საზოგადოება

კინოს სახლში “მოთვინიერების” ყველა ჩვენება გაუქმდა, გარდა დღევანდელისა — სალომე ჯაში

28 აპრილი, 2022 • 1587
კინოს სახლში “მოთვინიერების” ყველა ჩვენება გაუქმდა, გარდა დღევანდელისა — სალომე ჯაში

რეჟისორ სალომე ჯაშის განცხადებით, 29 აპრილიდან თბილისში, კინოს სახლში, აღარ უჩვენებენ მის დოკუმენტურ ფილმს (“მოთვინიერება”), რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის გატაცებას გიგანტური ხეებით. ჯაშის თანახმად, “საქართველოს კინოაკადემიის” დირექტორმა უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია, აჩვენოს ფილმი, რომელიც “საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს”.

სალომე ჯაშის ფილმის 1 ჩვენება კინოს სახლში უკვე გაიმართა. ეს 10 აპრილს მოხდა. დღეს, 28 აპრილს, კიდევ ერთი სეანსი იგეგმება, მომდევნო დღეებში კი, ზეპირი შეთანხმების მიხედვით, “მოთვინიერება” კიდევ ხუთჯერ უნდა ეჩვენებინათ.

როგორც რეჟისორმა ფეისბუკზე დაწერა და მოგვიანებით “ნეტგაზეთსაც” უთხრა, დღევანდელი ჩვენება შედგება, თუმცა მომდევნო სეანსებს “საქართველოს კინოაკადემია” აუქმებს.

“ველაპარაკე მინდია ესაძეს, რომელიც [“კინოაკადემიის”] ახალი დირექტორია. მან მითხრა სიტყვასიტყვით ასეთი რამ, რომ არ ვაჩვენებთ ნაწარმოებს, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს; რომ მას არ უნდა, “გაიჭყლიტოს” და მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში არ სურს, იყოს მსხვერპლი”, — აღნიშნავს ჯაში.

სალომე ჯაშის თქმით, “კინოაკადემიის” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ჯერ კიდევ ზამთარში ჰქონდა საუბარი და “არანაირი ნიშანი იმისა, რომ ფილმის გაშვება არ სურდათ, არ იყო”.

მინდია ესაძე ორგანიზაციის პრეზიდენტად 25 იანვარს აირჩიეს.

“მისი პირდაპირი უფროსი არ არის კულტურის სამინისტრო. “კინოაკადემია” დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, არანაირად არაა დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე”, — აღნიშნავს ჯაში.

რეჟისორის თქმით, “აზრთა სხვადასხვაობას უნდა იწვევდეს არათუ ფილმი, არამედ ნებისმიერი ნაწარმოები”.

“ზუსტად ეს სააზროვნო პროცესია ნებისმიერი წიგნის წაკითხვა, ფილმის ნახვა თუ საერთოდ, ცხოვრება. კი, ეს ფილმი იწვევს გრძნობათა სხვადასხვაობასაც.

თუმცა ის, რასაც მინდია ესაძე გულისხმობდა, არის არა ის, თუ რას იწვევს უშუალოდ ფილმი — რადგან მას ფილმი ნანახი არ აქვს — არამედ რა გამოიწვია ამ ფილმის არსებობამ პოლიტიკურ ელიტაში. ჩემი ინტერპრეტაცია ესაა”, — გვეუბნება რეჟისორი.

როგორც ის ამბობს, მინდია ესაძეს უთხრა, რომ ფილმს გაუგზავნიდა და თავად შეეძლო ენახა, რომ ის არ ეხება პოლიტიკურ ველს. თუმცა, რეჟისორის თანახმად, ესაძემ მას უთხრა, რომ არ სცალია ფილმის სანახავად.

“ნეტგაზეთი” ცდილობს მინდია ესაძესთან დაკავშირებას. მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სალომე ჯაში ასევე აღნიშნავს, რომ საუბარი ჰქონდა “კომერციული კინოთეატრების ქსელთანაც”, რომელიც საქართველოში მოქმედ კინოთეატრებს აერთიანებს. ორგანიზაციასთან შეთანხმება ვერ შედგა.

“კომერციული კინოთეატრების ქსელი… არ აჩვენებს ფილმს ოფიციალური არგუმენტით, რომ მათ დოკუმენტური ფილმის კინოში დაყენების პრაქტიკა არ აქვთ”, — აღნიშნავს სალომე ჯაში.

რეჟისორის თქმით, თავად და მისი გუნდი ახლა ეძებენ დარბაზს, რომელიც გამოთქვამს სურვილს, აჩვენოს “მოთვინიერება”.

სალომე ჯაშის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პენცენტრი, რომელიც “პირდაპირ ცენზურად” აფასებს სეანსების გაუქმებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ “სალომე ჯაშს არ ეძლევა შემოქმედებითი რეალიზების საშუალება, რადგან მისი დოკუმენტური ფილმი არის ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებ”.

“მიგვაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი ცენზურა, რომელიც კულტურის მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, ამჯერად, კინემატოგრაფის სფეროში. რეპრესიული პოლიტიკა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს ლიტერატურისა და სამუზეუმო სფეროების წარმომადგენლებმა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“პენცენტრის” თქმით, კინოცენტრიდან გაგა ჩხეიძის გათავისუფლება სწორედ ცენზურის წახალისების ნაწილი იყო.

ჩხეიძემ, რომელიც კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მიმდინარე წელს მოხსნეს, თქვა, რომ მისი პირველი უთანხმოება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ჯერ კიდევ მინისტრად დანიშვნამდე, სწორედ სალომე ჯაშის ფილმს უკავშირდებოდა.

“შედეგად, როგორც ჩანს, მივიღეთ ის, რომ ფილმის ჩვენებაც კი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით განისაზღვრება”, — დასძენს პენცენტრი.

ფილმი არაერთ ქვეყანაში უკვე აჩვენეს. მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა.

საქართველოში ფილმი აჩვენეს თბილისისა და ბათუმის კინოფესტივალებზე. მისი ჩვენება შედგა რეგიონებშიც, კინოს სახლში კი მხოლოდ ერთი სეანსი ჩატარდა, 10 აპრილს.

ფილმის აღწერაში ვკითხულობთ:

“საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეულო გატაცება აქვს: უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები. ფილმი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია”.

ფილმის ჩვენების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კინოს სახლში “მოთვინიერების” ბილეთის საფასური თქვენს ჯიბეზეა დამოკიდებული და 10 ლარიდან იწყება. 28 აპრილის ჩვენება, რომელიც, სალომე ჯაშის თქმით, კვლავ ძალაშია და არ ჩახსნილა, 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

კინოს სახლის სეანსებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდში DOCU/HELP იმ კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას დოკუმენტურად ასახავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი