ახალი ამბები

სხვა ფილმის ნაცვლად კინოს სახლში პროტესტის ნიშნად „მოთვინიერება“ აჩვენეს

5 მაისი, 2022 • 1341
სხვა ფილმის ნაცვლად კინოს სახლში პროტესტის ნიშნად „მოთვინიერება“ აჩვენეს

„კინოს სახლში“ დაგეგმილი ფილმის ნაცვლად, პლატფორმა cinexpress-მა სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ აჩვენა. ამ დოკუმენტური ფილმის ჩვენება  საქართველოს კინოაკადემიამ სწორედ „კინოს სახლში“ რამდენიმე კვირის წინ გააუქმა.

საუბარია სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის გატაცებას გიგანტური ხეებით, აკადემიამ იმიტომ აკრძალა, რომ ფილმი „პოლიტიკურად მოტივირებულია”.

თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მოთვინიერება“ შეთანხმების გარეშე აჩვენეს, დარბაზში მყოფმა მოქალაქე გივიკო არახამიამ გაავრცელა – „გაუმარჯოს cinexpress.ge-ს, რომლებმაც დააფიქსირეს თავისი აზრი და პოზიცია ცენზურის წინააღმდეგ და მზად არიან ყველანაირი წინააღმდეგობისთვის და ჩვენი ყველას ვალია, რომ გვერდით დაუდგეთ“.

ჩვენების შემდეგ განცხადება გაავრცელა თავად cinexpress-მა. პლატფორმამ დაწერა, რომ სალომე ჯაშის ფილმის დაბლოკვა არა მხოლოდ ცენზურის უხეში გამოვლინებაა, არამედ ასევე არის აკადემიის პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მაგალითი – „ხოლო ცენზურის თითოეული გამოვლინება, ფილმების შექმნის თითოეულ ეტაპზე, იქნება ეს დაფინანსება, წარმოება თუ შემდგომი ჩვენებები, საავტორო თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა, რაც უთანასწორო პირობებს ქმნის, ახალისებს ნეპოტიზმსა თუ არაპროფესიონალიზმს და დარგს პოლიტიკურად მიკუთვნებული პირების ვიწრო ხედვას უქვემდებარებს“.

„კულტურულ სივრცეებს, „მაკრატელისა“ თუ ვიწრო პოლიტიკური და კლანური ინტერესების გატარების ნაცვლად, დემოკრატიზაცია და კინოს აუდიტორიისათვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სჭირდება. კულტურული სივრცეების „მოთვინიერების“ თითოეული მცდელობა პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტორების მხრიდან მკვდარი ქმედებაა, რომელსაც ყველა ფორმით უნდა დავუპირისპირდეთ, რათა ჩანასახშივე ჩაიხშოს, რომ უფრო უარესი რეალობის წინაშე არ მოგვიწიოს ყოფნა.

ჩვენი დღევანდელი ქმედება, ერთგვარი პოლიტიკური აქტი, რომელიც დღეს კინოს სახლში დაბლოკილი ფილმის ჩვენებას გულისხმობს და რაც დამოუკიდებლად, მხოლოდ ჩვენ მიერ იქნა ორგანიზებული, გარდა იმისა, რომ გამოხატვის ფორმითვე უპირისპირდება ცენზურას და მის ყოველგვარ გამოვლინებას, ერთგვარი გზავნილიცაა ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი სუბიექტებისადმი: როგორც არ უნდა სცადოთ და შეზღუდოთ გამოხატვის თუ ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლება, ჩვენ მაინც ვიპოვით გამოსავალს იმის გამოსახატად და სათქმელად, რასაც ვფიქრობთ,“ – აცხადებს cinexpress.

ვებ-გვერდი www.cinexpress.ge არაკომერციული ონლაინ-პლატფორმაა, რომელიც მკითხველს ქართული და მსოფლიო კინოს ანალიზს სთავაზობს, კინოს უახლეს ტენდენციებთან ერთად კი, პერიოდულად გააცნობს მსჯელობებს კინოს კლასიკური და  თანამედროვე თეორიების შესახებ.


„მოთვინიერება“ უკვე აჩვენეს არაერთ ქვეყანაში. მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა.

საქართველოში ფილმი აჩვენეს თბილისისა და ბათუმის კინოფესტივალებზე. მისი ჩვენება შედგა რეგიონებშიც, კინოს სახლში კი მხოლოდ ერთი სეანსი ჩატარდა, 10 აპრილს.

ფილმის აღწერაში ვკითხულობთ:

“საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეულო გატაცება აქვს: უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები. ფილმი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია”.

„კინოს სახლში“ სეანსების გაუქმების შემდეგ ფილმს ალტერნატიულ სივრცეებში აჩვენებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი