ახალი ამბები

ეროვნული მუზეუმი უარს ამბობს რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებული 13 პროექტის დაფინანსებაზე — სალაძე

10 თებერვალი, 2022 • 1786
ეროვნული მუზეუმი უარს ამბობს რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებული 13 პროექტის დაფინანსებაზე — სალაძე

იურისტისა და საინიციატივო ჯგუფის “ხელოვნების მუზეუმისთვის” წევრის, სულხან სალაძის თქმით, ეროვნული მუზეუმი უარს ამბობს რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებაზე.

სალაძე აქვეყნებს წერილს, რომელიც, იურისტის თქმით, ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა რუსთაველის ფონდის გენ. დირექტორს, ჯაბა სამუშიას 9 თებერვალს გაუგზავნა.

წერილში ახალბედაშვილი დასძენს, რომ ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ზემოხსენებული პროექტები რუსთაველის ფონდში მუზეუმის დირექტორატის წევრთა “გვერდის ავლით” გაგზავნა დასაფინანსებლად.

“პროცედურების უხეში დარღვევა” — რას წერს ახალბედაშვილი

რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა, რომელიც კულტურის სამინისტროს სსიპ-ს წარმოადგენს, გამარჯვებული პროექტების სია 2022 წლის 28 იანვარს გამოაქვეყნა. სულხან სალაძის თქმით, გამარჯვებულ პროექტებს შორის 13 პროექტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის.

წერილში, რომელიც სალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ხელოვნების მუზეუმის დირექტორად თეა წულუკიანის მინისტრობისას დანიშნული ნიკა ახალბედაშვილი რუსთაველის ფონდის გენ. დირექტორს სწერს, რომ ეროვნული მუზეუმის დებულებაში ცვლილება შევიდა კულტურის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანებით.

ცვლილების თანახმად, ეროვნული მუზეუმის მმართველ ორგანოდ განისაზღვრა დირექტორატი, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორები, მათ შორის, თავად ახალბედაშვილი.

ახალბედაშვილის სიტყვებით, მიუხედავად ზემოხსენებული ცვლილებისა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, “დირექტორატის წევრების გვერდის ავლით”, 2021 წლის მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში რუსთაველის ფონდში პროექტები გაგზავნა დასაფინანსებლად.

“აღნიშნულის თაობაზე დირექტორატის წევრებმა შევიტყვეთ შემთხვევით, 2022 წლის თებერვალში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი პროექტებიდან 13-მა მიიღო დაფინანსება და ამის შესახებ გაცხადდა საჯაროდ.

მოცემული ვითარება მით უფრო მიუღებელია, რომ 13 საგრანტო პროექტიდან რამდენიმე იმ მუზეუმთა ჯგუფის ფონდებში კვლევას გულისხმობს, რომელთა მართვაზეც მე გახლავართ პასუხისმგებელი”, — აღნიშნავს ნიკა ახალბედაშვილი.

ამასთან, ხელოვნების მუზეუმის დირექტორის სიტყვებით, ეროვნული მუზეუმის დებულებაში კულტურის მინისტრის 2022 წლის პირველი თებერვლის ბრძანებით განისაზღვრა, რომ მიღებული გრანტის თანხის გამოთხოვის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს დირექტორატმა.

ახალბედაშვილის თქმით, მიუხედავად ნორმატიული აქტის “იმპერატიული მოთხოვნისა”, 2022 წლის 7 თებერვლის წერილით ეროვნული მუზეუმის გენ. დირექტორმა, “კვლავ დირექტორატის გვერდის ავლით”, რუსთაველის ფონდის გენ. დირექტორს მიმართა, წარმოუდგინა ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ და მიმართა თხოვნით, საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტებისთვის გაფორმებულიყო ხელშეკრულებები.

“აღნიშნული მომართვის წერილი, ისევე როგორც თავდაპირველად გამოგზავნილი პროექტები წარმოდგენილია ნორმატიული აქტით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევით”, — ვკითხულობთ წერილში.

7 თებერვლის სხდომა და დირექტორატის გადაწყვეტილება

ზემოხსენებულ საკითხზე მუზეუმის დირექტორატმა 7 თებერვალსვე იმსჯელა.

7 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკა ახალბედაშვილის პოზიციას დავით ლორთქიფანიძე კატეგორიულად არ დაეთანხმა და დასძინა, რომ 13 საგრანტო პროექტის გაუქმებით მეცნიერთა უფლებები დაირღვეოდა.

მანვე თქვა, რომ გრანტების მოთხოვნა ჯერ კიდევ მაშინ გაიგზავნა, როცა დირექტორატი არ არსებობდა. თავის მხრივ, ახალბედაშვილი შეეწინააღმდეგა აღნიშნულს.

საბოლოოდ, სხდომაზე დადგა საკითხი, 13 გრანტის მოთხოვნის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ გაგზავნილიყო მიმართვა რუსთაველის ფონდში. დირექტორატის 5 წევრიდან 4-მა მხარი დაუჭირა აღნიშნულს. წინააღმდეგ მხოლოდ ლორთქიფანიძე წავიდა.

ნახეთ ოქმის ჩანაწერი სრულად

სხდომის გადაწყვეტილების შესახებ ახალბედაშვილი სამუშიასთვის მიწერილი წერილის ბოლო ნაწილში საუბრობს.

მისი თქმით, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ როგორც საგრანტო პროექტები, ისე 2022 წლის 7 თებერვლის ლორთქიფანიძის წერილი, რუსთაველის ფონდში კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით არის გაგზავნილი, რის გამოც “არცერთ პროექტზე თქვენი ფონდიდან გრანტის თანხის გამოთხოვა არ ჩაითვალა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად” ,— მიმართავს ახალბედაშვილი სამუშიას და იქვე ამატებს:

“გთხოვთ, დირექტორატის აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოთ მხედველობაში”.

იურისტი სულხან სალაძე, რომელმაც ახალბედაშვილის წერილი გაავრცელა, დასძენს, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით, დღეისთვის, “ეროვნული მუზეუმის ყველა პროექტი საფრთხეშია”.

მისივე თქმით, 9 თებერვლის წერილი ახალბედაშვილმა სამუშიას გაუგზავნა “პირადი ინიციატივით, უკანონოდ, ისე, რომ ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა”.

“ნეტგაზეთი” შეეცადა როგორც ნიკა ახალბედაშვილთან, ისე კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი