დედაქალაქის მერია თბილისობის ღონისძიებებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
მერიას გამოცხადებული აქვს 3 114 727 ლარის ოდენობის შესყიდვა ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის.
ამ თანხით განსაზღვრულია ავეჯის შესყიდვა, როგორიცაა: დახლები, მაგიდები, სკამები, ასევე, გასართობი, კინო და ვიდეომომსახურებების შესყიდვა, თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლებისა და ორკესტრების გასართობი მომსახურებების და ესტრადის ვარსკვლავების მომსახურების შესყიდვა, ბაზრობებისა და გამოფენების ორგანიზება და სხვა.
თბილისობის დღესასწაული 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.
„თბილისის მერია მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება თემატური დეკორაციები და ინსტალაციები — დეკორირებული თაღები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ინტერაქციული ინსტალაციები, ფლორისტული ზონები, სცენის დეკორაციები, სხვადასხვა სივრცის სადღესასწაულო მორთულობა. გაიმართება განსხვავებული ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლის და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები, თანამედროვე კონდიტერია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია“, — ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი?
მერიის თანახმად, ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, „დაგეგმილ აქტივობათა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს საავტორო და ინდივიდუალურ შემოქმედებით ნამუშევრებს, რომელთა შინაარსი, მხატვრული გადაწყვეტა და განხორციელების ფორმა ყალიბდება შემოქმედებითი პროცესისა და შესაბამის სფეროში მოქმედ კვალიფიციურ შემსრულებლებთან ინტენსიური სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად. აღნიშნული პროცესი მოითხოვს პროგრამის, მონაწილეთა შემადგენლობისა და ტექნიკური გადაწყვეტების ეტაპობრივ დაზუსტებას, რაც შეუძლებელს ხდის შესყიდვის ყველა არსებითი პირობის წინასწარ განსაზღვრასა და დაგეგმვას“.
