ეკონომიკატექნოლოგიები

რა უნდა იცოდე, სანამ NFT-ის საშუალებით გამდიდრებას გადაწყვეტ

18 თებერვალი, 2022 •
რა უნდა იცოდე, სანამ NFT-ის საშუალებით გამდიდრებას გადაწყვეტ

ის დრო გახსოვთ, თქვენი ნაცნობების უმეტესობამ თვალის დახამხამებაში რომ დაიდგა მაინერი  სახლში და კრიპტოვალუტის გამომუშავებას მიჰყო ხელი? —  NFT “ახალი” მაინერია (ცხადია, არა პირდაპირი მნიშვნელობით) და მასზე ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. თუმცა, სანამ ამ სფეროში ბედის ცდას გადაწყვეტ, არის რამდენიმე საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.

სანამ NFT-ების სამყაროში გადაეშვებით, არის რამდენიმე საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ და ამ სტატიაში სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ.

რა არის NFT?

NFT ანუ ჩაუნაცვლებელი ტოკენები, უნიკალური ციფრული აქტივებია, რომლის მფლობელზე ინფორმაცია ბლოკჩეინ სისტემებში ინახება.   როგორც The Verge განმარტავს, მისი ჩანაცვლება სხვა რამით შეუძლებელია. შესაბამისად, სახელწოდებაც Non-Fungible Tokens აქედან მოდის.

მაგალითისთვის, ერთი ბიტკოინის მეორეში გაცვლა შესაძლებელია ისევე, როგორც ერთი 20-ლარიანი კუპიურის მეორეში, ან სხვა ნომინალის შესაბამისი ოდენობის ბანკნოტებში (ორ 10- ლარიანში, ოთხ ხუთლარიანში და ა.შ.), უპრობლემოდ გაცვლიდით, რადგანაც გაცვლა ერთსა და იმავე აქტივში ხდება. თუმცა ერთი NFT-ის მეორეში გაცვლის შემთხვევაში მომხმარებელი სრულიად განსხვავებულ ციფრულ პროდუქტს იღებს. ამასთან, შეუძლებელია, კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ის დაშლაც.  მარტივად რომ წარმოიდგინოთ, თუ ანგარიშზე 100 ლარი გაქვთ, მეგობრისთვის ამ თანხის ნახევრის გადარიცხვას მარტივად შეძლებთ, მაგრამ ფერწერულ ტილოს თუ ფლობთ, ბუნებრივია, მის ნახევარს ვერ გასცემთ.

NFT შეიძლება ყველაფერი იყოს, რასაც ციფრული ფორმა აქვს, მათ შორის, ნახატები, მუსიკა, ვიდეოები, საკოლექციო ბარათები და ყველა გაციფრულებული პროდუქტი, რის წარმოდგენასაც შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ NFT-ები 2014 წლიდან არსებობს, მათი პოპულარობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. Forbes-ის მიხედვით, 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, NFT პლატფორმებზე 175 მილიონი აშშ დოლარია დახარჯული.

Forbes განმარტავს, რომ თითოეული NFT საკუთარი არსით უნიკალურია და ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი აქვს მინიჭებული. ექსპერტების თქმით, ეს კონტრასტშია სხვა ციფრული პროდუქტებთან, რომელთა წარმოება შეუზღუდავი რაოდენობითაა შესაძლებელი. ჰიპოთეზურად, შეზღუდულმა მიწოდებამ კი შესაძლოა აქტივის ფასი გაზარდოს და NFT 69 მილიონ აშშ დოლარადაც კი გაიყიდოს, რისი პრეცედენტებიც უკვე არსებობს.

ეს კოლაჟი ციფრულმა არტისტმა სახელით Beeple 69 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. სურათი 5 000 ციფრული ილუსტრაციისგან შედგება. 14 წლის განმავლობაში არტისტი თითო ილუსტრაციას ქმნიდა, რამაც საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო, NFT-დ იქცა და 69 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

თუმცა ბევრი NFT ისეთი ციფრული პროდუქტია, რომელიც ინტერნეტში მანამდეც არსებობდა. მაგალითად, ნაწყვეტი ვირუსული ვიდეოდან, ან ილუსტრაცია, რომელიც ავტორის ინსტაგრამზეა ატვირთული — მაშინ რატომ იხდიან ადამიანები ფულს ისეთ პროდუქტში, რომლის ნახვა, დასქრინვა ან/და გადმოწერა უფასოდაც ყველას შეუძლია?

ამ კითხვაზე პასუხი, Forbes-ის მიხედვით, საკუთრების უფლებაშია. როდესაც NFT-ს ყიდულობთ, თქვენ იძენთ კოდს ბლოკჩეინში, რომელიც ადასტურებს, რომ აქტივი თქვენ გეკუთვნით.  როგორც მიხვდით, NFT ფაილი შესაძლოა ისეთივე საკოლექციო ნივთი იყოს, როგორც, მაგალითად, ზეთით შესრულებული ტილო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ნაყიდი ფაილი ციფრული იქნება.

გარდა ამისა, თითოეულ NFT-ს ერთსა და იმავე დროს მხოლოდ ერთი მფლობელი შეიძლება ჰყავდეს (თუ რამდენიმე ეგზემპლარი არ არსებობს). თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, უმეტესწილად, საკუთრების უფლება საავტორო უფლებებს არ მოიცავს.

მარტივად გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ, საფოსტო მარკებს აგროვებთ. როდესაც ახალ მარკას ყიდულობთ, თქვენ უკვე დაბეჭდილ ნივთს იძენთ, მარკა თქვენი ხდება, მაგრამ მისი დიზაინისა და ტირაჟის რაოდენობის შეცვლა არ შეგიძლიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი ერთი ცალი მარკის გადაბეჭდვა და რამდენიმე ასლის შექმნა ლეგალურად არ შეგიძლიათ იმიტომ, რომ მასზე მხოლოდ საკუთრების უფლება გაქვთ და არ ფლობთ საავტორო უფლებებს. ასეა NFT-ის შემთხვევაშიც.

ეს ნიღბიანი კაცუნა, რომელიც 10 000 უნიკალური მსგავსი გამოსახულებებებისგან შემდგარი კოლექციის ნაწილია, 11 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

თუმცა აქ NFT-ს ერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად, თუ მხატვარი ხართ და თქვენს ფიზიკურ ნამუშევარს გაყიდით, ახალი მყიდველი კი მას სხვას მიჰყიდის, თქვენ ამით სარგებელს ვერ ნახავთ. NFT-ის შემთხვევაში კი ყოველი მომდევნო ტრანზაქციის დროს თანხის გარკვეულ ნაწილს ფაილის შემქმნელიც იღებს.  შესაბამისად, თუ თქვენი  ილუსტრაცია 1 თეთრად (ბლოკჩეინში ვაჭრობა კრიპტოვალუტებით ხდება, NFT კი, როგორც წესი, ეთერიუმის ბლოკჩეინს იყენებს, თუმცა ანგარიშსწორება სხვა კრიპტოვალუტებშიც შესაძლებელია) გაიყიდება, ეს დასასრული არ არის. თუ აქტივის ღირებულება გაიზრდება და ახალი მფლობელი მას სხვაზე გაყიდის, ყველა ჯერზე ღირებულების გარკვეულ პროცენტს თქვენც მიიღებთ.

„ტვიტერის“ დამფუძნებლის პირველი ტვიტი 2 915 835 აშშ დოლარად გაიყიდა.

მაგრამ, როგორც ყველაფერ სხვას სამყაროში, აქაც მედალს ორი მხარე აქვს. თუ NFT-ების კეთებას ან მათ შეძენას გადაწყვეტთ, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. პირველი გადასახადებია.

როგორც The Verge წერს, პლატფორმების უმეტესობაზე NFT-ებს უფასოდ შექმნით, თუმცა, შეძლებთ თუ არა მათ გაყიდვას, ეს უკვე სხვა საქმეა.

რა უნდა იცოდეთ, სანამ NFT-ის ყიდვას/გაყიდვას გადაწყვეტთ?

როგორც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, NFT-ები ძირითადად ეთერიუმის ბლოკჩეინში იყიდება. ყველა ოპერაცია კი ეთერიუმის ბლოკჩეინში ფასიანია. იმისათვის, რომ თქვენი პროდუქცია, იგივე NFT, ბლოკჩეინში განათავსოთ, უნდა გადაიხადოთ ერთგვარი საკომისიო (Gas Fee). თქვენი გადახდილი ფული მაინერებთან მიდის (პირები, რომლებიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებენ). გადასახადის ოდენობა გამუდგმებით იცვლება.

ასევე, მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ არ არსებობს 100%-იანი გარანტია, რომ თქვენი ტრანსფერი დასრულდება. შეგიძლიათ ზედმეტი გადაიხადოთ, რათა ტრანზაქციის დასრულების შანსები გაიზარდოს, თუმცა დარწმუნებული ვერასდროს იქნებით. თუ ოპერაცია ვერ შესრულდება, თქვენი NFT ბლოკჩეინში ვერ განთავსდება და მის განსათავსებლად გადახდილი ფული თქვენთვის, ფაქტობრივად, იკარგება, მისი დაბრუნების მექანიზმი კი არ არსებობს. თუმცა შეგიძლიათ, ისევ საკუთარი რისკის ფასად, NFT-ის განთავსება ხელახლა სცადოთ და კვლავ გადაიხადოთ ამაში ფული.

ამასთან, სხვადასხვა პლატფორმაზე ანგარიშის შექმნის სხვადასხვა წესი არსებობს. The Vergeაღნიშნავს, რომ ორი დიდი პლატფორმა, OpenSea და Rarible, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, NFT-ები მათ პლატფორმაზე უფასოდ განათავსონ. ამ მოდელს Lazy minting  ეწოდება.

ამ შემთხვევაში თქვენი NFT, საიტზე განთავსებისას, ბლოკჩეინში არ იწერება, შესაბამისად, არც გადასახადის გადახდა გიწევთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე თქვენს NFT-ის შეიძენს, ბლოკჩეინში გასაწერად Gas გადასახადის გადახდა მოგიწევთ. ამგვარი მიდგომა მომხმარებლებს ისეთი სიტუაციების თავიდან არიდებაში ეხმარება, როცა NFT-ს ბლოკჩეინში განსათავსებლად (Mint) 30$-ის ან მეტის გადახდა მოგიწევდათ, თქვენს ნამუშევარს კი არავინ შეიძენდა.

თუმცა აქ კიდევ ერთი ფაქტორია. გამოცემა აღნიშნავს, რომ OpenSea-ზე ეთერიუმის ბლოკჩეინში NFT-ის გასაყიდად პირველ ჯერზე ანგარიშის ინიციალიზაციაა საჭირო, რომელიც ასევე ძვირადღირებული ტრანსფერი შეიძლება იყოს. The Verge-ის თქმით, შესაძლოა, ეს ოპერაცია 300-400 აშშ დოლარი დაგიჯდეთ, თუმცა ეს ერთჯერადი პროცედურაა.  Rarible-ზე ამგვარი გადასახადი არ არის, მაგრამ თუ თქვენი NFT-ის წაშლას მოინდომებთ, ამ შემთხვევაში 20-30 აშშ დოლარის გადახდა მოგიწევთ. ამასთან, ორივე საიტზე მიღებული შემოსავლის 2.5% პლატფორმას რჩება.

ამ მოწყენილი მაიმუნების კოლექციიდან ზოგი, რამდენიმე ასეულ ათას აშშ დოლარად გაიყიდა. NFT-ები მფლობელებს სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს. მის მფლობელებს შორის არიან ჯიმი ფელონი, ემინემი, გვინეტ პელტროუ და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი.

The Verge აღნიშნავს, რომ ეთერიუმის ბლოკჩეინის ალტერნატივებიც არსებობს. მაგალითად, ფლოუ და პოლიგონი, რომლებზეც გადასახადები ეთერიუმთან შედარებით ძალიან მცირეა, ზოგჯერ კი სულაც უფასოა. თუმცა ამ სისტემების უარყოფითი მხარე ისაა, რომ მხოლოდ ერთეული NFT-ს განთავსებაა შესაძლებელი და კოლექციებს ვერ განათავსებთ. ამასთან, აღნიშნულ ბლოკჩეინებში აუქციონის პრინციპით თქვენს NFT-ს ვერ გაყიდით. გამოცემა აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ შეძენისას ანგარიშსწორება პირდაპირ ეთერიუმში არ ხდება, კრიპტოვალუტის გადაცვლა კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ, თავად ამგვარი ბაზრების არსს უკავშირდება.Forbes აცხადებს, რომ NFT-ის მომავალი გაურკვეველია და ამ დროისთვის ობიექტური შეფასებისთვის საკმარისი დრო გასული არაა. ამიტომაც, ეს სარისკო ინვესტიციად ითვლება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, NFT-ს ღირებულება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, სხვა ადამიანებს სურთ თუ არა მათი ყიდვა. შესაბამისად, ფასს ცალსახად მოთხოვნა არეგულირებს და არა სხვა ფუნდამენტური, ტექნიკური ან ეკონომიკური ინდიკატორები, რომელიც, როგორც წესი, გავლენას ახდენს საფონდო ბირჟაზე გამოტანილი აქტივების ღირებულებაზე.

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი კი საავტორო უფლებებს უკავშირდება. Vice-ის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისში ყველაზე დიდმა NFT პლატფორმამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მათ საიტზე უფასოდ განთავსებული NFT-ების 80% სპამი ან პლაგიატი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები პლატფორმაზე არა მათ მიერ შექმნილ ციფრულ პროდუქტს ტვირთავდნენ, არამედ სხვების მიერ შექმნილი პროდუქტების გადაყიდვას ცდილობდნენ. ამრიგად, სანამ რომელიმე NFT-ს ყიდვას გადაწყვეტთ, კარგად უნდა მოიკვლიოთ, ამგვარ თაღლითობასთან ხომ არ გაქვთ საქმე.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სანამ ამ სტატიას ჩაკეცავთ და რომელიმე გრაფიკულ პროგრამაში გაიქცევით NFT კოლექციის შესაქმნელად, კიდევ არის რაღაც, რაც უნდა იცოდეთ. თქვენს ნამუშევარს ორიგინალური კონცეფცია უნდა ჰქონდეს!

რა შეიძლება გაიყიდოს?

Art Up Street Gallery უკვე წელიწადზე მეტია NFT-ის მიმართულებით მუშაობს. როგორც პლატფორმის დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, საქართველოში NFT-ზე წარმოდენა არასწორად დამკვიდრდა, რამაც, თავის მხრივ, ბევრ ადამიანს ცრუ მოლოდინები გაუჩინა:

„საქართველოში აღიქვეს, რომ NFT არის რაღაცა უხარისხო დაჯღაბნილი ნახატი ილუსტრატორში ან სხვა პროგრამაში და ახლა  ცდილობენ გაყიდონ ასეთი ნამუშევრები, რომლის უკანაც არც მიზანია და არც კონცეფცია“ ,- ამბობს გელიაშვილი.

Art Up-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ არსებობს NFT-ის რამდენიმე კატეგორია. ერთი ციფრული ხელოვნებაა, რომელიც ისევე ფასდება, როგორც ფიზიკური ნამუშევრები, მეორე კი რამდენიმე საათში შექმნილი ნამუშევრების კოლექციებია, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, კრიპტო ვაჭრობაა (თუმცა ამ ტიპის წარმატებული პროექტების უკანაც დიდი გუნდი და დიდი შრომა დგას).

„იყიდი, აგროვებ, ძვირდება და ყიდი. ამგვარ ნამუშევრებს მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა თან რაიმე სახის სარგებელი ახლავს“, – ამბობს ლევან გელიაშვილი „ნეტგაზეთთან“.

მაგალითად, NFT პროექტს Bored Apes-ს რომ დავუბრუნდეთ, კოლექცია ათასობით მაიმუნის გამოსახულებისგან შედგება და თითოეული მათგანის ფასი რამდენიმე ასეული ათასი დოლარია. თუმცა ამ ნამუშევრის მფლობელი კლუბის წევრი ხდება, რომელსაც სხვა წევრებთან ერთად დახურულ ღონისძიებებზე დასწრება და გათამაშებებში მონაწილეობა შეუძლია.

Bored Ape-ის მფლობელებს შორის არაერთი ცნობილი ადამიანია, მათ შორის, ემინემი და სნუპ დოგი, ჯიმი ფელონი, სერენა უილიამსი, ჯასტინ ბიბერი, სტივ აოკი, გარი ვაინერჩუკი, რაც კლუბის წევრობის მსურველებს ზრდის, შესაბამისად, NFT-ს ფასიც მოთხოვნის შესაბამისად იზრდება.

ეს ემინემის “მოწყენილი მაიმუნია”

აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ რომელიმე, ერთი შეხედვით უაზრო NFT კოლოსალურ თანხად გაიყიდა, სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი შექმნილიც მის ბედს გაიზიარებს. ლევან გელიაშვილი განმარტავს, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ NFT პროექტების უკან დიდი კომპანიები დგანან, მასზე წლობით მუშაობდნენ და მილიონობით ინვესტიცია ჩადეს.

„აკეთებენ ხოლმე კოლექციებს. კოლექციები, რომელიც კრიპტო ფულია და კრიპტო ბაზარია. ამას აგროვებ, ძვირდება, ყიდი და არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, არანაირი შემოქმედება არ დევს, უბრალოდ მას გააჩნია სხვადასხვა სარგებელი. მაგალითად, თუ იყიდი რომელიღაცა  “მაიმუნს”,  გაქვს უფლება, დახურულ ღონისძიებას დაესწრო და შეიძლება იქვე იყოს სნუპ დოგი, ემინემი და სხვა ცნობილი ადამიანი“, – ამბობს გელიაშვილი.

ამით იმის თქმას სულაც არ ვცდილობთ, რომ NFT-ს ინდივიდუალური არტისტები ვერ გამოიყენებენ და მსგავსი პლატფორმებით ფინანსური სარგებლის მიღება უტოპიაა. უბრალოდ, თქვენი პროექტი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ მარტივი გრაფიკული გამოსახულება. 

მეორე მიმდინარეობა, რომლისთვისაც NFT-ს იყენებენ. ციფრული ხელოვნების ნიმუშების გაყიდვაა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს Art Up Street Gallery:

„სერიოზული პლატფორმებია, მაგალითად, foundation, SuperRare და სხვები, რომელსაც თავის წესები აქვს.  ეს პლატფორმები ორიენტირებული არიან ხარისხზე. იქ შეიძლება შეგხვდეს ცნობილი რეჟისორის, Street Art-ისტის, გრაფიკოსის გაკეთებული ნამუშევრები, ვინც რეალურ ცხოვრებაშიც მილიონებს აგენერირებს ნამუშევრებით და ვინც NFT-ს უდგება, როგორც ციფრულ ხელოვნებას”, – ამბობს ლევან გელიაშვილი.

მისი თქმით, Art Up-შიც არიან ქართველი არტისტები, მსგავს პლატფორმებზე თითო ნამუშევარს ტვირთავენ, თუმცა ამას ისე უდგებიან , როგორც ხელოვნებას და რამდენიმე ათასის გამომუშავებასაც ახერხებენ უცხოურ NFT ბაზარზე.

გელიაშვილი განმარტავს, რომ რეალურად, NFT ლიცენზირებაა, მისი მეშვეობით ნამუშევრის საავტორო უფლებები ბლოკჩეინში აისახება და ციფრული ხელოვანებისთვის მართლაც რომ დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს.

მისი თქმით, ყველაზე კარგი ისაა, რომ არტისტი აღარ არის დამოკიდებული გალერისტებზე  და გადამყიდველებზე, რომლებიც ნამუშევრის გადაყიდვისას ხელოვანს არანაირ თანხას აღარ აძლევენ. არტისტი თავად აკეთებს ამ ყველაფერს, ყიდის და მთელი ცხოვრება თუ გადაყიდის ვინმე, პროცენტი დაერიცხება საავტორო უფლებისთვის:

„ჰგონიათ, რომ NFT არის თვითონ რაღაც, სინამდვილეში NFT ფორმაა.  შენ რომ ნამუშევარს ტვირთავ, ის გარდაიქმნება და იძენს გარკვეულ ლიცენზიას. თქვენ რომ ფოტოებს იღებდეთ და გინდოდეთ გაყიდვა, ამას ატვირთავთ და დააფიქსირებს, რომ თქვენია. ამ ფოტოს როგორ გაყიდით, რა ფასი და მიზანი ექნება, რა კოლექციაა და  რა კონცეფცია აქვს – ეს უკვე თქვენზეა.  ხელოვნებაა თავიდან ბოლომდე და თქვენს ხელშია, რას აკეთებთ.

რამდენი მოპარული ნამუშევარია, რამდენი ყალბია, ფიზიკურ ნამუშევრებს ვგულისხმობ. რამდენი გადამყიდველია, რომლებიც ატყუებენ არტისტებს. მაგალითად, ყიდულობენ 50 000-ად და მერე 500 000-ად ყიდიან ნამუშევრებს და არტისტს არ მისდის არანაირი შემოსავალი.

ძალიან ბევრი ცუდი მოდელია, გადაყიდვა, ფასის ძალით აწევა, აუქციონზე გააქვთ და თვითონვე ყიდულობენ მილიონად, რომ დაფიქსირდეს, ნამუშევარი მილიონად გაიყიდა და შემდეგ არტისტის ნამუშევრებს ყიდიან ძვირად იმიტომ, რომ ეს არის ბიზნესი“, – განმარტავს გელიაშვილი.

მისი თქმით, ამგვარი შემთხვევები კრიპტო პლატფორმებზეც ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ NFT ცუდია, კანონდამრღვევი ადამიანები ხომ ყველა სფეროში არსებობენ.

გელიაშვილის თქმით, სანამ თქვენი ნამუშევრის NFT-ად გარდაქმნას გადაწყვეტთ, კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული კონცეფცია და შედგენილი გქონდეთ ე.წ. Road Map, გზა, რომელსაც თქვენი ნაშრომი გაივლის და დასახულ მიზანს მიაღწევს:

„აქცენტს სვამენ, როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული, იქ შევარდნაძის “ნუ ღრიალებ” იყიდება, ახლაც დევს opensea-ზე, მაგრამ ვინ იყიდის, ვის რაში სჭირდება ეს კლიპი 16 575 აშშ დოლარად, თან რამდენად არის დაცული საავტორო უფლებები? რეალურად ტელევიზიას ეკუთვნის, რომელმაც გადაიღო.

დღე არ გავა, 5-მა ადამიანმა მაინც არ მომწეროს, NFT უნდა გავყიდოო. ვეუბნები, NFT-ს რომ ყიდი, რატომ აკეთებ ამას, არც მხატვარი ხარ, არც არტისტი, რა შუაში ხარ საერთოდ. ახლა არის დიდი ჰაიპი, ჰგონიათ, ფულს იშოვიან ბევრს“, – განმარტავს გელიაშვილი.

მისი თქმით, Art Up Street Gallery-ს არტისტები ციფრული ხელოვნების შექმნაზე მუშაობენ, რამდენიმე პლატფორმასთან თანამშრომლობენ და გაყიდვებიც კარგი აქვთ:

„ჩვენი არტისტები მუშაობენ სხვადასხვა პროგრამებში, უთმობენ ბევრ დროს და ქმნიან სხვადასხვა ისტორიის ნამუშევრებს, როგორც ნახატებია. ასევე სკულპტურებს ვასკანერებთ, ასეთი შემთხვევა გვქონდა ბათუმის ტექნოპარკში NFT ნამუშუვრებისთვის და ვასკანერეთ ხელოვანების სკულპტურები და გარდავქმენით სამგანზომილებიან მოდელად. შესაბამისად, თითქმის ყველა გაყიდულია. კოლექციონერები ამას როგორც ინვესტიციას და ხელოვნებას, ისე უყურებენ.

ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით ხელოვნებას და ამ ხელოვნებაზე შეიძლება თვეში 2 ნამუშევარი გაკეთდეს. გამოფენა გვქონდა ნიუ იორკში, ახლა ვენაში ვგეგმავთ. გამოფენას რომ აკეთებ, ხელოვნებაზეა საუბარი, მერე გამოფენიდან ეგრევე იყიდება ნამუშევრები. გლობალურ ბაზარზე ვართ“, – ამბობს გელიაშვილი და აღნიშნავს, რომ თითოეულ ნამუშევარს არტისტები 300-დან რამდენიმე ათას აშშ დოლარამდე ფასად ყიდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი