგეს, ნარკოლოგი ამბობს:

„ზედოზირება, ზოგადად, შეიძლება დადგეს მიღებისთანავე ან რამდენიმე საათის შემდეგ. რამდენიმე საათის შემდეგ შეიძლება დადგეს ზედოზირება, თუ არ დაიშალა ეს [ნარკოტიკული] ნივთიერება, მაგრამ ამ წუთას შსს-ს განცხადებიდან ჩანს დაშლის პროდუქტები. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ბევრი კითხვა არსებობს და თუ რისგან დადგა სიკვდილი, ამაზე ლაპარაკი, – სანამ არ იქნება ოდენობები და არ იქნება ცვლილებების აღწერა ორგანიზმში სიკვდილის შემდეგ, – არის ნაადრევი“.

„რეპუტაციული მკვლელობა“

იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატი, ბექა თაკალანძე ამბობს, რომ შსს-ს მხრიდან ცალკეული ცნობების გავრცელება ადამიანის დისკრედიტაციის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს:

„ამ ფორმით ვიდეოების, ინფორმაციის გავრცელება ადამიანის დისკრედიტაციის ხარჯზე არის გაუმართლებელი. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ეს საკითხები სპეციალური ცოდნის მქონე პირების შესაფასებელია. თავშივე იმ პოზიციის დაკავება, რომ გარდაცვალება დაკავშირებული ზედოზირებსთან, არასწორია. მეც იურისტი ვარ, მაგრამ არ ვამბობ, რომ ლაშქარავა აუცილებლად გარდაიცვალა 5 ივლისს მიყენებული დაზიანების შედეგად, ან სხვა ვერსიას არ ვავითარებ“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ თაკალანძე, რომელიც ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს იცავს.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულმა მედიასაშუალებებმა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყეს, რადგან მიაჩნიათ, რომ მთავრობამ, სულ მცირე, საპოლიციო ძალის მობილიზებაზე უარის თქმით, 5 ივლისს სათანადოდ არ დაიცვა ჟურნალისტების უსაფრთხოება, რისი შედეგიც იყო ლაშქარავას ცემა და მძიმედ დაზიანება.

აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ ამ საპროტესტო ტალღის ფონზე ალაპარაკდა ლაშქარავას მიერ ნარკოტიკების შესყიდვასა და მოხმარებაზე (და აღსანიშნავია, რომ ნარკომომხმარებლობა ამ დრომდე სტიგმატიზირებულია საქართველოში). სოციალურ ქსელებში ახლად შექმნილ გვერდებზე შსს-ს განცხადებამდე სწორედ ამ ფონზე გავრცელდა იგივე ინფორმაცია. ფეისბუკზე სხვადასხვა პირმა სწორედ ამ ფონზე გაავრცელა ცნობები ლაშქარავას წარსულში დაკავების, ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრებისა და შემაკავებელი ორდერის შესახებ, რაზეც, წესით, არაუფლებამოსილ პირებს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ [ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო].

„რეპუტაციული მკვლელობა“ (ინგლისურად character assasination) – მერიამ ვებსტერის ლექსიკონის თანახმად, ეს ტერმინი გულისხმობს ადამიანის რეპუტაციის შელახვას იმ მიზნით, რომ მისი საჯარო მხარდაჭერა განადგურდეს. ეს ხერხი არაერთხელ გამოუყენებიათ გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის გარდაცვალების შემდეგაც. მაგალითად:

2020 წლის მაისში აშშ-ში, მინეაპოლისში, პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს 46 წლის შავკანიანი მოქალაქე, ჯორჯ ფლოიდი, რის შემდეგაც შტატები საპროტესტო დემონსტრაციებმა მოიცვა საპოლიციო ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ.

დემონსტრანტები ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპორტესტებენ. ფოტო: . EPA-EFE/TANNEN MAURY

მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესები დაიწყო, ფლოიდის ოჯახი საუბრობდა, რომ დაცვის მხარე – ანუ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, დერეკ ჩოვინის ადვოკატები – მის „რეპუტაციულ მკვლელობას“ ეცდებოდა:

„დაცვის მხარე იტყვის, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ნარკოტიკების კვალი, რაც მის ორგანიზმში იყო, და არა ის, რაც ვიდეოზე ვნახეთ – 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში წამება“, – ამბობდა ფლოიდის ოჯახის ადვოკატი, ბენ კრამპი.

ამ საკითხზე არაერთი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული, მაგალითად: „რეპუტაციული მკვლელობა საუკუნეების განმავლობაში“ (იკსისა და შირაევის ავტორობით). ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ერიკ შირაევი წერს:

„ინდივიდის პირად ცხოვრებაზე, ბიოგრაფიაზე და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე თავდასხმით, თავდამსხმელი ცდილობს, ავნოს მსხვერპლს პოლიტიკურად, მორალურად, სოციალურად ან ფსიქოლოგიურად და, შესაბამისად, გარემოებებიდან გამომდინარე … შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი ან მიაღწიოს სხვა მიზანს. ამ მცდელობებს ჩვენ ვუწოდებთ „რეპუტაციულ მკვლელობას“, რაც არის წინასწარ განზრახული მცდელობა, სერიოზულად შეილახოს პირის რეპუტაცია, ხასიათი, სოციალური სტატუსი ან მიღწევები“.

„პროტესტის ჩასახშობად“

სწორედ ასეთ მიზანს ხედავს ლაშქარავას საქმეში ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი: „ის, რასაც სახელმწიფო, შსს, კანონიერი თუ უკანონო გზებით აკეთებს ლაშქარავასთან დაკავშირებით, არის დისკრედიტაციის მცდელობა“.

როგორც ნანუაშვილი ამბობს, ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, „ნაცვლად ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და ყველა დეტალის შესწავლისა, შსს ცდილობს საკუთარი ვერსიის გამყარებას. შსს რეალურად არ იძიებს ამ საქმეს და ყველა, კანონიერი თუ უკანონო მეთოდით ცდილობს, შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია, რათა მოსახლეობას შეუქმნას განცდა, რომ მათი ვერსიაა ნამდვილი, აქეთ წაიყვანოს საზოგადოებრივი აზრი“.

ეს კი, ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფოს სჭირდება ლაშქარავას დაღუპვის შემდეგ აგორებული პროტესტის ჩასახშობად:

„დიახ, მოსახლოება აღშფოთებულია იმის გამო, რაც მოხდა – სახელმწიფო 5 ივლისს დამთავრდა, იმ დღეს ინსტიტუტები არ მუშაობდნენ და მოძალადე ჯგუფები უკონტროლოდ დარბოდნენ. და იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ ამ ადამაინების დასჯაზე იფიქროს, შსს ცდილობს მსხვერპლის მიმართ ისეთი გარემოებეის შექმნას, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს მისი მხარდაჭერის სურვილი“, – ამბობს იგი.

გირჩევთ ამავე თემაზე „ნეტგაზეთის“ სტატიას:

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი