საზოგადოება

ვასაჯაროებ საზმაუს ექსპერტების „შავ სიას“ – იმედა დარსალია

25 მარტი, 2022 • 5248
ვასაჯაროებ საზმაუს ექსპერტების „შავ სიას“ – იმედა დარსალია

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია ასახელებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებიც მაუწყებლის „შავ სიაში“ იყვნენ და მენეჯმენტიჟ ურნალისტებს უკრძალავდა რესპონდენტებად მათ ჩაწერას.

იმედა დარსალიამ 25 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სია, რომელსაც დღეს ასახელებს, „ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის“ იყო გაკეთებული.

დარსალიას თანახმად, „შავ სიაში“, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს მოიცავდა, შედიოდნენ:

  • „რონდელის ფონდის ექპსერტების უმრავლესობა,
    • განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, კლასიკური ანალიტიკოსია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი“;
  • ბუკა პეტრიაშვილი, – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
  • თინა ხიდაშელი;
  • ლაშა ბაქრაძე – ისტორიულ სიუჟეტებზე, ძირითადად, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე;
  • ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი, ეკა აკობია;
  • ლელა ჯეჯელავა, კავკასიოლოგი, თსუ-ს პროფესორი, სრულიად არაპარტიული;
  • ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა;
    • ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო“.

იმედა დარსალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ის თემებიც, რაც, მისი თქმით, „დაბლოკილი“ იყო მაუწყებელზე:

  • „უშუალოდ დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში;
  • დაიბლოკა ბელორუსიის აქციები ანალიტიკურ ჭრილში;
    • არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, ლუკაშენკას რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა;
  • ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – „როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე არ უნდა დავწეროთ ცუდი რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის ნაწილი პრორუსია“. ვციტირებ“, – განაცხადა დასრალიამ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს, თუმცა მან მოგვწერა, რომ „აბსურდზე“ კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.


გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ 2022 წლის 17 თებერვალს განაცხადა, რომ მენეჯმენტის მიერ გადაცემის რეორგანიზაცია მის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

მისივე თქმით, გადაცემაზე მუშაობის დროს არხის წარმომადგენლების მხრიდან იყო „კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა“. ასევე, არსებობდა ე.წ. „შავი სიები“, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომლებთანაც არხი არ თანამშრომლობდა.

ამას გამოეხმაურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორი ჟურნალისტი — თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი — რომელთაც დაადასტურეს დარსალიას განცხადება ცენზურის მცდელობის არსებობის შესახებ.

თუმცა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციამ დარსალიას განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ არხის წინააღმდეგ „მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიმდინარეობს”.

მოგვიანებით გამოქვეყნდა გადაცემის გუნდის ნაწილის განცხადება, რომლითაც ისინი ცენზურის არსებობას უარყოფდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი