საზოგადოება

რა არის Step’n ბოტასი და ღირს თუ არა მასში ინვესტირება

11 მაისი, 2022 • 7760
რა არის Step’n ბოტასი და ღირს თუ არა მასში ინვესტირება

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა Step’n აპლიკაცია.

ეს არის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ფეხით გადაადგილებისას თანხის გამომუშავება შეუძლიათ.

კერძოდ, იმისთვის, რომ Step’n-ის წევრი გახდეთ, უნდა შეიძინოთ NFT ფეხსაცმელი, რომლის მეშვეობითაც მიიღებთ ვირტუალურ ენერგიას, რომელსაც ფეხით მოძრაობის (სირბილი, სიარული და ა.შ.) შემდეგ კრიპტოვალუტა GST-ში გადაცვლით.

ფულის შოვნის ამ ერთი შეხედვით მარტივმა გზამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო საქართველოში, თუმცა, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს არც ისეთი “მარტივი გზაა”, როგორც თავდაპირველად შეიძლება ჩანდეს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, ღირს თუ არა Step’n-ის შეძენა საქართველოში.

რა არის Step’n ბოტასი და როგორ ერთვები მასში?

Step’n პირველი Move to Earn (იმოძრავე, რომ გამოიმუშაო) აპლიკაციაა, სადაც მოთამაშეები სრულად ფლობენ თამაშში არსებულ აქტივებს, რომელთა გაცვლაც შესაძლებელია კრიპტო ან სხვა ვალუტაში.

Step’n-ის შემთხვევაში ფულის გამომუშავება დამოკიდებულია გადაადგილებაზე.

თავდაპირველად იქმნება ანგარიში, მის გასააქტიურებლად საჭიროა აქტივაციის კოდი, რომელსაც იღებთ უკვე აქტიური ანგარიშის მქონე პირისგან. შემდეგ კი შესაძლებელია ბოტასის ყიდვა.

ბოტასები 4 კატეგორიად იყოფა: მოსიარულე [walker], მოძუნძულე [jogger], მორბენალი [runner] და თრეინერი [trainer]. მონაცემები, რომლითაც ეს ბოტასები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, სხვადასხვა დატვირთვას მოითხოვს, შესაბამისად, შემოსავალიც სხვადასხვაგვარია.

ამას გარდა, ყველა ბოტასს აქვს დამატებით 4 ტიპის მონაცემი: ეფექტურობა, იღბალი, კომფორტი და გამძლეობა. ამ მონაცემების გაძლიერებით მომხმარებელი ზრდის ბოტასის ღირებულებას და მისგან მიღებულ ყოველდღიურ შემოსავალს.

იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ბოტასის “შეჯვარება”, ანუ ახალი ბოტასების შექმნა არ გსურთ, ზემოთ ნახსენები მონაცემებიდან, მნიშვნელოვანია ორი – ეფექტურობა და გამძლეობა, რაც შესაბამისი ქულებით გამოიხატება. თუ ამ ორი მახასიათებლის ჯამური ქულა 10-ზე მეტია, ბოტასი ნორმალურად ითვლება.

რა ღირს Step’n და როგორ გამოვიმუშავებთ თანხას?

ბოტასის თავდაპირველი ფასი 1 000 აშშ დოლარს აღემატება. თუმცა, რაც უფრო კარგი მახასიათებლები აქვს მას, მით მეტია თვითღირებულებაც.

ვირტუალური ბოტასის შეძენის შემდეგ იწყება ფულის გამომუშავება. კერძოდ, ყოველ 6 საათში მომხმარებელს ერიცხება 0.5 ენერგია, რაც დაახლოებით 3-4 წუთის გადაადგილების ტოლფასია. აღნიშნული ენერგიის დახარჯვის შემდეგ ანგარიშზე ირიცხება GST მონეტები, რაც ფეხსაცმლის ტიპზე და მონაცემებზეა დამოკიდებული.

ამის შემდეგ კი შესაძლებელია, აღნიშნული მონეტები გადაცვალოთ სხვა კრიპტოვალუტაში, რის შემდეგაც შეძლებთ მის განაღდებას აშშ დოლარში. ამ ეტაპზე 1 GST დაახლოებით 4 დოლარს უდრის.

გამომუშავებული GST-ის ნაწილი იხარჯება ფეხსაცმლის შეკეთებაზე, დანარჩენით კი შეგიძლიათ ფეხსაცმლის მონაცემების დახვეწა [upgrade], სხვა შიდა ოპერაციების შესრულება ან თანხის განაღდება.

მომხმარებლების გამოცდილება

ფიტნეს ინსტრუქტორი ნათია ბოსტოღანაშვილი და მისი მეუღლე, ფინანსისტი გიორგი ობგაიძე Step’n-ს დაახლოებით ორი კვირის წინ შეუერთდნენ. მაშინ NFT ბოტასის საწყისი ფასი დაახლოებით 1 300 აშშ დოლარი იყო. მათი თქმით, დაახლოებით 10 დღეში ინვესტიციის ნახევარი გამოიმუშავეს და აპლიკაციის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ.

წყვილისთვის Step’n პირველი Play to Earn ტიპის აპლიკაციაა, რომელსაც შეუერთდნენ და ამბობენ, რომ პოზიტიური მოლოდინები აქვთ:

“ყოველდღიურად ვეცნობით სიახლეებს. მთლიანი პროექტის დაგეგმარება ძალიან მიმზიდველია და სამომავლოდ მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ სიახლეებს შემოგვთავაზებენ, რაც მეტად სახალისოს გახდის ამ პროექტს.

მსგავსი დონის დაგეგმარება და პარტნიორები არ ჰყოლია არცერთ მსგავსი სტილის აპლიკაციას. შესაბამისად, ეს არის პირველი ასეთი პროექტი, რომელსაც ვენდეთ და ინვესტიცია განვახორციელეთ”, – განმარტავს ნათია “ნეტგაზეთთან”.

ნათია ბოსტოღანაშვილი და გიორგი ობგაიძე

მისი თქმით, არც თავად და არც მისი მეუღლე პროექტს ფინანსურ პირამიდად არ აღიქვამენ და კომპანიის შემქმნელებს ენდობიან, რადგან პროექტს ჰყავს “სერიოზული რეპუტაციის მქონე დეველოპერები” და მხარს უჭერენ ისეთი სანდო და გამოცდილი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, Binance [კრიპტო ვაჭრობის უდიდესი პლატფორმა მსოფლიოში], Sequoia venture capita [ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია] და სხვა.

“პირამიდას მსგავსი გიგანტები მხარს არ დაუჭერდნენ. ეს არის პროექტი, რომელშიც შენ ხარ ინვესტორი ან არ ხარ. და როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაშიც, სწორად უნდა გათვალო, სად, რა, როდის და რამდენის ინვესტირება უნდა მოახდინო. ამ პროექტში ფული თუ დაკარგე, დაკარგავ არა იმიტომ, რომ პირამიდაა, არამედ იმიტომ, რომ არასწორი ინვესტიცია განახორციელე.

ყველამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელება არის რისკი და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უნდა აწონ-დაწონონ კარგად ყველაფერი. გაეცნონ პროექტს და მხოლოდ და მხოლოდ შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება”, – ამბობს ნათია.

ამასთან, წყვილი დადებითად აფასებს Step’n-ში ფულის გამომუშავების მთავარ წყაროს – ფიზიკური აქტივობის წახალისებას. მათი თქმით, ბევრი ადამიანისთვის, ვინც ამ აპლიკაციით სარგებლობს, ფიზიკური აქტივობა ჩვევად იქცა და არა მხოლოდ GST-ის გამოსამუშავებლად, არამედ სიამოვნებისთვისაც იყენებენ აპლიკაციას.

“მათ ცხოვრებაში შევიდა სიახლე, მეტი ფიზიკური აქტივობა, ეს კი ყოველთვის კარგია”, – ამბობს ნათია.

NFT ბოტასის პოპულარობის ზრდასთან ერთად ქართულ ბაზარზე გამოჩნდა სტარტაპი STEPN Runner, რომელიც მომხმარებლებს ბოტასის სწორად შერჩევაში ეხმარება და სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ მათ მაგივრად სხვა გადაადგილდეს.

სტარტაპის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ყაჯრიშვილი განმარტავს, რომ ფულის გამოსამუშავებლად მნიშვნელოვანია ბოტასის სწორად შერჩევა. ასევე, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ერთ ტემპში გადაადგილებას.

“ყველა ადამიანს გვექმნება პრობლემა, ხან ვერ ვახერხებთ გასვლას, შეიძლება ფეხი დაგეჭიმოს ან სხვა პრობლემა გქონდეს. ბევრისგან რომ გავიგე ასეთი პრობლემის შესახებ, გადავწყვიტე ამ კომპანიის გაკეთება და ხალხისთვის საქმის გამარტივება.

თან რომ იცი, რომ ასეთი კომპანია არსებობს, აღარ შეგეშინდება ბოტასის ყიდვაც. თუ ვერ მოახერხე სირბილი, გარანტია გაქვს, რომ შენ მაგივრად სხვები ირბენენ და შენ გამომუშავება მაინც გექნება დოლარებში”, – განმარტავს ყაჯრიშვილი.

მისი თქმით, კომპანია 7 დღის წინ შეიქმნა და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციების გასაწევად 7 ადამიანი მუშაობს, რაც შეეხება სირბილს, ყაჯრიშვილის განცხადებით, კომპანია 10 სპორტსმენთან თანამშრომლობს.

რაც შეეხება დაინტერესებულ პირებს, ყაჯრიშვილის თქმით, ყოველდღიურად დაახლოებით 20 ადამიანი უკავშირდება, მათი რაოდენობა კი მატულობს.

“3-4 დღის წინ დავამატეთ სპორტსმენების მომსახურების სერვისი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მესიჯები და ზარები არ წყდება”, – ამბობს ყაჯრიშვილი.

რა რისკებს შეიცავს Step’n-ში ინვესტირება?

Step’n დაფუძნებულია Play to Earn პრინციპზე, ანუ ითამაშე, რომ გამოიმუშაო. P2E-ის პრინციპი ერთი შეხედვით მარტივია: მომხმარებელი ერთვება კონკრეტულ თამაშში, ყიდულობს NFT-ის, რის შემდეგაც იწყებს კრიპტოვალუტის გამომუშავებას. თუმცა NFT-ის შესაძენად საჭიროა გარკვეული თანხა [პირველადი შენატანი], რაც სხვადასხვა თამაშისთვის განსხვავებულია. ყოველი ახალი მოთამაშის დამატებისას იზრდება თამაშის საერთო ბიუჯეტიც, საიდანაც შემდეგ მოთამაშეები იღებენ “ანაზღაურებას”.

თუმცა კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ საბოლოოდ, როცა თამაშში ჩართვის მსურველების რაოდენობა ამოიწურება, საერთო ბიუჯეტში თანხის რაოდენობაც კლებას დაიწყებს, რადგან აქტიური მოთამაშეები განაგრძობენ თანხის მიღებას, ახლები კი არ ემატებიან. შესაბამისად, იკლებს თამაშის ფასიც.

საბოლოოდ, კრიტიკოსების თანახმად, მოთამაშეები, რომლებმაც NFT თამაშის დასაწყისში იყიდეს, მოახერხებენ მასში ჩადებული თანხის ამოღებას და დიდი ალბათობით დამატებითაც გამოიმუშავებენ, ხოლო ისინი, ვინც მას მოგვიანებით შეუერთდნენ, როცა თამაში უკვე კარგავს პოპულარობას, ჩადებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის ამოღებას შეძლებენ, რადგან მკვეთრად დაეცემა იმ კრიპტოვალუტის ფასი, რომლის გამომუშავებაც ხდება თამაშში.

სწორედ ამიტომ, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს, არის თუ არა Step’n ფინანსური პირამიდა.

ნაწილი ამტკიცებს, რომ აპლიკაცია პირამიდის პრინციპს არ ემყარება, ნაწილი კი აცხადებს, რომ მათთვის პირამიდის პრინციპი ცხადად ჩანს.

რა განასხვავებს Step’n-ს სტანდარტული პირამიდისგან?

P2E-ის პირამიდისეული პრინციპის აღქმა ერთი შეხედვით მარტივი არ არის, რადგან ასეთი თამაშების ძირითადი ეკონომიკური მახასიათებელი გადაფარულია სხვადასხვა ვალუტებსა და აქტივებთან დაკავშირებული სირთულეებით და ფასების მუდმივი ცვალებადობით.

თუმცა აღსანიშნავია, რომ P2E თამაშებს საერთო ბიუჯეტისთვის ინვესტიციების მოზიდვა არა მხოლოდ ახალი მოთამაშეების მიერ შემოტანილი ინვესტიციებით, არამედ სხვა გზითაც შეუძლიათ, რაც თამაშის არსებულ კრიპტოვალუტას გაამყარებს და საერთო საფულეს გაზრდის.

ეს კი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სანდოდ აღიქმება კრიპტოვალუტა, რომელსაც კონკრეტული თამაში იყენებს. ხოლო სანდოობას სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს თამაშის პარტნიორი და სპონსორი პრესტიჟული კომპანიები.

Step’n-ის უკან ნამდვილად დგანან ისეთი კომპანიები, რომელთა რეპუტაციაც, სფეროს ექსპერტების შეფასებით, ეჭვქვეშ არ დგას.

ამასთან, სტანდარტული პირამიდისგან განსხვავებით, Step’n მხოლოდ მომხმარებლებისგან მიღებულ შემოსავალზე არ არის დამოკიდებული და მას ემატება უშუალოდ კრიპტოვალუტის GST/GMT-ის ღირებულებაც.

ასევე, იმისთვის, რომ თამაშში გამოყენებულმა კრიპტოვალუტამ არ დაკარგოს პოპულარობა და, შესაბამისად, ფასიც, P2E თამაშების, მათ შორის Step’n-ის შემქმნელებსაც შეუძლიათ თამაშს დამატებითი ფუნქციები შესძინონ, რითაც ახალ მოთამაშეებს მიიზიდავენ.

სწორედ ამას ჰპირდებიან მომხმარებლებს Step’n-ის შემქმნელები.

აპლიკაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იონ რონგი მიმდინარე წლის იანვარში ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტავდა, რომ Move to Earn მოდელი არ არის აპლიკაციის მთავარი დასაყრდენი.

იონ რონგი/ ფოტო: The Advertiser

მისი თქმით, თამაშში ფინანსური ფაქტორი მხოლოდ მომხმარებლების მოსაზიდად დაემატა, რომ ადამიანებმა გამოსცადონ პროდუქტი:

“ფინანსური ფაქტორის დამატება მხოლოდ მომხმარებლების მოსაზიდადაა, რომ გასინჯონ პროდუქტი, გამოიყენონ აპლიკაცია. შემდეგ მათ მოეწონებათ აპლიკაცია და გააგრძელებენ მის გამოყენებას, საკუთარი ვარჯიშის რუტინის ნაწილად.

ანუ შემდეგ Move to Earn არ იქნება, რაც მათ აპლიკაციაში დატოვებს, არამედ იქნება სოციალური ელემენტი და აპლიკაციის ხარისხი, რომელიც შეინარჩუნებს მათ.

ვფიქრობ, Move to Earn არის უფრო მექანიზმი, რომ ადამიანები მოვიზიდოთ, შემდეგ მათ შევინარჩუნებთ აპლიკაციაში არსებული მექანიზმებით, რომელსაც მომავალში შევთავაზებთ”, – განმარტავდა ის.

რა სარგებლობა მოაქვს თამაშს შემქმნელებისთვის?

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის აპლიკაციები და თამაშები ძირითადად კონკრეტული კრიპტოვალუტის გასამყარებლად და მათი გავლენის გასაძლიერებლად იქმნება. 

მისი შეფასებით, მეტად სავარაუდოა, რომ Stepn-ს შექმნის მიზანიც არა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და გარემოზე ზრუნვაა, როგორც ამას თავად შექმნელები განმარტავენ, არამედ მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა და გავლენის გაძლიერება, რომელიც შემდეგ გამოიყენება ბრენდებთან პარტნიორობისთვის. 

“Stepn აპლიკაციის შემქმნელების და მისი ინვესტორების საჯაროდ გაცხადებული მოტივაციაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ადამიანების სპორტისკენ წაქეზება სურთ, მაგრამ ძალიან მიამიტობაა, დავიჯეროთ, რომ ამხელა ორგანიზაციები შეწუხდნენ, რათა ადამიანებმა დღეში გარკვეული პერიოდით იარონ ან ირბინონ.

სავარაუდოდ, ამ აპლიკაციის ქვემოტივაცია თავისი ტოკენების და ვალუტის გაძლიერებაა. ეს კომპონენტი რომ გამოვაცალოთ, მაშინ მარტივი პირამიდა დაგვრჩება, რომელიც იმაზეა გათვლილი, რომ ვიღაცებმა იყიდონ ბოტასი, სწორად ვერ გააკეთონ აპლიკაციაში გათვლები და, შესაბამისად, ვერ გამოიმუშავონ თანხა”, – აცხადებს დიხამინჯია.

ნანა დიხამინჯია/ფოტო: School of Technology

ის ფიქრობს, რომ Stepn რამდენიმე თვეში ჩამოიშლება და აღმოჩნდება, რომ “ვიღაცები გამდიდრდნენ, მაგრამ ვიღაცებმა დაკარგეს ფული”:

“ამ ტიპის სისტემა იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი ჩაერთვება. ანუ თუკი მისი დამფუძნებლები მოახერხებენ, რომ ისეთი ფუნქციონალობა შესძინონ და დახვეწონ, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს ამაში, ამ შემთხვევაში, სანამ ეს მოძრაობა იქნება, სანამ მეტი და მეტი მომხმარებელი დაემატება, ისიც იფუნქციონირებს, მაგრამ ეს სისტემა ჩახლართულია, ამდენი ცოდნა [ტექნიკური და ფინანსური] ბევრს არ აქვს. არიან ადამიანები, ვინც ერკვევა, თუმცა არ ემხრობიან ამ ტიპის სისტემებს და არ სურთ ამაზე დროის დახარჯვა. ამიტომ არ მგონია, რომ ამ სისტემამ დიდხანს იცოცხლოს და, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში ჩამოიშლება”, – აღნიშნავს დიხამინჯია.

ღირს თუ არა Step’n-ში ჩართვა საქართველოში?

Google Trend-ის მიხედვით, Stepn-ით დაინტერესების მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა და დაახლოებით 73 ერთეულით უსწრებს ჩინეთს, რომელიც ამ რეიტინგში მეორე ადგილზეა. Google Trend ზომავს მონაცემებს, თუ რამდენად ხშირად ეძებენ ამა თუ იმ საკითხზე მომხმარებლები ინფორმაციას.

ნანა დიხამინჯია აღნიშნავს, რომ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად განაპირობებს მსგავსი ტიპის პროექტებში ჩართვის მაღალ მაჩვენებელს.

“განვითარებულ ქვეყნებში ადამიანებს ისე არ უჭირთ, რომ ამით გამდიდრებაზე იფიქრონ და მათთვის ამ ტიპის შემოსავალი იმხელაც არ არის. ასევე, თუკი ადამიანს აქვს რაიმე ტექნოლოგიური ცოდნა მაინც, მისთვის გაცილებით მეტი სამსახური არსებობს. ამიტომ მგონია, რომ საქართველოში უფრო “წამოვეგებით” მსგავს რაღაცებს”, – განმარტავს ის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Stepn ბოტასის ღირებულება 1 000 აშშ დოლარს აღემატება, რაც დღევანდელი კურსით 3 000 ლარზე მეტია. ამასთან, იმისთვის, რომ ადამიანმა ჩადებული თანხა ამოიღოს და მოგებაც ნახოს, მხოლოდ სიარული ან სირბილი არ კმარა. ამისთვის საჭიროა გარკვეული ტექნოლოგიური და ფინანსური ცოდნაც, რომ ინვესტიცია სწორად დაიგეგმოს.

ნანა დიხამინჯია განმარტავს, რომ ეს ცოდნა განვითარებად ქვეყნებში ადამიანებს ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მეტია შანსი, რომ ისინი ბევრ შეცდომას დაუშვებენ და ვერ გამოიმუშავებენ შესაბამის თანხას.

“ამერიკაში ვიღაც ერთი კვირის ხელფასს რომ ჩადებს ამ ბოტასში და დაკარგავს, ეს მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ ბოტასის ღირებულება საშუალო ხელფასიც კი არ არის. ბევრი ადამიანისთვის ეს არის ნახევარი წლის ხელფასი.

მე, მაგალითად, არ ვურჩევდი ამაში [Stepn] ფულის ჩადებას. რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდე და შეიძლება ვიღაცებმა რაღაც თანხა მოიპოვონ, მაგრამ ჩემთვის ეს შემდეგი თვის ცხოვრების ფული რომ იყოს, მე ამ ფულს არ ჩავდებდი კრიპტოსისტემაში. თუ ადამიანს ზედმეტი ფული აქვს, რომ რაღაცაში ინვესტირება გააკეთოს, მისთვის შეიძლება ეს ნაკლებად საფრთხის შემცველი იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, რა რჩევაც არ უნდა გასცეს ვინმემ, ეს იმაზე არასანდო და არამდგრადი იქნება, ვიდრე საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული რჩევები”, – განმარტავს დიხამინჯია.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რა უნდა იცოდე, სანამ NFT-ის საშუალებით გამდიდრებას გადაწყვეტ

მასალების გადაბეჭდვის წესი