საზოგადოება

რას ნიშნავს „დენაციფიკაცია“ და რატომ აირჩია კრემლმა უკრაინაში ომის „გასამართლებლად“

9 მაისი, 2022 • 9774
რას ნიშნავს „დენაციფიკაცია“ და რატომ აირჩია კრემლმა უკრაინაში ომის „გასამართლებლად“

ნაციზმზე გამარჯვებიდან 77 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება კვლავაც ცდილობს, საკუთარი ხალხი დაარწმუნოს, რომ ისევ ნაცისტებს ებრძვის, ოღონდ, ამჯერად უკრაინაში.

რატომ მაინცდამაინც „დენაციფიკაცია“ – ექსპერტები მიუთითებენ, რომ რუსეთის მოსახლეობისთვის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნა უმნიშვნელოვანესია და ეს „ალბათ ერთადერთი რამაა, რაც რუსეთში საზოგადოებას აერთიანებს“.

„ნეტგაზეთი“ შეეცადა ეჩვენებინა, თუ რატომ აირჩია პუტინმა ომის გასამართლებლად „დენაციფიკაციის“ საბაბი, რატომ არ შეესაბამება სიმართლეს მოსკოვის განცხადებები „უკრაინელ ნაცისტებზე“ და რა მეთოდებით ატარებს რუსეთი „დენაციფიკაციას“.

„დენაციფიკაცია“ და მეორე მსოფლიო ომი

ტერმინი „დენაციფიკაცია“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, როცა გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ მოკავშირეებმა ნიურნბერგის ტრიბუნალი მოაწყვეს და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა ნაცისტური პარტიის წევრებს აუკრძალეს.

ტერმინი ნაციზმისგან „გაწმენდას“ გულისხმობს. შესაბამისად, როგორც „ნეტგაზეთს“ ექსპერტები ეუბნებიან, მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე სტრატეგიული მიზანი უნდა შეესრულებინა:

  • ნაცისტის იარლიყი მიეკერებინა უკრაინის ხელისუფლებისთვის და მისი დამცველებისთვის;
  • გაემიჯნა რუსეთი/რუსები და „ბოროტი“, ნაცისტი უკრაინელები;
  • ქვეყნის შიგნით მოეხდინა მოსახლეობის კონსოლიდირება – განმათავისუფლებლის ხატის ხელმეორედ მორგებით.

ამ სტრატეგიის დასტურია ის გზავნილები და შედარებები, რომელსაც რუსული პოლიტიკის გამხმიანებლები იყენებენ. მაგალითად, კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, განემარტა, რა იგულისხმებოდა „დენაციფიკაციაში“:

„უკრაინა უნდა გათავისუფლდეს, გაიწმინდოს ნაცისტებისგან, პრონაცისტურად განწყობილი ხალხისგან და იდეოლოგიისგან“.

კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 2 მაისის განცხადება: „მერე რა, რომ ზელენსკი ებრაელია, ეს არ აუქმებს ნაცისტურ ელემენტებს უკრაინაში. რამდენადაც ვიცი, ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ყველაზე მძვინვარე ანტისემიტები ებრაელები არიან“.

რუსი ერის კონსოლიდაციის პროცესში დენაციფიკაციის ნარატივის შემოტანას პროპაგანდისტული სტრატეგიის კიდევ ერთ ცხად გამოვლინებად ხედავს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ („სოვლაბი“) მკვლევარი ამბობს, რომ ნაცისტურ რეჟიმზე რუსეთის და საბჭოთა კავშირის „ექსკლუზიური გამარჯვების“ პროპაგანდა სსრკ-სა და რუსეთში მმართველი რეჟიმის საყრდენად უკვე წლებია გამოიყენება.

მისი შეფასებით, კრემლი წარმატებით იყენებს თაობებში ჩანერგილ აღქმას, რომლითაც ორ ნაწილად ყოფს სამყაროს – „ჩვენ [რუსეთი] და ისინი [რუსეთის მტრები]“, სწორედ ამ გამყოფი მექანიზმის როლი უნდა ეთამაშა ტერმინს დენაციფიკაცია.

„აგრესიის დაწყებისას [პუტინმა] უნდა შეახსენოს საზოგადოებას, რომ ეს არის ისეთივე ომი, როგორიც ადრე, ხოლო მოწინააღმდეგეები ნაცისტები არიან, რომლებისგანაც [რუსეთმა] სამყარო უნდა გაათავისუფლოს“, – ხსნის იგი.

ამავე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას დიმიტრი მურატოვი, რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი და ნობელიის პრემიის ლაურეატი. მისი თქმით, „რუსეთს XX საუკუნის უზარმაზარი ტრავმა აქვს“. ჟურნალისტი ამბობს, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომის, ასევე გოლოდომორის ტრაგედიისა და სხვა მოვლენებით გამოწვეულ ადამიანურ დანაკარგს სახელმწიფო სათავისოდ იყენებს:

„რას აკეთებს სახელმწიფო? ის უკიდურესი ცინიზმით იყენებს სიტყვებს, რომლებიც გონივრულობის ყველანაირ ჯავშანს არღვევს… იყენებს ტერმინებს „ფაშისტები“, „ნაცისტები“, „დენაციფიკაცია“, ეს სიტყვები აღწევენ გონებაში, რადგანაც გენეტიკურად ისინი დაკავშირებულია [ადამიანურ დანაკარგებთან]“, – ამბობს მურატოვი.

„დენაციფიკაცია“, როგორც „ცინიზმის მანიფესტაცია“

უკრაინის დენაციფიკაცია, „ცინიზმად“ და „სისულელედ“ მიაჩნიათ ისტორიკოსებს. ირაკლი ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ძალიან დაზარალდა ნაცისტური ოკუპაციის დროს და „წარმოუდგენელი ტერორი გადაიტანა“.

„იმ ქვეყნებისა და ერების „დენაციფიკაციაზე“ საუბარი, რომლებიც ნაციზმის ყველაზე გამოკვეთილი მსხვერპლია, მათ შორის უკრაინის… ცინიზმის მანიფესტაციაა“, – აღნიშნავს იგი.

იგი ასევე გვეუბნება, რომ უკრაინელი ნაციონალისტები, მათ შორის სტეპან ბანდერა [რუსეთი უკრაინელ ნაციონალისტებს და კონკრეტულად ბანდერას სდებს ბრალს ნაციზმში], ებრძოდა როგორც კომუნისტურ, ასევე ნაცისტურ რეჟიმს.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ხაზს უსვამს, რომ უკრაინელმა ხალხმა ნაციზმზე გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პუტინის სიტყვებს, თითქოს „ომი რუსმა ხალხმა მოიგო“. ისტორიკოსის შეფასებით, პუტინს „დიდების მიტაცება“ და მისი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენება სურს, რაც უკვე დიდი ხანია კრემლის პროპაგანდის ნაწილია.

ომის დაწყებიდან სამ დღეში ნაციზმის, გენოცოდისა და მეორე მსოფლიო ომის 150-მა მკვლევარმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან „ჯიუიშ ჯორნალში“ [ქართ. ებრაული ჟურნალი] გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ნათქვამია:

„კიევში არ არის ნაცისტური მთავრობა… 2014 წლიდან რუსეთის პროპაგანდა აცხადებს, რომ უკრაინა ნაცისტური და ფაშისტურია. ეს იყო პროპაგანდა 2014-ში და ასეთად რჩება ახლაც“.

და მაინც, როგორ მიმდინარეობს „დენაციფიკაცია“?

„დენაციფიკაციის“ სახელით უკრაინაში ჩადენილი რუსეთის ქმედებები უკვე არაერთხელ შეადარეს ნაცისტური გერმანიის დანაშაულებს. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობისას, არაერთხელ გავრცელდა ცნობები რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაზე თუ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაზე.

გაეროს ცნობით, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შედეგად 3,7 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი გახდა. რუსეთის სამხედრო ძალებმა დაბომბეს ბაბი იარი – სადაც 1941 წელს ნაცისტებმა ათიათასობით ებრაელი, უკრაინელი და ბოშა დახვრიტეს.

„დენაციფიკაციის“ ოპერაციის ფარგლებში რუსი სამხედროები იტაცებენ და დევნიან უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპაციას მხარს არ უჭერენ. განსაკუთრებით კი სამიზნეში თანამდებობის პირები და ჟურნალისტები არიან.

ბექა კობახიძის თქმით:

„რუსეთის ხელისუფლებას სურდა, უკრაინა გაწმენდილიყო იმ ხალხისგან, ვინც არ ეთანხმება თეზისს, თითქოს რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. გაწმენდილიყო იმ ადამიანებისგან, ვინც უკრაინელად მიიჩნევს თავს.

რუსეთი ევროპას [ნაციზმისგან] გადარჩენას ამადლის. კაცობრიობა ანალოგიურად ვალშია უკრაინასთან, ბელარუსთან, თუნდაც საქართველოსთანაც – ცალკე აღებულ რუსეთს მსოფლიო ომი არ მოუგია“.


მასალა მომზადებულია პროექტის – “საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

გარეკანის ფოტო: The Times of Israel

მასალების გადაბეჭდვის წესი