საზოგადოება

“ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები” – საზმაუწყებლის ჟურნალისტები

18 თებერვალი, 2022 • 2214
“ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები” – საზმაუწყებლის ჟურნალისტები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ადასტურებენ “ახალი კვირის’ წამყვანის, იმედა დარსალიას ნათქვამს არხზე “შავი სიებისა” და ცენზურის მცდელობის არსებობის შესახებ.

“როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ვფიქრობთ, რომ მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე. გუშინ „ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ საჯაროდ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც გადაცემას ჰქონდა. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ახალი კვირის“ შეჩერების ფაქტის ალტ-ინფოს განცხადებებთან რაიმე კავშირს გამოვრიცხავთ და მიგვაჩნია, რომ მედიაში ამ თემის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია. ამის მიუხედავად, გადაცემაში გავიდა არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრა იმედა დარსალიასა და გუნდის დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია არხის ვებ-გვერდზე ნახოს. ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი. ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას”, – ნათქვამია ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადებით, არხის მმართველების მიერ გადაცემის რეორგანიზაცია რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, გადაცემაზე მუშაობის დროს არხის წარმომადგენლების მხრიდან იყო „კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა“. ასევე, არსებობდა ე.წ. „შავი სიები“, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომლებთანაც არხი არ თანამშრომლობდა.

იმედა დარსალიას საპასუხოდ განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივმაა მაუწყებელმა სადაც ნათქვამია, რომ არხის წინააღმდეგ „მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიმდინარეობს”.

ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას – საზმაუს განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი