საზოგადოება

ჟურნალისტები, რომლებმაც ცენზურაზე ვისაუბრეთ, საზმაუმ სამსახურიდან გაგვათავისუფლა – დარსალია

29 აპრილი, 2022 • 2612
ჟურნალისტები, რომლებმაც ცენზურაზე ვისაუბრეთ, საზმაუმ სამსახურიდან გაგვათავისუფლა – დარსალია

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები — იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” დარსალიამ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ გათავისუფლების ბრძანებები სამივე მათგანმა 29 აპრილს მიიღო.

იმედა დარსალია გადაცემის “ახალი კვირა” ყოფილი წამყვანია, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე კი — გადაცემაზე მომუშავე ჟურნალისტები. მიმდინარე წლის თებერვალში მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გადაცემისადმი ცენზურის მცდელობებს ჰქონდა ადგილი.

როგორც იმედა დარსალიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, შესაბამის ბრძანებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მათი გათავისუფლების მიზეზებად ასახელებს “ცილისწამებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”, რამაც ზიანი მიაყენა მაუწყებელს.

იყო თუ არა ცენზურა — ჟურნალისტებისა და მენეჯმენტის პოზიცია

ყოველკვირეული გადაცემის “ახალი კვირა” ბოლო ეპიზოდი ეთერში 2021 წლის 26 დეკემბერს გავიდა, გუნდის მიმართ ცენზურის შესაძლო მცდელობების საკითხზე საუბარი კი მიმდინარე წლის თებერვალში, გადაცემის აწ უკვე ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას საჯარო განცხადებების შემდეგ გააქტიურდა.

დარსალიამ თქვა, რომ მიმდინარეობს გადაცემის რეორგანიზაცია, რაც რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა. მისივე ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს უთხრეს, რომ აღარ იქნებოდა “ახალი კვირის” წამყვანი.

დარსალიამ ასევე განაცხადა, რომ მანამდე არხის წარმომადგენელთა მხრიდან იყო “კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა” და არსებობდა ე.წ. შავი სიები, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომელთანაც არხი არ თანამშრომლობდა/არ უთმობდა ეთერს.

დარსალიამ ასევე თქვა, რომ გადაცემას ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა და ცდილობდა, ყველა რგოლთან ემუშავა მის მოსაგვარებლად.

მისი განცხადებით, 2 წლის განმავლობაში “ახალ კვირაში” პოლიტიკა “ოფიციალურად იყო აკრძალული”, თუმცა არხის დირექტორის პოზიციაზე 2020 წელს დანიშნულ თინათინ ბერძენიშვილთან მოლაპარაკებით გადაცემაში  პოლიტიკა და სხვა პრობლემური საკითხები ეთერს დაუბრუნდა.

“ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი “ახალი კვირის” გუნდისთვის”, — აღნიშნა მან.

დარსალიას ამ კომენტარების შემდეგ, არხის გუნდმა ორი განცხადება გაავრცელა.

ორმა ჟურნალისტმა, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა თქვეს, რომ გადაცემაში ნამდვილად იყო “ცენზურის მცდელობის ფაქტები” და იყვნენ “ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტებიც”.

“ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია”, — აღნიშნეს მათ.

ამას მოჰყვა “ახალი კვირის” გუნდის სხვა წევრების განცხადება, რომელთაც თქვეს, რომ გადაცემაში ცენზურა არ არსებობდა. განცხადებას ხელი მოაწერეს პროდიუსერებმა და ჟურნალისტთა ნაწილმა, მათ შორის, თამარ გოგესაშვილმა, თამარ ოდიშარიამ, ნინუცა კახნიაურმა, ბელა ზაქაიძემ, ანა ნოდიამ, ნატა ტაბიძემ, ოთარ გიორგაძემ და ანუკი მასხარაშვილმა.

გადაცემის ზოგიერთი ჟურნალისტის ხელმოწერა ამ ორი განცხადებიდან არცერთზე არ ფიქსირდება.

28 აპრილს “ნეტგაზეთში” გამოქვეყნდა ინტერვიუ გადაცემის ყოფილ ჟურნალისტთან, სოფო მთივლიშვილთან, რომელმაც ასევე ისაუბრა ცენზურის მცდელობებზე მენეჯმენტის მხრიდან.

თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი იმედა დარსალიას განცხადებების შემდეგ ამბობდა, რომ მიმდინარეობს  “მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია” მაუწყებლის წინააღმდეგ.

“ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას”, – ეწერა განცხადებაში.

მენეჯმენტის თქმით, “არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს”.

ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო, წელს მაუწყებელში დაბრუნდა: გასულ კვირას ის საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ სხდომაზე მას ე.წ. შავი სიების არსებობაზეც ჰკითხეს, რის საპასუხოდაც მაღლაფერიძემ თქვა, რომ “ეს არის აბსურდი”.

რა ეტაპზეა მოკვლევა

როგორც ცნობილია, “ახალი კვირის” ყოფილი წამყვანისა და ჟურნალისტთა ნაწილის მიერ ცენზურის მცდელობებთან დაკავშირებით გახმიანებულ განცხადებებზე საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკვლევას ატარებს. პროცესზე დირექტორთა საბჭოა პასუხისმგებელი.

“პირველი” არხის ვებგვერდის თანახმად, საბჭოში შედიან:

  • გიორგი გვიმრაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი;
  • რუსუდან მანჯგალაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი;
  • ნოდარ ჭიჭინაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი;
  • გოჩა ქუმსიაშვილი — საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დირექტორი.

“ნეტგაზეთი” საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს  27 აპრილს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რა ეტაპზეა მოკვლევა და რა ღონისძიებებია გატარებული ამ დრომდე.

“…როგორც კი მიიღებს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილებას, განცხადება დაიდება 1tv.ge-ზე. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენთან არის პროცედურები, რომელთაც მივყვებით და ალბათ უმოკლეს ვადაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული”.

ბერძენიშვილის თქმით, “ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს შეხვედრა, ჯგუფთან, არამხოლოდ… სამეურვეო საბჭოს ნაწილის კომპონენტიც არსებობს და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, პირველი არხი გააკეთებს განცხადებას”.

ცენზურის მცდელობებზე “ახალი კვირის” ყოფილი ჟურნალისტიც საუბრობს: რას ჰყვება ის

მასალების გადაბეჭდვის წესი