ახალი ამბები

კრიპტობოტასი 15 ივლისიდან ჩინეთში ვერ იმუშავებს, გაუფასურდა GST

27 მაისი, 2022 • 1152
კრიპტობოტასი 15 ივლისიდან ჩინეთში ვერ იმუშავებს, გაუფასურდა GST

კომპანია Step’n-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისიდან იძულებული იქნება, ჩინეთში Step’n ბოტასის მომხმარებლებს GPS-ის მიწოდება შეუზღუდოს.

„შესაბამის მარეგულირებელ პოლიტიკაზე აქტიური რეაგირების მიზნით, Step’n პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების [Software Users] ინვენტარიზაციას ჩაატარებს. თუ ჩინეთში მომხმარებლებს აღმოვაჩენთ, Step’n, გამოყენების პირობების შესაბამისად, შეწყვეტს GPS-ის მიწოდებას მათი ანგარიშებისთვის 2022 წლის 15 ივლისის 00:00 საათზე”, — წერია Step’n-ის განცხადებაში.

გამოცემა CryptoSlate-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადების შემდეგ თამაშში არსებული ტოკენის, GST-ის ფასი 40%-ით დაეცა. ამჟამად მისი ფასი 1.66 აშშ დოლარია. ამასთან, დაეცა GMT ტოკენის ფასიც. CryptoSlate-ის ცნობით, ერთ დღეში GMT-მ 37%-ით დაიკლო, ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან შედარებით კი 78%-ით დაბალია.

რა არის Step’n ბოტასი

Step’n პირველი Move to Earn (იმოძრავე, რომ გამოიმუშაო) აპლიკაციაა, სადაც მოთამაშეები სრულად ფლობენ თამაშში არსებულ აქტივებს, რომელთა გაცვლაც შესაძლებელია კრიპტო ან სხვა ვალუტაში.

Step’n-ის შემთხვევაში ფულის გამომუშავება დამოკიდებულია გადაადგილებაზე.

თავდაპირველად იქმნება ანგარიში, მის გასააქტიურებლად საჭიროა აქტივაციის კოდი, რომელსაც იღებთ უკვე აქტიური ანგარიშის მქონე პირისგან. შემდეგ კი შესაძლებელია ბოტასის ყიდვა.

ბოტასები 4 კატეგორიად იყოფა: მოსიარულე [walker], მოძუნძულე [jogger], მორბენალი [runner] და თრეინერი [trainer]. მონაცემები, რომლითაც ეს ბოტასები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, სხვადასხვა დატვირთვას მოითხოვს, შესაბამისად, შემოსავალიც სხვადასხვაგვარია.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

რა არის Step’n ბოტასი და ღირს თუ არა მასში ინვესტირება

მასალების გადაბეჭდვის წესი