ახალი ამბები

ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT იყიდა

2 ივნისი, 2022 • 3333
ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT იყიდა

ამერიკელმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს გამოსახულებით NFT იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კომიკოსი თავად ავრცელებს. კერის თქმით, ეს პირველი NFT-ია, რომელიც იყიდა.

NFT-ზე, რომელიც ახლა უკვე ამერიკელი მსახიობის საკუთრებაშია, გამოსახულია წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთი შენობის შიდა ინტერიერი, შემდეგ კი, კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით, დამატებულია ფლორის ელემენტები.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ამ გზით წარმოდგენილია წარსულისა და მომავლის, ასევე, ფიზიკური და ციფრული სამყაროების შერწყმა. ფოტოს ავტორი რაიან კოპმანსია, ციფრული ელემენტები ნამუშევრისთვის კი ალის ვაქსელმა შექმნა. საბოლოოდ ნამუშევარს დაედო რეიკ ტომსის მუსიკა.

რა არის NFT?

NFT ანუ ჩაუნაცვლებელი ტოკენები, უნიკალური ციფრული აქტივებია, რომლის მფლობელზე ინფორმაცია ბლოკჩეინ სისტემებში ინახება. როგორც The Verge განმარტავს, მისი ჩანაცვლება სხვა რამით შეუძლებელია. შესაბამისად, სახელწოდებაც Non-Fungible Tokens აქედან მოდის.

მაგალითისთვის, ერთი ბიტკოინის მეორეში გაცვლა შესაძლებელია ისევე, როგორც ერთი 20-ლარიანი კუპიურის მეორეში, ან სხვა ნომინალის შესაბამისი ოდენობის ბანკნოტებში (ორ 10- ლარიანში, ოთხ ხუთლარიანში და ა.შ.) უპრობლემოდ გაცვლიდით, რადგანაც გაცვლა ერთსა და იმავე აქტივში ხდება. თუმცა ერთი NFT-ის მეორეში გაცვლის შემთხვევაში მომხმარებელი სრულიად განსხვავებულ ციფრულ პროდუქტს იღებს. ამასთან, შეუძლებელია, კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ის დაშლაც. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, თუ ანგარიშზე 100 ლარი გაქვთ, მეგობრისთვის ამ თანხის ნახევრის გადარიცხვას მარტივად შეძლებთ, მაგრამ ფერწერულ ტილოს თუ ფლობთ, ბუნებრივია, მის ნახევარს ვერ გასცემთ.

NFT შეიძლება ყველაფერი იყოს, რასაც ციფრული ფორმა აქვს, მათ შორის, ნახატები, მუსიკა, ვიდეოები, საკოლექციო ბარათები და ყველა გაციფრულებული პროდუქტი, რის წარმოდგენასაც შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ NFT-ები 2014 წლიდან არსებობს, მათი პოპულარობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. Forbes-ის მიხედვით, 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, NFT პლატფორმებზე 175 მილიონი აშშ დოლარია დახარჯული.

Forbes განმარტავს, რომ თითოეული NFT საკუთარი არსით უნიკალურია და ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი აქვს მინიჭებული. ექსპერტების თქმით, ეს კონტრასტშია სხვა ციფრული პროდუქტებთან, რომელთა წარმოება შეუზღუდავი რაოდენობითაა შესაძლებელი. ჰიპოთეზურად, შეზღუდულმა მიწოდებამ შესაძლოა აქტივის ფასი გაზარდოს და NFT 69 მილიონ აშშ დოლარადაც კი გაიყიდოს, რისი პრეცედენტებიც უკვე არსებობს.

ვრცლად წაიკითხეთ – რა უნდა იცოდე, სანამ NFT-ის საშუალებით გამდიდრებას გადაწყვეტ

მასალების გადაბეჭდვის წესი