საზოგადოება

„არ გვაქვს უსაფრთხო სივრცე“ – პრაიდის კვირეული მსვლელობის გარეშე გაიმართება

31 მაისი, 2022 • 1040
„არ გვაქვს უსაფრთხო სივრცე“ – პრაიდის კვირეული მსვლელობის გარეშე გაიმართება

წელს „თბილისი პრაიდის“ კვირეული ღირსების მარშის მსვლელობის გარეშე გაიმართება. როგორც თბილისი პრაიდი აცხადებს, სახელმწიფო კვლავ არ იძლევა ლგბტქი+ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიას.

“გრძელდება ბრძოლა თავისუფლებამდე, თანასწორობისთვის, სიყვარულისთვის, ხილვადობისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, წართმეული ხმის დასაბრუნებლად, ბრძოლა ჰომოფობიასთან, სიძულვილთან, რუსულ პროპაგანდასთან, ძალაუფლების უთანასწორო ღერძებთან, ბრძოლა ჩაგვრის, დისკრიმინაციის, გარიყვის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ჩვენია და უკან დახევას არ ვაპირებთ. ეს ქვეყანა ჩვენია და არ გვინდა, ქვეყნიდან გაქცევა გვიწევდეს”, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია წერს, რომ 2021 წლის 5 ივლისის უმძიმესმა გამოცდილებამ „სრულიად გააშიშვლა უმოქმედო, მოძალადე და თანაგრძნობისგან დაცლილი სისტემა“, რომელიც საჯარო სივრციდან რიყავს ლგბტქ ადამიანებს.

წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არაღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. თუმცა გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი წინააღმდეგია, თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ საგრძნობლად იზრდება. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი!“, – აცხადებს „თბილისი პრაიდი“.

„2022 წელი იქნება იარების მოშუშების, ძალის მოკრების, სოლიდარობის, გაერთიანების, ერთმანეთზე ზრუნვის, მიღწეული შედეგების დაფასების და სტრატეგიების გამრავალფეროვნებისა და გაფართოების წელი. ამავდროულად, კვირეული იქნება ხმამაღალი, პოლიტიკური, ემოციური, მრავალფეროვანი და თავს მოუყრის ყველას, ვისაც თანასწორობის სწამს!“.

წელს „პრაიდის კვირეული“ 28 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩატარდება, კვირეული სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  • ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება. კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი.
  • რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.
  • პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, სასულიერო პირებიც – რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას” და „თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ. აქციის შემდეგ მათ პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და იცეკვეს.

ისინი თავს დაესხნენ 40-ზე მეტ ჟურნალისტს, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით. მდუმარე აქციის შემდეგ პარლამენტის წინ მაინც გაშალეს ცისარტყელას ფერების დროშა – რაც ქვიარ უფლებების სიმბოლოა.

საბოლოოდ, ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე 5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

რაც შეეხება თავად ლაშქარავას, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფომ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირებაა. 30 დეკემბერს დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება ამ დასკვნას. ამ დღეს ბრიფინგის ბოლოს მას ჰკითხეს, განიცდიდა თუ არა ლაშქარავა ტკივილს და სჭირდებოდა თუ არა მას გამაყუჩებლები:

„მე ვამბობ, რომ ტკივილის სინდრომი ექნებოდა, სისხლჩაქცევები გაწოლილი არ იყო და რატომ მოიხმარა ეს პრეპარატი, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ“, – დასძინა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.