საზოგადოება

ISW: სევეროდონეცკში უკან დახევით და ხერსონის კონტრშეტევით უკრაინამ სწორი არჩევანი გააკეთა

1 ივნისი, 2022 • 10622
ISW: სევეროდონეცკში უკან დახევით და ხერსონის კონტრშეტევით უკრაინამ სწორი არჩევანი გააკეთა

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, მოსკოვი კონცენტრირებულია, დაიკავოს სევეროდონეცკი და დონბასი მთლიანად, რაც დაუცველს ხდის მას სასიცოხლო მნიშვნელობის ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინელების კონტრშეტევა გრძელდება.

რუსეთის შეიარაღებული ძალები ორიენტირებული არიან სლოვიანსკში წინსვლაზე, აქვთ მიღწევები სევეროდონეცკის შიგნით და მის გარშემო. ამავდროულად, რუსული დაჯგუფება ჩრდილო-დასავლეთ ხერსონის ოლქში განიცდის უკრაინის მხრიდანკონტრშეტევას.

„ხერსონი არის კრიტიკული, რადგან ეს არის უკრაინის ერთადერთი ტერიტორია, სადაც რუსული ძალები გამაგრებული არიან მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე. თუ რუსეთი შეძლებს შეინარჩუნოს ძლიერი პოზიციები ხერსონში, როდესაც ბრძოლები შეჩერდება, ის იქნება უპირატეს მდგომარეობაში, საიდანაც შეძლებს მომავალი შეტევის დაწყებას. მეორე მხრივ, ხერსონის დაბრუნების შემთხვევაში უკრაინა ბევრად უფრო ძლიერ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რათა დაიცვას თავი მომავალი რუსული თავდასხმისგან. ამ სტრატეგიულმა გაანგარიშებამ, პრინციპში, რუსეთი ხერსონის დასაკავებლად საკმარისი საბრძოლო ძალების მობილიზებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აირჩია ყველა ძალისა და რესურსის კონცენტრირება აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების დასაპყრობად, რაც მას მეტწილად სიმბოლურ სარგებელს მოუტანს. წარმატებული კონტრშეტევების გაგრძელება ხერსონში მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის მეთაურები აცნობიერებენ ამ რეალობას და სარგებლობენ პუტინის გადაწყვეტილებებით შექმნილი დაუცველობით“, — წერს ISW.

უკრაინული ძალები უფრო ეტაპობრივად ტოვებენ სევეროდონეცკს, ვიდრე იბრძვიან ბოლომდე. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, კიევს შეეძლო მეტი რეზერვი და რესურსი გამოეყო სევეროდონეცკის დასაცავად, თუმცა გასვლის მტკივნეული გადაწყვეტილება სტრატეგიულად სწორი იყო.

„უკრაინამ უნდა გამოიყენოს თავისი უფრო შეზღუდული რესურსები და ფოკუსირება მოახდინოს კრიტიკული რელიეფის დაკავებაზე და არა საბრძოლო ველის დაცვაზე, რომლის კონტროლი ომის შედეგს ან ომის განახლების პირობებს არ განსაზღვრავს. უკრაინის კონტრშეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების სწორი პრიორიტეტიზაციის შედეგად, რუსეთი ხარკოვში საარტილერიო დიაპაზონს მიღმა აღმოჩნდა და შეჩერდა მისი წინსვლა იზიუმიდან — ეს ორივე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვიდრე სევეროდონეცკის დაცვა. უკრაინის ხელმძღვანელობას მოუწია წარმოუდგენლად რთული არჩევანის გაკეთება ამ ომში და ზოგადად სწორი არჩევანი გააკეთა, ყოველ შემთხვევაში, სტრატეგიული პრიორიტეტების დონეზე და მისი კონტრშეტევის ტემპით, მასშტაბით და ამბიციურობით. სწორედ ამიტომ, უკრაინას ჯერ კიდევ აქვს კარგი შანსი, შეაჩეროს და შემდეგ შეცვალოს ის მიღწევები, რასაც რუსეთი ამჟავად აღწევს“, — აცხადებს ISW.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ვარაუდით, რუსული ძალები ცდილობენ გამოიყენონ ბელარუსის ტექნიკის რეზერვები უკრაინაში მძიმე მატერიალური დანაკარგების კომპენსაციისთვის. ეს მიუთითებს, რომ მათ მეტწილად ამოწურეს საკუთარი რეზერვები და კრემლი კვლავ იყენებს თავის გავლენას ბელარუსზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი