ახალი ამბები

“ეს არის აბსურდი” — მაღლაფერიძე სამზაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე

7 აპრილი, 2022 • 1154
“ეს არის აბსურდი” — მაღლაფერიძე სამზაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც ახლა სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს, აბსურდს უწოდებს ე.წ. შავ სიებს, რომლის შესახებაც ტელეკომპანიის რამდენიმე ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

დღეს, 7 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ სხდომაზე ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით შეკითხვა მაღლაფერიძეს ჟურნალისტური ქარტიის დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა დაუსვა.

“შავ სიებთან” დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ ისაუბრა. მიმდინარე წლის თებერვალში მან თქვა, რომ გადაცემაზე მუშაობის დროს არხის წარმომადგენლების მხრიდან იყო „კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა“. ასევე, არსებობდა ე.წ. „შავი სიები“, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომლებთანაც არხი არ თანამშრომლობდა.

კითხვაზე: “თქვენი არჩევის შემთხვევაში, თუ დასვამთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შავი სიების არსებობის საკითხს და თუ მოიკვლევთ და შეისწავლით?”, მაღლაფერიძემ უპასუხა:

“მინდა გითხრათ, რომ ეს არის აბსურდი. ვინც იცის ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა და სტრუქტურა, ეს არის სრულიად გამორიცხული, ვინმეს უნდა თუ არ უნდა, იმიტომ, რომ ამ ტელევიზიაში მუშაობს 1 200-მდე ადამიანი, არის უამრავი მიმართულება, უამრავი გადაცემა და ყოველდღე მოდის რამდენიმე ათეული სტუმარი. მუშაობს ძალიან ბევრი, რამდენიმე ათეული პროდიუსერი, აქ ლაპარაკი შავ სიებზე, უცებ, რა უნდა იქნას განხილული ყოველგვარი საბუთის გარეშე?

მე შეიძლება განვიხილო ჩემ წინაშე მდგარი ბოთლი და წყალი, რაც არ დევს, შეუძლებელია მისი განხილვა. თუმცა, თუ იქნება რამე წარმოდგენილი, ნებისმიერი რამ, რასაკვირველია, ამას ისედაც განვიხილავთ და მთელი საზოგადოება ჩაერთვება”, – განმარტა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის თქმით, მისი “ინტუიციით, გამოცდილებით და ამ საზოგადოების [საზმაუს თანამშრომლების] ცოდნით”, შავი სიების არსებობა “აბსოლუტურად გამორიცხულია”. მაღლაფერიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი მუშაობს.

ამასთან, მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხები სწორედ სამეურვეო საბჭოს წევრებმა უნდა დასვან თავდაპირველად და ეს იქნება სამეურვეო საბჭოს “კარგი მუშაობა”. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. შავი სიების საკითხს რომელიმე მოქალაქე შეიტანს სამეურვეო საბჭოში, საბჭო ამას განიხილავს.

ამასთან, მაღლაფერიძეს ჰკითხეს 2021 წელს “ქართულ ოცნების” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებაც. კერძოდ, ეს ფაქტი ხომ არ შელახავდა ბორდის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანოს სტატუსს, მისი წევრად არჩევის შემთხვევაში. რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა – “არა მგონია”.

მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნა სულ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია ამ პოზიციის დატოვება. ამასთან, მისი თქმით, იმ პერიოდშივე შეწყვიტა “ქართული ოცნების” პარტიის წევრობაც.

“მე არასდროს დამიმალავს… მაქვს პრეტენზია, რომ სადაც ვმუშაობ, ვარ ობიექტური და ამას [შეხედულებებს] არ გამოვხატავ, მაგრამ, რასაკვირველია, სტერილური ადამიანი არ არსებობს და ამას არასდროს ვმალავ. მე მქონდა პოზიცია და მე გამჭვირვალე ვარ საზოგადოების წინაშე.

ნათელია, სადაც ვიყავი და რასაც ვუჭერდი მხარს პოლიტიკურად. მე მგონია, რომ ჩემ უკან დგას განვლილი პერიოდი და თუნდაც დასკვნები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. ბოლო წლების დასკვნებში გარკვეულწილად ჩემი წვლილიცაა და ეს იქნება ჩემი პასუხი ამაზე [შეკითხვაზე], როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ეს [საზმაუ] არის ყველაზე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტელევიზია”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა ასევე ისაუბრა მასზე, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრზე ზეწოლის შესაძლებლობებზეც. მაღლაფერიძე “პრაქტიკულად” გამორიცხავს, რომ ვინმემ “შეძლოს პოლიტიკური ჩარევა და ზეწოლა”.

“ვერ ვხედავ მე ვერანაირ ბერკეტს, როგორ შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა. ერთ-ერთი ჩემი მოტივაცია, რომ არ მოგატყუოთ, არც იმ ასაკში ვარ, რომ თანამდებობა-კარიერისთვის ვიღწვოდე და ეს მაინტერესებდეს. მე საზოგადოების წინაშე გპირდებით, რომ ეს [ზეწოლა] ნამდვილად არ იქნება და ამის თქმის საფუძველს ჩემი განვლილი ბექგრაუნდიც მაძლევს.

არ მგონია, რომ ჩემზე ზეწოლის ხასიათზე მოვიდეს ვინმე ან გაუვიდეს. ნებისმიერი მხრიდან ვამბობ, სხვათა შორის, სურვილები ხშირად არის ხოლმე ბევრი მხრიდან. ეს არ არის მარტო…”, – თქვა მაღლაფერიძემ და ამ საკითხზე საუბარი შეწყვიტა.

ამასთან, მაღლაფერიძემ ისაუბრა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც. მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზიის ბორდი უნდა გაუქმდეს და უნდა დაემქვემდებაროს “ცენტრალური საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს”.

“არ ვიცი ხოლმე ფერება და საარჩევნო ლაპარაკი, თუმცა თვითონ ორი ბორდის საკითხი მაშფოთებს. კი არ მაშფოთებს, მაგრამ რაღაცნაირად მოუქნელია და ალბათ ეს საკითხიც უნდა გადაიჭრას იმიტომ, რომ ამას თავისი ისტორია აქვს და მერე ხელოვნურად შეიქმნა ეს ორი ბორდი. მე ვფიქრობ, აქაც შეიძლება უფრო რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ეს ძალიან ბევრ ფორმალობებს ააცილებს”, – განმარტა მაღლაფერიძემ თავისი მოსაზება.

ვასილ მაღლაფერიძემ ასევე აღნიშნა, რომ წევრად დამტკიცების შემთხვევაში, განიხილავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი