საზოგადოება

რუსეთში “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი ვერსია დაბლოკეს

12 აპრილი, 2022 • 2460
რუსეთში “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი ვერსია დაბლოკეს

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე “ნეტგაზეთის” რუსული ვერსიის ვებგვერდი დაბლოკეს. აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის გენერალური პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნა “ნეტგაზეთის” მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მომზადებული ერთ-ერთი მასალის გამო. რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის (როსკომნადზორი) გაფრთხილების მიუხედავად, “ნეტგაზეთმა” არ წაშალა ხსენებული მასალა.

“როსკომნადზორის” ვებგვერდზე, იმ საიტების საძიებო რეესტრში, რომლებზეც რუსეთში წვდომა შეზღუდულია, ru.netgazeti.ge უკვე იძებნება. იქვე მითითებულია, რომ  დაბლოკილი ვევბგვერდების “რეესტრში ინტერნეტ საიტის არსებობა საერთოდაც არ ნიშნავს მასზე წვდომის სრულ შეზღუდვას, რადგან წვდომა შეიძლება შემოიფარგლოს “ინტერნეტში” საიტის ცალკეული გვერდით”.

გრაფაში, რომელშიც კონკრეტულ ვებგვერდთან წვდომის შეზღუდვის ფორმა და მასშტაბი უნდა იყოს მითითებული, ნათქვამია, რომ წვდომა შეზღუდულია “ცალკეულ გვერდზე”, რაც შეიძლება გვაფიქრებინებდეს, რომ “როსკომნადზორმა” დაბლოკა არა მთელი საიტი, არამედ ბმული, რომელიც რუს გენერლაზე სტატიას მოიცავს.

თუმცა, რუსეთში ორ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ორი პირისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ვერ ახერხებენ “ნეტგაზეთის”  არა კონკრეტული ბმულის, არამედ მთლიანად რუსულენოვანი ვებგვერდის გახსნას. ამასთან, globalcheck.net-ის მიხედვით, რომელიც კონკრეტულ ვებგვერდებთან წვდომის ხარისხს ზომავს, ru.netgazeti.ge-სთან წვდომა რუსეთში 0%-ით არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეს რესურსი დაბლოკილია.

“ნეტგაზეთის” რუსული ვერსიის მსგავსად, “როსკომნადზორის” რეესტრის მიხედვით, წვდომა შეიზღუდა საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი გამოცემის, accentnews-ის ვებგვერდზეც. “ნეტგაზეთის” მსგავსად, მიმდინარე დღეებში აღნიშნულმა გამოცემამაც მიიღო გაფრთხილება რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლისგან.

რა მოხდა მანამდე

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, “როსკომნადზორმა”, “ნეტგაზეთი” გააფრთხილა, წაეშალა თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება.

საუბარია “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის, ზურაბ მენაღარიშვილის მიერ 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სათაურით “უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი”.

იმავე დღეს მასალა რუსულადაც ითარგმნა და “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია “Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала”(“ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება”).

მასალის გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ, 9 აპრილს, თბილისის დროით 02:01 საათზე, “ნეტგაზეთმა” მიიღო მეილი, რომლითაც “როსკომნადზორმა” ხსენებულ მასალაზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. უწყების მტკიცებით, ის “კანონის დარღვევით” არის გავრცელებული.

“როსკომნადზორის” მეილის თანახმად, ხსენებული შეტყობინება გამოგზავნილი იყო “რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოთხოვნის საფუძველზე, მიღებულ იქნას ზომები მასალაზე წვდომის შეზღუდვის მიზნით”.

მაინც რას გულისხმობს “კანონის დარღვევით გავრცელებული ინფორმაცია” რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ხედვით?

მეილზე თანდართულ დოკუმენტში ასეთად შეფასებულია მასალა, რომელიც შეიცავს “არასანდო” ინფრომაციას რუსეთის არმიის მიერ “განხორციელებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”, მისი ფორმის, საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მეთოდებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაკარგებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა შესახებ.

“სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომს უწოდებს. რუსეთში მოქმედ მედიასაშუალებებს ეკრძალებათ ამ პროცესის “ომად” მოხსენიება.

“როსკომნადზორის” მიერ გამოგზავნილ მეილში ნათქვამი იყო, რომ,  ru.netgazeti.ge-ს 24 საათში უნდა წაეშალა მასალა, რაზეც გამოცემამ უარი თქვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ნეტგაზეთი” რუსეთის სახელმწიფო უწყებების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის მიწურულს საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქმიანობის გამო გაკრიტიკებულია “ნეტგაზეთი” და “ბათუმელები”. ორივე მედიასაშუალება ერთი კომპანიის კუთვნილებაა.

ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ აქ:


რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ უფრო მეტად გააძლიერა დევნა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ.

მარტში მიიღეს კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის” რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება.

უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში როგორც რუსული, ისე დასავლური მედიასაშუალებების ვებგვერდები დაბლოკეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს “ფეისბუკთან” და “ინსტაგრამთან” მიმართებითაც, “ტვიტერზე” კი წვდომა შეიზღუდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მომხმარებლებმა მაინც შეძლონ “ნეტგაზეთის” რუსულენოვან ვებგვერდზე შესვლა, შესაძლებელია შემდეგი VPN სერვისების გამოყენება: 

“როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს მასალა რუს გენერალზე

მასალების გადაბეჭდვის წესი