ახალი ამბები

იყო შავი სიები – საზმაუს ყოფილი წამყვანი

17 თებერვალი, 2022 • 1743
იყო შავი სიები – საზმაუს ყოფილი წამყვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადებით, არხის მმართველების მიერ გადაცემის რეორგანიზაცია რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, გადაცემაზე მუშაობის დროს არხის წარმომადგენლების მხრიდან იყო „კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა“. ასევე, არსებობდა ე.წ. „შავი სიები“, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომლებთანაც არხი არ თანამშრომლობდა.

„გადაცემას ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა. ამას ჟურნალისტები დაგიდასტურებენ.

მე ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი, ტოპ მენეჯმენტიდან დაწყებული, ყველა რგოლთან მემუშავა, რომ პრობლემები მომეგვარებინა. ეს არის კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემა და გამორიცხულია ნებისმიერი თემის დაბლოკვა.

წლების განმავლობაში ვცდილობდი ტოპ მენეჯმენტთან ამ პრობლემების მოგვარებას, მაგრამ საბოლოოდ მივიღე ის, რომ გამიშვეს ეთერიდან და გადაცემას ფორმატი შეუცვალეს.

იყო თემების დაბლოკვის მცდელობები და ჩვენ გუნდი თითქმის ყოველთვის ვახერხებდით, რომ თემები მოგვემზადებინა ობიექტურად და სამართლიანად. იყო შავი სიები, ამას პირველად ვამბობ ახლა, თუმცა არ გავაგრძელებ საუბარს. სასამართლომდე მივალთ ჩვენ და იქ ვილაპარაკებ ყველა დეტალზე.

შავი სიები ნიშნავს, ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა“, – განაცხადა იმედა დარსალიამ „TVპირველთან“ საუბრისას.

მისი განცხადებით ცენზრურა არხის მენეჯმენტის მხრიდან მოდიოდა.

„ეს პრობლემები ერთი პერიოდი მოვაგვარეთ არხის დირექტორის ჩარევით.

ორი წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში, „ახალ კვირაში“ პოლიტიკა ოფიციალურად იყო აკრძალული, თუმცა არხის დირექტორთან მოლაპარაკებით პოლიტიკა და სხვა პრობლემური საკითხები ეთერს დაუბრუნდა, ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი ახალი კვირის გუნდისთვის. მეტნაკლებად გვიწევდა ომი და ბრძოლა თითოებული კრიტიკული თემის ეთერში გასასვლელად.

თათბირზე 28 დეკემბერს გვითხრეს, რომ გადაცემის წამყვანი აღარ ვიქნებოდი და გადაცემის ფორმატი იცვლებოდა. მიზეზი გვითხრეს, რომ გადაცემამ ამ ფორმატით თავი ამოწურა და ახალი ფორმატი იყო საჭირო. მე ვერ გავიგე მიზეზი, რატომ უნდა წავსულიყავი”, – განაცხადა დარსალიამ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს გიორგი გვიმრაძეს, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი