საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობს.
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორია და შესაბამისად მას ამ თანამდებობის მეორე ვადით დაკავება სურს. მას 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარია.
თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დღეს, 27 ივლისს, უყარეს კენჭი. ბერძენიშვილის კანდიდატურას მხარი სხდომაზე მყოფმა ბორდის 8 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა ლაშა ტუღუშმა მისცა.
„იმედი მქონდა, რომ სხვებიც შემოიტანდნენ განაცხადს. სამწუხაროდ, ერთი კანდიდატია, რაც არ მეტყველებს კარგად სიტუაციაზე. იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, როდესაც ასეთი მაღალი ხელფასია და ასეთი ნაკლები, ფაქტობრივად, არარსებული ინტერესია, ეს ძალიან ცუდია. ამიტომ, წინასწარ ვამბობ, რომ მე წინააღმდეგ ვაძლევ ხმას ამ და სხვა მიზეზების გამო, რომელზეც შემდეგ ტურში ვისაუბრე“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მეორე ტურში გადასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭოს შემდეგ სხდომაზე თინათინ ბერძენიშვილთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც მას გენერალურ დირექტორად დასამტკიცებლად უყრიან კენჭს.
