ახალი ამბები

“ახალი კვირის” გუნდის ნაწილი გადაცემაში ცენზურის არსებობას უარყოფს

19 თებერვალი, 2022 • 1732
“ახალი კვირის” გუნდის ნაწილი გადაცემაში ცენზურის არსებობას უარყოფს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის “ახალი კვირა” გუნდის ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ცენზურის არსებობას უარყოფს. აღნიშნულს წინ უძღოდა გადაცემის წამყვანის ნათქვამი  არხზე “შავი სიებისა” და ცენზურის მცდელობის არსებობის, რაც შემდგომ ორმა ჟურნალისტმაც დაადასტურა.

“გადაცემა „ახალი კვირა“ ოთხი წელია, პირველი არხის ეთერშია. ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის პრობლემურ და აქტუალურ თემებს ეხებოდა, ჩვენთვის პრიორიტეტი ხალხის პრობლემების ობიექტურად გაშუქება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა.

„ახალი კვირის“ გუნდისთვის ღირსების საკითხია, ობიექტურად და მიუკერძოებლად გავაშუქოთ ნებისმიერი თემა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟები ნათლად მეტყველებს.

გადაცემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ „ახალი კვირის“ გუნდი 2018 წლიდან პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით მუშაობს – დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში.

შესაბამისად, გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ”, — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც “პირველი არხის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტექსტს ხელს აწერენ: თამარ გოგესაშვილი; თამარ ოდიშარია; ნინუცა კახნიაური; ბელა ზაქაიძე; ანა ნოდია; ნატა ტაბიძე; ოთარ გიორგაძე; ანუკი მასხარაშვილი.

გადაცემა „ახალი კვირის“ აწ უკვე ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ 17 თებერვალს თქვა, რომ არხის მმართველების მიერ გადაცემის რეორგანიზაცია რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, გადაცემაზე მუშაობის დროს არხის წარმომადგენლების მხრიდან იყო „კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა“. ასევე, არსებობდა ე.წ. „შავი სიები“, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომლებთანაც არხი არ თანამშრომლობდა.

აღნიშნულს გამოეხმაურა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ორი ჟურნალისტი — თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი — რომელთაც დაადასტურეს დარსალიას განცხადება ცენზურის მცდელობის არსებობის შესახებ.

თავად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ადმინისტრაციამ დარსალიას განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ არხის წინააღმდეგ „მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიმდინარეობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი