საზოგადოება

„აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად“ – საელჩოები

17 მაისი, 2022 • 985
„აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად“ – საელჩოები

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ქვეყანაში მოქმედი საელჩოები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. და აცხადებენ, რომ ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება:

„ვწუხვართ, რომ ისევე როგორც წინა წლებში, უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ღიად გამოხატონ სოლიდარობა ლგბტქი+ თემის მიმართ და ხმა აიმაღლონ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT, მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ 2021 წლის 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენების, ღირსების მარშის ჩაშლისა და ლგბტქი+ პირებისა და მედიის მიმართ განხორცილებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი“, – აცხადებენ განცხადების ავტორები.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და მიაჩნია, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უახლესი მონაცემებით, საქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ლგბტქი+ თემებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას და თვლიან, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი+ პირების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე.

ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას. საელჩოები აღნიშნავენ, რომ ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. ასევე მათი თქმით, აუცილებელია სოციალური დაცვის გაძლიერება და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენელების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორიცაა სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის სერვისზე წვდომის სირთულეები.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში არ დაიშურონ ძალისხმევა დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქი+ თემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით, ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად:

„ვერთიანდებით ადამიანის უფლების დასაცავად, რათა ყველამ შეძლოს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, რომელიც გააძლიერებს და დაიცავს მის ყველა წევრს“ – აცხადებენ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია;
ევროკავშირის წარმომადგენლობა;
ავსტრიის საელჩო საქართველოში;
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;
ახალი ზელანდიის საელჩო საქართველოში;
ბელგიის საელჩო საქართველოში;
ბულგარეთის საელჩო საქართველოში;
გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში;
გერმანიის საელჩო საქართველოში;
დანიის საელჩო საქართველოში;
ესპანეთის საელჩო საქართველოში;
ესტონეთის საელჩო საქართველოში;
იაპონიის საელჩო საქართველოში;
ირლანდიის საელჩო საქართველოში;
ისრაელის საელჩო საქართველოში;
იტალიის საელჩო საქართველოში;
კანადის საელჩო საქართველოში;
ლატვიის საელჩო საქართველოში;
ლიტვის საელჩო საქართველოში;
ნიდერლანდების საელჩო საქართველოში;
ნორვეგიის საელჩო საქართველოში;
პორტუგალიის საელჩო საქართველოში;
რუმინეთის საელჩო საქართველოში;
საფრანგეთის საელჩო საქართველოში;
სლოვენიის საელჩო საქართველოში;
ფინეთის საელჩო საქართველოში;
შვედეთის საელჩო საქართველოში;
შვეიცარიის საელჩო საქართველოში;
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში;
ხორვატიის საელჩო საქართველოში;
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი