საზოგადოება

რუსეთს აქვს ნელი წინსვლა მიზნების შემცირების ხარჯზე და მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე — ISW 

25 მაისი, 2022 • 2286
რუსეთს აქვს ნელი წინსვლა მიზნების შემცირების ხარჯზე და მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე — ISW 

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე დანარჩენი მაისის განმავლობაში, მაგრამ ეს წინსვლა რჩება ნელი, შემოიფარგლება უფრო მცირე მიზნებით, ვიდრე კრემლის მიერ იყო განზრახული.

ISW-ის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, უარი თქვეს აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინული ძალების ერთ დიდ ალყაში მოქცევაზე. ამის ნაცვლად ისინი ცდილობენ, ერთდროულად რამდენიმე პატარა ალყის შემორტყმას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში: უფრო ფართო სევეროდონეცკის რაიონი (რუბიჟნესა და ლისიჩანსკის ჩათვლით), ბახმუტ-ლისიჩანსკი, ზოლოტეს გარშემო (პოპასნას ჩრდილო-აღმოსავლეთით) და უკრაინის ციხესიმაგრეების ირგვლივ ავდიივკაში. ამასთან, უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, ახორციელებენ კონტროლირებად გაყვანას პოპასნას სამხრეთ-დასავლეთით ბახმუტის მახლობლად, რათა დაიცვან უკრაინის მიწოდების ხაზები რუსეთის შეტევებისგან.

„რუსეთის ძალებმა დაიწყეს სტაბილურად ძალისხმევის გაძლიერება ამ სხვადასხვა გარემოცვაში, მაგრამ არ მიუღწევიათ რამე მნიშვნელოვანი გარღვევისთვის და პროგრესისთვის დონეცკის ოლქის საზღვრების ან მთელი დონბასის აღების მიმართულებით“, — წერს ISW.

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იტყობინება, რომ უკრაინული ძალები 15 მაისის მდგომარეობით აკონტროლებდნენ ლუგანსკის ოლქის მხოლოდ 10%-ს (24 თებერვლამდე 30%-ს).

„რუსულმა ძალებმა გასულ კვირაში უფრო მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე მაისის დასაწყისში. თუმცა, მათ ეს გააკეთეს თავიანთი მიზნების ფარგლების შემცირებით — იზიუმის ირგვლივ ოპერაციების შეწყვეტით და ფრონტის ხაზის მთავარ ქალაქებზე კონცენტრირებით. შესრულება კვლავ ცუდია“, — აცხადებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.

ISW-ის ვარაუდით, სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის შემთხვევაში რუსულ ძალები, სავარაუდოდ, ხანგრძლივ ქალაქის ბრძოლებში აღმოჩნდებიან, ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებში. ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი თავისი ჯარების, არტილერიისა და თვითმფრინავების მნიშვნელოვან რაოდენობას უყრის თავს ლუგანსკის ოლქში. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი ჰაიდაიმ ადრე ლუგანსკის ოლქის უკრაინული ძალები შეადარა მარიუპოლის მცველებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ რუსული ძალების გაცვეთას და შემდგომი შეტევითი ოპერაციების თავიდან აცილებას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი სპეციალურად ანელებს ოპერაციებს ტემპს, რათა მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მისცეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიამი მოსახლეობა მთელი ომის განმავლობაში იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე და რუსეთმა არაერთხელ უარყო უკრაინის მცდელობა ჰუმანიტარული ევაკუაციის დერეფნებზე. შოიგუს განცხადება, ISW-ის შეფასებით, მისი პირველი აღიარებაა, რომ რუსული ძალები ჩამორჩებიან გრაფიკს და პირველი ოფიციალური განცხადებაა ომის ტემპზე მას შემდეგ, რაც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ოპერაცია „გაჭიანურდა“.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის საბოლოო მიზანია უზრუნველყოს „ნაციზმის“ „100%-ით აღმოფხვრა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის აზრით, ნარიშკინისა და შოიგუს განცხადებები მიუთითებს, რომ რუსეთის ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, ამზადებენ საფუძველს გაჭიანურებული ომისთვის, რათა გაამართლონ უფრო ნელი წინსვლა, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ძალით მობილიზებული სამხედროები აგრძელებდნენ პროტესტს რუსეთისა და მარიონეტული სამხედრო სარდლობის წინააღმდეგ — DNR-ის 105-ე ქვეითი პოლკის მე-3 ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა დენის პუშილინისადმი, სადაც ამბობენ, რომ იძულებულნი იყვნენ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საომარ მოქმედებებში, მიუხედავად სამხედრო გამოცდილების ნაკლებობისა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსული ძალები ცდილობენ, დაიბრუნონ ტერნოვა, ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში და გაიმაგრონ თავდაცვითი პოზიციები რუსეთის საზღვართან. სამხრეთ ღერძის გასაძლიერებლად, ისინი იმარაგებენ რეზერვებს და ათავსებენ S-400 სარაკეტო სისტემებს ჩრდილო-დასავლეთ ყირიმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი