საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი.
საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის ინტერესებს იცავს, რომელთაგან 17 პირი სხვადასხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.
საიას განცხადებით, მთელი გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციას აწარმობდნენ საგამოძიებო უწყებებთან, თუმცა მათ გაგზავნილ განცხადებებსა და საჩივრებზე ჯეროვანი რეაგირება არ მომხდარა.
ორგანიზაციის განცხადებით, ამან ცხადყო, რომ ეროვნულ დონეზე ადგილი ჰქონდა არაეფექტიან გამოძიებას.
„გასული 3 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე პირის წინააღმდეგ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა სავარაუდო დამნაშავე პირის გამოვლენა.
ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხდებოდა დაზარალებულთა/მომჩივანთა უფლებების სათანადო დაცვა, საიამ მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე შეეხება ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას. ამ დროისათვის საქმეზე დასრულებულია მხარეთა შეპასუხების ეტაპი და მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია ხაზს უსვამს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია.
„5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე – სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
რა მოხდა 2021 წლის 5 ივლისს
2021 წლის 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში უნდა ჩატარებულიყო თბილისის პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება — “ღირსების მარში”. მარშის ჩაშლის მიზნით რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოსა და პრორუსული ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” ორგანიზებით.
“ალტ-ინფოს” წარმომადგენლები მანამდე ღია ეთერში ახმიანებდნენ ძალადობისაკენ მოწოდებებს.
საბოლოოდ, “ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა ჰომოფობიური ჯგუფები პროცესების გასაშუქებლად ქუჩაში გასულ ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათ ასევე დაარბიეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში პარლამენტის წინ დადგმული კარვები, ასევე, „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები.
„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური შეკრების მონაწილეებმა სცემეს, ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შსს-მ ეს ფაქტი ნარკოტიკებით ზედოზირებას დაუკავშირა.
ძალადობას წინ უძღოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადება, რა დროსაც ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა.
მეორე დღეს, 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს ჰომოფობია და ძალადობა. პარლამენტთან იმ დღესაც მივიდნენ მოძალადეები, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით საგნებს ისროდნენ.
საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.








