ახალი ამბები

“თუ მორგოშია დასაჭერია, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო მეტად დასაჭერია” – კობახიძე

5 ივლისი, 2023 • 1248
“თუ მორგოშია დასაჭერია, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო მეტად დასაჭერია” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ორგანიზატორები არ ჰყავდა.

როგორც კობახიძე ამბობს, დანაშაულის ორგანიზება სამართლებრივი კატეგორიაა და ამ შემთხვევაში ორგანიზატორი არ იკვეთება.

„როცა ვიღაცები საუბრობენ იმაზე, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან, სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი. მე მინდა, შეგახსენოთ, როცა 7-8 მარტს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა, მაშინ პირდაპირი მოწოდებები იყო, ორგანიზებული იყო შეკრება და უფრო მეტიც, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. ამ ალყას მოჰყვა პირდაპირი ძალადობრივი აქტები. თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი დასაჭერია გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს დაბალი სტანდარტია და ძალიან სარისკოა.

იმის თქმა მინდა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს სამართლებრივი მოცემულობა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი. დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას – მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, რომ წადით ამა და ამ ადგილას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანებსო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სწორედ მსგავსი მოწოდებები იყო 5 ივლისს და ამის ამსახველი ვიდეოებიც არსებობს, კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ ეს მოწოდება არ იყო.

„დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას – წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და ვიძალადოთ კონკრეტულ ადამიანზე, ასეთი არ იყო. თუ მორგოშია დასაჭერია როგორც ორგანიზატორი, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო მეტად დასაჭერია“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამტკიცებს, რომ 2021 წლის 5 ივლისს „სპონტანური ძალადობა“ იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ამიტომ გაუჭირდა.


2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების წევრების მიზანმიმართული ანგარიშსწორების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ასევე გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვნეს. ასევე თავს დაესხნენ აქტივისტურ ორგანიზაცია „სირცხვილია“-სა და „თბილისი-პრაიდის“ ოფისებს და დააზიანეს სატელევიზიო ტექნიკა.

მასობრივ ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, “ღირსების მარშის” უკან “რადიკალური ოპოზიცია” იდგა.

დღეს, 5 ივლისის მასობრივი ძალადობიდან ორი წელი ისე შესრულდა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.

მიუხედავად იმისა, რომ “ღირსების მარშის” ჩაშლა სასულიერო პირებმა და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა წინმსწრებად დააანონსეს, უშუალოდ 5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თბილისის ქუჩებში გამოსული ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, კარგად იყვნენ ინფორმირებული “თბილისი პრაიდის” მარშრუტსა და გეგმებზე და არაერთი გარემოება მიუთითებს მათი მოქმედებების არასპონტანურ ხასიათზე.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის გაცილებით მსუბუქი მუხლებით, როგორიცაა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა (154-ე მუხლი) და ძალადობა (126-ე მუხლის 1 ნაწილი), ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მათ შორის, სწორედ სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო, თუმცა მოგვიანებით სააპელაციომ სასამართლომ ექვსივე პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გაამართლა.

ჯამში, 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეობის ბრალებით 31 პირი დააკავეს, 50-ზე მეტი ადამიანი კი — ჟურნალისტები და სხვა რამდენიმე მოქალაქე — დაზარალებულად ცნეს.

თუმცა მათ, ვინც თბილისის ცენტრში შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს ედგნენ სათავეში, ახლა ოფიციალურად რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია აქვთ და უწინდელის მსგავსად, არც ამჟამად ერიდებიან ძალადობის მუქარებს მათთვის არასასურველი პირებისა თუ ჯგუფების მიმართ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი