რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ, განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია, რომელსაც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები ერთად აწარმოებდნენ”.
ამის შესახებ კირიენკომ ცხინვალში, “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების” 18 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო შეკრებაზე განაცხადა.
„18 წლის წინ მომხდარი მოვლენები ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა ერთად, ფაქტობრივად, გვერდიგვერდ, მხარ-მხარ განვლეს. ეს მოვლენები იოლად არ მოსულა და სამხრეთ ოსეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მხოლოდ ხუთი გმირული დღით არ შემოიფარგლებოდა – ის ორ ათეულ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სამხრეთ ოსეთის გმირებისა და რუსეთის გმირების სისხლი დაიღვარა“, – განაცხადა კირიენკომ.
მისი თქმით, რუსებსა და ოსებს „ფაშიზმისა და ნაციზმის გენეტიკური მიუღებლობა“ აერთიანებთ.
კირიენკოს განცხადებით, ეს „ძმობა“ ბრძოლებში გამოიწრთო – 2008 წელს როკის გვირაბიდან და ცხინვალის დაცვიდან დაწყებული, ავდეევკაში, ჩასოვ იარში, კონსტანტინოვკასა და კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებით გაგრძელებული.
„18 წლის წინაც და ახლაც, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ჩვენ მხარ-მხარ ვდგავართ. მთელი რუსეთი მადლიერია ოსეთის მიწის გმირების, რომლებიც დღეს გმირულად იბრძვიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ.
მედიის ცნობითვე, კირიენკომ პატივი მიაგო “სამხრეთ ოსეთის დამცველთა” ხსოვნას და გაიხსენა როგორც დაღუპული გმირები, ისე ისინი, ვინც დღესაც „სამშობლოს თავისუფლებისთვის“ იბრძვიან.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ ვუღალატოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაიღეს, და უზრუნველვყოთ, რომ განხორციელდეს ის, რაზეც ისინი ოცნებობდნენ და რისთვისაც იბრძოდნენ. ეს არის სამხრეთ ოსეთის ხალხის კეთილდღეობა, მშვიდობა და კეთილდღეობა ამ დალოცვილ მიწაზე“, -განაცხადა კირიენკომ.
